არჩილ ჩიმაკაძე
არჩილ ჩიმაკაძე (დ. 5 მარტი, 1919, ჭიათურა — გ. 3 სექტემბერი, 1991) — ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1973). საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის (1945 წლიდან) და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის (1953 წლიდან) წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1946 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
1951–1961 წლებში თბილისის II სამუსიკო სასწავლებელში მუსიკის თეორიის საგნებს ასწავლიდა. 1960–1963 წლებში იყო თბილისის I სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი, 1963–1967 წლებში — ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი. 1968 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგია, 1978 წლიდან — საკომპოზიციო კათედრის დოცენტი, 1979 წლიდან კი — პროფესორი. 1972–1976 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს მუსიკალური გადაცემების სამხატვრო ხელმძღვანელი. დაწერილი აქვს: ოთხნაწილიანი კანტატა „ქართლის გული“ (1952, ტექსტი ა. აბულაძის, ამ ჟანრის საუკეთესო ნიმუში ქართულ მუსიკაში), ერთნაწილიანი კანტატები – „ფიცი მშვიდობას“ (1954), „ლენინს“ (1970), „დიდება შენ“ (1971); მუსიკალურ–დრამატული კომპოზიცია „ვეფხისტყაოსანი“ (1962–1966წწ), საგუნდო ნაწარმოებები, სიმღერები (მათ შორის პოპულარულია „ფიროსმანის სიმღერა“), რომანსები; სიმფონიური პოემა „დევლეთი“ (1946), ჰეროიკული მუსიკალური კომედია „მაია წყნეთელი“ (1980, ვ. კანდელაკის პიესის მიხედვით), მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის – შ. რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი („ყვარყვარე თუთაბერი“ - 1958, „ჰამლეტი“ - 1959, „ბახტრიონი“ - 1960, „ფიროსმანი“ - 1961,), კ. მარჯანიშვილი სახელობის დრამატული თეატრი ( „რაიკომის მდივანი“ - 1957, „მედეა“ - 1962, „ორი პოემა“ – „ალუდა ქეთელაური“ და „სტუმარ–მასპინძელი“, 1970, ვაჟა–ფშაველა). პოლიფონიის სახელმძღვანელოს ავტორი (1983).
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1958, 1966 — საპატიო ნიშნის ორდენი
- 1961 — საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე[1]
- 1973 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არჩილ ჩიმაკაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- არჩილ ჩიმაკაძე — ეროვნული ფილმოგრაფია
- არჩილ ჩიმაკაძე კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში