შინაარსზე გადასვლა

არშიანი გალერინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არშიანი გალერინა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Galerína marginata (Batsch) Kühner, (1935)

არშიანი გალერინა[1] (ლათ. Galerina marginata) — გალერინას გვარის სოკო ჰიმენოგასტერისებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკას, აზიას და ავსტრალიას. აგრეთვე დაფიქსირებულია ანტარქტიდაზე.

მომაკვდინებლად შხამიანი სოკოა, რომელიც შეიცავს ადამიანისთვის საშიშ ნივთიერება ამატოქსინს, რომელიც იწვევს ღვიძლის მწვავე დაზიანებას. გამოუცდელ მესოკოვეს იგი შესაძლოა ადვილად აერიოს რამდენიმე საკვებად ვარგის სახეობაში — მანჭკვალა, ზაფხულის მანჭკვალა, გაზაფხულის მანჭკვალა, ზამთრის სოკო და ა.შ. იზრდება ზაფხულიდან შემოდგომამდე ერთეულებად ან დიდ ჯგუფებად დამპალ მერქანზე, უპირატესად წიწვოვან სახეობებზე ან მათთან ახლოს, იშვიათად — ფოთლოვან სახეობებზე.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა ავგუსტ ბაჩმა 1789 წელს როგორც Agaricus marginatus. 1962 წელს ალექსანდერ ჰენჩეტ სმითმა და როლფ ზინგერმა იგი გადაიტანეს გალერინას გვარში. 2001 წლამდე სოკოები Galerina autumnalis, Galerina oregonensis, Galerina unicolor და Galerina venenata განსხვავებული საბინადრო გარემოსა და ქუდის სიბლანტის გამო სხვადასხვა სახეობებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ ფილოგენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი ერთი და იმავე სახეობას წარმოადგენენ.[2]

სოკოს ქუდის დიამეტრი 1.7-დან 4 სმ-მდე მერყეობს, ფერი ყავისფერი ან ყვითელ-ყავისფერია. თავდაპირველად ქუდი ამოზნექილი ან ზოგჯერ კონუსური ფორმისაა, კიდეები შიგნითაა მოხრილი ფირფიტების მიმართ. ზრდასთან ერთად ქუდი უფრო ბრტყელდება და ზოგჯერ შუაში ჩნდება პატარა გამონაზარდი, რომელიც შესაძლოა საგრძნობლად გამოვიდეს ქუდის ზედაპირიდან.

ხუთი ტაქსონის საფუძველზე, რომლებიც ამჟამად Galerina marginata-ს სახეობის ქვეშ არიან გაერთიანებული, ზედაპირის ტექსტურა მნიშვნელოვნად განსხვავდება. სმითისა და ზინგერის მიერ მოცემულია ზედაპირის ტექსტურის შემდეგი აღწერილობები: „ბლანტი“ (G. autumnalis), „მბზინავი და ბლანტიდან სრიალა ნესტიან მდგომარეობაში“ (G. oregonensis), „მბზინავი, სრილადან ოდნავ ბლანტამდე (ჭუჭყის ნაწილაკები ეწებება ზედაპირს) ან უბრალოდ ნესტიანი, ცხიმიანი ვიზუალით, თუმცა აშკარად არაბლანტი“ (G. unicolor) და „ნესტიანი, მაგრამ არაბლანტი“ (G. marginata). ქუდის ზედაპირი გლუვი რჩება და ტენიანობის მიხედვით იცვლის ფერს (ჰიგროფანური). ქუდი — ღია ან მუქ-ჟანგმიწისფერი ან მოწითალო, ხოლო კიდეზე (განსაკუთრებით ახალგაზრდა სოკოს შემთხვევაში) მოყვითალო-ჟანგმიწისფერი, მაგრამ გამომშრალ მდგომარეობაში ფერმკრთალდება, მოყვითალო-ყავისფერი ან უფრო მუქი ხდება. ნესტიან მდგომარეობაში ქუდი გამჭვირვალე ხდება, ისე რომ ფირფიტების კონტურები ზოლებად მოჩანს. რბილობი ღია მოყავისფრო-ჟანგმიწისფრიდან თითქმის თეთრამდეა, თხელი და ელასტიური, ფქვილის მსგავსი სუნითა და გემოთი.

რბილობი — მკრთალ-მოყავისფრო-ჟანგმიწისფერი თითქმის თეთრამდე, ფქვილის მსგავსი სუნითა და გემოთი.[3]

ფირფიტები, როგორც წესი — ვიწრო და მჭიდროდ განლაგებული. ფეხთან ფართოდ შეზრდილი ან თითქმის დაღმავალი მიმაგრებით და ამოზნექილი კიდეებით. ნორჩობაში მკრთალ-ყავისფერია, ხოლო მომწიფებისას მოწითალო-ყავისფერი ხდება. ზოგიერთი მოკლე ფირფიტები, არ ფარავენ მთელ სიგრძეს ქუდის კიდიდან ფეხამდე და გრძელ ფირფიტებს შორის არიან მოთავსებული.

ფეხის სიგრძე 2-დან 8 სმ-მდე მერყეობს, სისქე — 3-9 მმ, თანაბარი ან ოდნავ ქვემოთაა გასქელებული. როგორც წესი, ნორჩ ეგზემპლარებში შეიმჩნევა ნათლად გამოხატული მემბრანული რგოლი (საყელო), რომელიც ხშირად ასაკთან ერთად ქვრება. მისი ფერი თავდაპირველად მოთეთრო ან ღია ყავისფერია, მაგრამ მომწიფებულ ეგზემპლარებში, ჩვეულებრივ, მუქი ჟანგისფერ-ყავისფერი ჩანს. რგოლის ზემოთ, ფეხის ზედაპირს აქვს ძალიან წვრილი მოთეთრო ფხვნილი; რგოლის ქვემოთ ის ყავისფერია, მაგრამ რაც უფრო უახლოვდება ძირს, ფერი მოწითალო-ყავისფერი ხდება, საბოლოოდ კი შეიძლება გადავიდეს ძალიან მუქ-ყავისფერ ელფერში.

სპორების მტვერი — ყავისფერ-ჟანგმიწისფერი. სპორები — 8–10x5–6,5 მკმ, ღია ყავისფერი, კვერცხისებრი ან ელიფსისებრი, თხილის ფორმის, სქელი, მეჭეჭებიანი, ნაოჭიანი მემბრანით.

ძლიერ შხამიანო სოკოა, შეიცავს ადამიანისთვის საშიშ ნივთიერება ამატოქსინს, რომელიც იწვევს ღვიძლის მწვავე დაზიანებას, რასაც თან სდევს ღებინება, დიარეა, ჰიპოთერმია და საბოლოოდ, დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში ადამიანის გარდაცვალებაც კი. ამატოქსინები არის ორგანული ნაერთების ჯგუფი წარმოადგენს ციკლურ პეპტიდებს (ოქტაპეპტიდებს), რომელიც შედგება რვა ნარჩენისგან. ეს ნაერთები პასუხისმგებელია ადამიანებში სოკოთი ფატალური მოწამვლების 90%-ზე მეტზე. ტოქსინი ბუნებრივად გროვდება ღვიძლის უჯრედებში, ხოლო ამის შედეგად გამოწვეული მეტაბოლიზმის დარღვევა იწვევს ამატოქსინებით გამოწვეულ ღვიძლის მძიმე დისფუნქციას. ამატოქსინები აგრეთვე იწვევს თირკმლის უკმარისობას; როდესაც თირკმელი შხამის გაფილტვრას ცდილობს, ის აზიანებს მილაკოვან სტრუქტურებს (დახვეულ მილაკებს), რის შემდეგაც ტოქსინი ხელახლა შედის სისხლში და აგრძელებს დაზიანებას.

სოკოს მოხმარების შემდეგ პირველადი სიმპტომები მოიცავს მუცლის ძლიერ ტკივილს, ღებინებას და დიარეას, რაც შეიძლება გაგრძელდეს ექვსიდან ცხრა საათის განმავლობაში. აღნიშნული სიმპტომების გარდა, ტოქსინები მძიმე ზიანს აყენებს ღვიძლს, რის შედეგადაც ვითარდება კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, კომა, თირკმლის უკმარისობა, და ბოლოს სიკვდილი, როგორც წესი, მოხმარებიდან შვიდი დღის განმავლობაში.[4] სხვადასხვა კვლევებმა აჩვენეს, არშიანი გალერინა შეიცავს ამატოქსინებს: α-ამანიტინსა და γ-ამანიტინს.

გამოუცდელ მესოკოვეს იგი შესაძლოა ადვილად აერიოს რამდენიმე საკვებად ვარგის სახეობაში — მანჭკვალა, ზაფხულის მანჭკვალა,[5] გაზაფხულის მანჭკვალა, ზამთრის სოკო[6] და ა.შ.

გავრცელება და ეკოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს: ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკას, იაპონიას, ირანს,[7] კონტინენტურ აზიასა და კავკასიას,[3][8][9] მათ შორის საქართველოს,[1] აგრეთვე დაფიქსირებულია ავსტრალიასა[10] და ანტარქტიდაში.[11] ჩრდილოეთ ამერიკაში იგი აღმოჩენილია ჩრდილოეთით, კანადის უკიდურეს ჩრდილოეთ ბორეალურ ტყეებსა და ლაბრადორის სუბარქტიკულ და არქტიკულ ზონებამდე,[12] და სამხრეთით, მექსიკის ხალისკოს შტატამდე.[13]

არშიანი გალერინა არის საპრობული სოკო,[14] რაც ნიშნავს, რომ იგი საკვებ ნივთიერებებს ორგანული მასალის დაშლის გზით იღებს. ცნობილია, რომ მას გააჩნია გამოყოფილი ფერმენტების თითქმის ყველა ძირითადი კლასი, რომლებიც მცენარის უჯრედის კედლის პოლისაქარიდებს შლიან. არშიანი გალერინა იზრდება ზაფხულიდან შემოდგომამდე ერთეულებად ან დიდ ჯგუფებად დამპალ მერქანზე, უპირატესად წიწვოვან სახეობებზე ან მათთან ახლოს, იშვიათად — ფოთლოვან სახეობებზე.[2][15] ზოგჯერ იზრდება ხის მიწისქვეშა ნაწილებზე, და ამგვარად, მოსჩანს ისე, თითქოს ნიადაგზე იზრდებაო.[16]

სამეცნიერო სინონიმები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Agaricus marginatus Batsch (1789)
  • Agaricus unicolor Vahl (1792)
  • Agaricus autumnalis Peck (1872)
  • Pholiota marginata (Batsch) Quél. (1872)
  • Pholiota discolor Peck (1873)
  • Galerina unicolor (Vahl) Singer (1936)
  • Galerina venenata (Vahl) Singer (1953)
  • Galerina autumnalis (Peck) A.H.Sm. & Singer (1964)
  • Galerina oregonensis A.H.Sm. (1964)
  • ჯორჯაძე ია, საქართველოს სოკოები : საველე გზამკვლევი, თბ.: CENN, 2022.  გვ. 178, ISBN 978-9941-8-4547-5.
  • Evenson VS. Mushrooms of Colorado and the Southern Rocky Mountains (англ.). — Westcliffe Publishers, 1997. — P. 25—26. — ISBN 978-1-56579-192-3.
  • Smith A. H., Singer R. A Monograph of the Genus Galerina (неопр.). — New York: Hafner Publishing Co, 1964.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 ჯორჯაძე ია, საქართველოს სოკოები : საველე გზამკვლევი, თბ.: CENN, 2022.  გვ. 178, ISBN 978-9941-8-4547-5.
  2. 1 2 Gulden G., Dunham S., Stockman J. (2001). „DNA studies in the Galerina marginata complex“ (ინგლისური). 105 (4). Elsevier: 432–40. doi:10.1017/S0953756201003707. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  3. 1 2 Smith and Singer, 1964, pp. 259–62.
  4. Russell AB. Galerina autumnalis. Poisonous Plants of North Carolina. Department of Horticultural Science, North Carolina State University. ციტირების თარიღი: 2010-02-19[მკვდარი ბმული]
  5. Enjalbert F, Cassacas G, Rapior S, Renault C, Chaumont JP (2004). „Amatoxins in wood-rotting Galerina marginata. Mycologia. 96 (4): 720–9. doi:10.2307/3762106. JSTOR 3762106. PMID 21148893.
  6. (1993) A Guide to Kansas Mushrooms. Lawrence, Kansas: University Press of Kansas, გვ. 130. ISBN 0-7006-0571-1. 
  7. Asef Shayan M. R. قارچهای سمی ایران (Qarch-ha-ye Sammi-ye Iran, ირანის შხამიანი სოკოები) (პერს.). — 2010. — P. 214. — ISBN 978-964-2725-29-8.
  8. Gulden G, Vesterholt J (1999). „The genera Galerina and Phaeogalera (Basidiomycetes, Agaricales) on the Faroe Islands“. Nordic Journal of Botany. 19 (6): 685–706. doi:10.1111/j.1756-1051.1999.tb00679.x.
  9. (1987) 日本のきのこ. Tokyo, Japan: Yamakey. ISBN 4-635-09020-5. 
  10. Midgley DJ, Saleeba JA, Stewart MI, Simpson AE, McGee PA (2007). „Molecular diversity of soil basidiomycete communities in northern-central New South Wales, Australia“. Mycological Research. 111 (3): 370–8. doi:10.1016/j.mycres.2007.01.011. PMID 17360169.
  11. Bertazzo-Silva, Fernando Augusto; Putzke, Jair; Furlan-Lopes, Cassiane; d'Ávila, Maricia; Costa, Alice; Carvalho, Evelise; Zorzi, Ana; Schaefer, Carlos (2024-01-01). "Expanding geographic distribution knowledge of Galerina marginata (Batsch) Kühner (Agaricales, Hymenogastraceae) with a novel Antarctic record". Biodiversity Data Journal. 12 e125727. doi:10.3897/BDJ.12.e125727. ISSN 1314-2836. PMC 11214013. PMID 38948134.
  12. Noordeloos ME, Gulden G (1992). „Studies in the genus Galerina from the Shefferville area on the Quebec-Labrador peninsula, Canada“. Persoonia. 14 (4): 625–39.
  13. Vargas O. (1993). „Observations on some little known macrofungi from Jalisco (Mexico)“. Mycotaxon. 49: 437–47.
  14. Kuo M. (August 2004) Galerina marginata ("Galerina autumnalis"). MushroomExpert.Com. ციტირების თარიღი: 2010-03-01
  15. Andary C, Privat G, Enjalbert F, Mandrou B (1979). „Teneur comparative en amanitines de différentes Agaricales toxiques d'Europe“ [Comparative content in amanitins of different European toxic Agaricales]. Documents Mycologiques (ფრანგული). 10 (37–38): 61–8.
  16. Ammirati J. F., McKenny M., Stuntz D. E. The New Savory Wild Mushroom. — University of Washington Press, 1987. — P. 122, 128—29. — ISBN 0-295-96480-4.