არშის ციხე
არშის ციხე — ციხესიმაგრე მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშის მახლობლად. მდინარე თერგის ნაპირზე, ციცაბო კლდეზე. ჩრდილოეთ მხარეს დაცვის რთული სისტემით აღჭურვილი კარიბჭეა. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილ ნაგებობათა შორის უძველესია IX-X საუკუნეების უაფსიდო ეკლესია. სათოფურებიანი ციხის გალავანი დაახლოებით XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის დასაწყისისაა. XVIII საუკუნეში ეკუთვნოდა ზურაბ არაგვის ერისთავს. ამ დროს მას ხევის ციხესაც უწოდებდნენ.
წმინდა გიორგის ხატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ციხის ტერიტორიაზე დგას წმინდა გიორგის ხატი. იგი ოთხწახნაგა პრიზმის ფორმის მასიური ნაგებობაა, ნაშენია და გადახურულია ფიქალის დიდი ქვებით. წყობა მშრალია. მთავარი ფასადი ჩრდილოეთითაა. კედელში დიდი ოთხკუთხა თახჩაა ჩატანებული. ნაგებობის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კლდის პირას საზარეა — ქვების ორ გროვაზე რკინის ჯოხია გადებული, რომელზეც დიდი ზარია ჩამოკიდებული.
ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ციხის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთებში დგას IX-X საუკუნეების ეკლესია (9,6x5,2 მ), რომელსაც ჩრდილოეთიდან, მთელ სიგრძეზე, გვიანდელი მინაშენი ეკვროდა. შენობა ნაგებია თლილი ქვით. ქვები ფასადების მხარეს შედარებით უკეთაა დამუშავებული. ეკლესია დაზიანებულია. ჩამონგრეულია სახურავი და კედლის ზედა ნაწილი. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. ეკლესია უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული. სწორკუთხა საკურთხეველი დარბაზისაგან არ არის გამოყოფილი. დარბაზის შუაში შემორჩენილია ქვიშაქვის ოთხწახნაგა ქვასვეტები, რომელიც კუთხეებმომრგვალებული მოზრდილ ქვაზეა დადგმული.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- www.dzeglebi.ge არშის ციხე დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 19540
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 19541