არჩილ რუხაძე
არჩილ გერასიმეს ძე რუხაძე (დ. 1887, ქუტირი, — გ. 3 ოქტომბერი, 1937) — ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მწერალი, ეკონომისტ-სტატისტიკოსი. სტალინური რეპრესიების მსხვერპლი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არჩილ რუხაძე სწავლობდა ხონის საქალაქო სკოლასა და სახელოსნო სასწავლებელში, საიდანაც 1904 წელს, გაფიცვებში მონაწილეობისთვის გამორიცხეს. გიმნაზიის ატესტატისთვის სახლში ემზადებოდა. შემდგომ ისმენდა იურიდიულ ლექციებს დემიდოვის იურიდიულ ლიცეუმში და არქეოლოგიურ ინსტიტუტში.
1904 წელს რსდმპ პარტიაში დაიწყო მუშაობა და 1908 წელს ამ პარტიის წევრობისთვის დააპატიმრეს. სამხედრო სასამართლომ 4 წლით კატორღა და ციმბირში უვადო გადასახლება მიუსაჯა. 1912 წელს, ავადმყოფობის გამო, იაროსლავში დატოვეს, ხოლო 1916 წელს ენისეის გუბერნიაში გაგზავნეს, საიდანაც 1917 წელს რევოლუციის შემდეგ გაათავისუფლეს.
1918 წლიდან თბილისის თვითმმართველობაში საბარათო მაგიდის გამგედ მსახურობდა და შეიმუშავა საბარათო სისტემის და სახლის კომიტეტების გეგმები.
არჩილ რუხაძე 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ მენშევიკებს კომუნისტებთან შესათანხმებლად მოუწოდებდა. იგი აღმასრულებელ კომიტეტში სტატისტიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა და კომისართა საბჭოს წევრად იყო არჩეული.
არჩილ რუხაძე სამწერლო ასპარეზზე 1906 წელს გამოვიდა. თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებთან: „ცის ნამი“, „ცისარტყელა“, „ელვა“, „სახალხო გაზეთი“ და აქვეყნებდა ლექსებსა და მოთხრობებს. გადასახლების დროს რამდენიმე რუსულ გაზეთს რედაქტორობდა.
1917 წლის რევოლუციის შემდეგ თანამშრომლობდა „ერთობასა“ და „Борьба“-ში. მისივე რედაქტორობით გამოდიოდა საქართველოს სახაზინო გზების მუშა-მომსახურეთა გაზეთი „თავისუფალი გზა“. 1919-1920 წლებში არჩილ რუხაძე გახლდათ ჟურნალ „ცისარტყელას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელთაგანი.
1920 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი.
საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ თანამშრომლობდა გაზეთ „კომუნისტსა“ და „Заря Востока“-ში. წერდა პარტიულ, პოლიტიკურ, სტატისტიკურ, საკოოპერაციო და სამრეწველო შინაარსის სტატიებს.
არჩილ რუხაძე არის სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. იგი დააკავეს 1937 წლის 8 აგვისტოს და დახვრიტეს 3 ოქტომბერს.