არქაბის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არქაბის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თურქეთში, დაბა არხავეს დასახლების აღმოსავლეთ ნაწილში.

ეკლესიიდან შესანიშნავად მოჩანს უზარმაზარი სივრცე ოთხივე მხრივ. ზემოდან დაჰყურებს არხავეს მთლიან დასახლებას, მდინარის ორივე მხარის გაყოლებით არსებულ სოფლებს, ქალაქ ხოფას და მის შემოგარენს, მთის კალთებზე შეფენილ სოფლებს არხავეს ციხემდე. ადგილობრივი მოსახლეობა „რაკანას“ უწოდებს. ეკლესიის ქვემოთ, კლდოვან ქანში გაჭრილია შავი ზღვისპირა ცენტრალური ტრასისათვის განკუთვნილი გვირაბი.

ეკლესია მიმართულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. გადახრა 5 გრადუსი, სამხრეთის მიმართულებით. ძეგლი სავარაუდოდ წარმოადგენს დარბაზული ტიპის, შვერილაბსიდიან ეკლესიას. სამწუხაროდ, აბსიდის კონტური, არც შიდა და არც გარე მხრიდან არ იკითხება მძლავრი მცენარეული საფარის გამო. სამხრეთიდან, ამჟამად მხოლოდ ორი სარკმელი ჩანს ადრეული პერიოდისათვის დამახასიათებელი სარკმლის პარალელური კედლებით. სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეში შემორჩენილია თაღოვანი კარის დასავლეთი მხარე, კარის თაღი პლინტუსებითაა ნაგები დუღაბზე. კარის პილონების სისქე 60 სანტიმეტრია, ხოლო კედლების სისქე 80 სანტიმეტრს უახლოვდება. ნაგებობას კარი დასავლეთის მხრიდანაც უნდა ჰქონოდა ცენტრალურ არეში, რომლის ზომებიც ახლა ვეღარ დგინდება. შიდა სივრცის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში დაფიქსირდა რომაული ბეტონის ფრაგმენტი, რომელშიც ბიზანტიური ხანის ამფორათა ოთხი ეგზემპლარი ტანის ქვედა ნაწილია ჩართული. ჩვეულებრივ, ასეთი დეტალები კამარისათვის იქმნებოდა. კერამიკული ჭურჭელი კამარათა დატვირთვას ანეიტრალებდა. შიდა სივრცეშივე აღმოჩნდა გვერდებაკეცილი, დაბალბორტიანი კრამიტის ფრაგმენტები. მათი სრული ზომები ვერ დაფიქსირდა, რასაც შეეძლო ზუსტად მიენიშნებინა ძეგლის თარიღზე. კედლები ძირითადად ნაგებია რიყის ქვით, დუღაბის გამოყენებით. სამხრეთ ფასადზე შეიმჩნევა, რომ ვერტიკალური კედლის მასა ამოყვანილია ყალიბით. სამხრეთის, შემორჩენილი თაღოვანი კარის თაღის ქუსლის მიხედვით ისე ჩანს, რომ თითქოს ტენდენციას ავლენს ნალისებურობისაკენ. შიდა სივრცეში იატაკის დონე ვერ ფიქსირდება. კარის თაღის ქუსლი მიწის დონიდან 1,30 სანტიმეტრზე დასტურდება.

სარკმლის სიმაღლე — 85 სანტიმეტრია, სიგანე კი 55 სანტიმეტრი. იატაკის დონის დაუზუსტებლობის გამო მისი სრული ზომების განსაზღვრაც ვერ ხერხდება. ამ ნაგებობას, რაიმე სერიოზული გადაკეთების კვალი არ ეტყობა. წინასწარი მონაცემებით მიგვანიშნებს, რომ ძეგლის თარიღი VI საუკუნით უნდა განისაზღვროს. ძეგლის გარე მასების სავარაუდო ზომებია: სიგრძე — 11,50 მეტრი,სიგანე — 7,10 მეტრი. დასავლეთი კედელის ცენტრალური არის უკიდურეს სიღრმეში კარის ღიობიც იკითხება. იგი 95 სანტიმეტრი სიგანისაა. სამხრეთის კედელი დღეისათვის 4 მეტრ სიმაღლეზეა შემორჩენილი. შიდა მხრიდან სარკმლის ღიობის მოჩარჩოება არ იკითხება, ხოლო გარე მხრიდან იგი წარმოადგენს სიმაღლეში ოდნავ შევიწროვებულ ღიობს. მისი სიმაღლეა — 70 სანტიმეტრი, ქვედა ნაწილის სიგანე — 18 სანტიმეტრი. აგრაფად რიყის ქვაა გამოყენებული. ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ არეში ერთი სარკმელიც ფიქსირდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 55-56 ISBN 978-9941-0-6458-6.