შინაარსზე გადასვლა

არქსი (რომაული)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძვ. წ. 753 წლის რომი, არქსის მდებარეობა.

არქსი (ლათ. Arx) — ლათინური სიტყვა, რომელიც ნიშნავს „ციტადელს“. ძველ რომში არქსი მდებარეობდა კაპიტოლიუმის ბორცვის ჩრდილოეთ კიდეზე და ზოგჯერ მოიხსენიება როგორც არქს კაპიტოლინა (Arx Capitolina).

რომში ტრადიციულად სადარაჯო პოსტები განლაგებული იყო არქსზე, რათა ეთვალთვალათ იანიკულუმის ბორცვზე გამოჩენილი სიგნალებისთვის. მტრის მოახლოების შემთხვევაში[1] აღიმართებოდა წითელი დროშა[2] და ჩაიბერებოდა საყვირი [3] . არქსი რეგულარულად არ იყო გარნიზონით დაკავებული და არ განიხილებოდა როგორც „ციხესიმაგრე“. თუმცა, რომის გალური ალყის დროს (ძვ. წ. 387), არქსი მიიჩნეოდა უკანასკნელ თავშესაფრის ადგილად, რომლის დაპყრობაც ქალაქის დაპყრობის ტოლფასი იყო. მას გააჩნდა სიმბოლური ძალა, რომელიც სცდებოდა მის მნიშვნელობას სამხედრო სტრატეგიაში, და იყო ცენტრალური ადგილი არქაულ რომაულ რელიგიაში.

სამეფო პერიოდის დროს, ელიტის ზოგიერთ წარმომადგენელს ნებადართული ჰქონდა არქსზე ცხოვრება, მათ შორის ლეგენდარულ საბინელ ლიდერს ტიტუს ტაციუსს. ძვ. წ. 384 წლის შემდეგ, სენატმა აკრძალა ყველა კერძო საცხოვრებელი კაპიტოლიუმის ბორცვზე, არქსის ჩათვლით. მარკუს მანლიუს კაპიტოლინუსის სახლი, რომელიც იყო პლებსის ჩემპიონი, ამ დროს დაანგრიეს და მოგვიანებით გახდა იუნონა მონეტას ტაძრის აშენების ადგილი.

ჰაინრიხ კიპერტის რუკაზე მითითებული არქსი

არქსზე მდებარეობდა ავგურაკულუმი, ღია სივრცე, სადაც ავგურები ატარებდნენ რიტუალებს, რომლებიც განსაზღვრავდა, მოიწონებდნენ თუ არა ღმერთები ნებისმიერ მიმდინარე წამოწყებას, საჯარო საქმეს თუ სამხედრო ქმედებას. ეს აუგურაკულუმი იყო ქვა, სადაც რომის სამეფოს დროს არჩეული მონარქი აუგურების მიერ სახით სამხრეთისკენ იყო დასმული.[4]

არქსზე მთავარი ტაძრები მოიცავდა იუნონა მონეტას ტაძარს (დაარსდა ძვ. წ. 344), სადაც ზარაფხანა მდებარეობდა; კონკორდიას (ძვ. წ. 217); ღირსებისა და სათნოების ტაძარს.[5] და ვედიოვისის ტაძარს. ხოლო იუპიტერი იყო არქსის ღმერთი.[6]

რომაელები სხვა ქალაქების ციტადელსაც მოიხსენიებდნენ როგორც არქსს. გათხრებმა კოსაში და ტოსკანაში, რომლებიც ჩატარდა 1948-54 და 1965-72 წლებში, გამოავლინეს დასახლების არქსი. ფრენკ ე. ბრაუნმა და მისმა გუნდმა საფუძვლიანად შეისწავლა ტერიტორია, სადაც 1948 წელს დაიწყეს კოსას გათხრები. ციტადელი იყო გამაგრებული ბორცვი, რომელზეც აშენებული იყო რამდენიმე ტაძარი, მათ შორის ე.წ. კოსას „კაპიტოლიუმი“.

ლავინიუმში, რომის სამხრეთით, კასტელო ბორგე ითვლება რომაული ხანის არქსის შესაძლო მდებარეობად, რომელიც პორტის ქალაქში იყო აგებული.

ლონდინიუმის არქსი მდებარეობდა დღევანდელი ლონდონის სიტის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, კრიპლგეიტის სამხრეთით. იგი დაახლოებით 120 წელს აიგო და დაიშალა დიოკლეტიანეს მეფობის ხანაში (დაახლ. III-IV საუკუნეების მიჯნაზე).

  1. Cassius Dio 37.28.
  2. Livy 4.18.6 and 39.15.11; Festus 103; Macrobius 1.16.15; Servius, note to Aeneid 8.1.
  3. Varro 6.92.
  4. William Ramsay, "An Elementary Manual of Roman Antiquities", (Griffin, 1859, from Harvard University), p. 64.
  5. This was the Aedes Honoris et Virtutis built by Gaius Marius, to be distinguished from the Temple of Honor and Virtue near the Porta Capena.
  6. Jerzy Linderski, "The Augural Law", Aufstieg und Niedergang der römischen Welt II.16 (1986), p. 2226, note 312, and 2291.