არქელაე (მხედართმთავარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არქელაე.

არქელაე (ბერძ. Άρχέλαος) — პონტოს მეფის მითრიდატე VI ევპატორის მხედართმთავარი (ძვ. წ. II-I საუკუნეები). წარმოშობით კაპადოკიელი. მითრიდატეს პირველი ომის დროს წარმატებით ებრძოდა რომაელებს და ხელთ იგდო საბერძნეთის მნიშვნელოვანი ნაწილი ათენისა და პირეოსის ჩათვლით, მაგრამ რომის მხედართმთავარმა სულამ დაამარცხა ჯერ ქერონეასთან (ბეოტიაში) ძვ. წ. 86 წელს, შემდეგ – ორქომენოსთან 85 წელს. მითრიდატეს დავალებით, არქელაემ სულასთან მოლაპარაკებით მოამზადა დარდანოსის ზავი (მითრიდატეს სასარგებლო), რომელიც დაიდო 84 წელს, შემდგომში მითრიდატეს ეჭვი შეუტანია არქელაეს ერთგულებაში. არქელაე სამშობლოდან გაიქცა 81 წელს, რომაელთა მხარეზე გადავიდა და სამხედრო ხასიათის რჩევითა და ინფორმაციით ხელი შეუწყო რომაელთა წარმატებას, რისთვისაც რომაელებმა მიანიჭეს „რომაელი ხალხის მეგობრისა და მოკავშირის“ ტიტული. „არქელაე“ კაპადოკიის მეფეთა და წარჩინებულთა ტრადიციული სახელი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოზალიშვილი გ., მითრიდატე პონტოელი, თბ., 1965;
  • სანიკიძე ლ., პონტოს სამეფო, თბ., 1956;