შინაარსზე გადასვლა

არტური (კონაქტის ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არტური
სრული სახელი
არტურ უილიამ პატრიკ ალბერტი
წოდებები
კონაქტისა და სტრეთერნის ჰერცოგი
კანადის გენერალ-გუბერნატორი
დაიბადა 1 მაისი, 1850
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
გარდაიცვალა 16 იანვარი, 1942, (91 წლის)
სარი, დიდი ბრიტანეთი
საგვარეულო საქსენ-კობურგ-გოთელები
მეუღლე(ები) ლუიზა მარგარეტ პრუსიელი
(ქ. 1879 - გარდ. 1917)
შვილ(ებ)ი მარგარეტი, შვედეთის კრონპრინცესა
არტური, სამხრეთ აფრიკის გენერალ-გუბერნატორი
პატრიცია
მამა ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელი
დედა ვიქტორია, დიდი ბრიტანეთის დედოფალი
რელიგია ანგლიკანიზმი

პრინცი არტური (ინგლ. Prince Arthur; დ. 1 მაისი, 1850, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი — გ. 16 იანვარი, 1942, სარი, დიდი ბრიტანეთი) — საქსენ-კობურგის და გოთას დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიასა და ალბერტის საქსენ-კობურგ-გოთელის შუათანა ვაჟი. ბრიტანული არმიის ლეიტენანტი, კონაქტისა და სტრეთერნის ჰერცოგი, კანადის გენერა-გუბერნატორი.

დედოფალი ვიქტორია ახლადშობილ არტურთან ერთად

პრინცი არტური დაიბადა 1850 წლის 1 მაისს ბუკინგემის სასახლეში, ლონდონში. იგი იყო დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალ ვიქტორიასა და მისი მეუღლის, პრინც ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელის მეშვიდე შვილი და მესამე ვაჟი. იგი იმავე წლის 22 ივნისს მონათლა კენტერბერის ეპისკოპოსმა. მისი ნათლიები იყვნენ: გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ I, პრინცესა იდა საქსენ-მაინინგენელი და ველინგტონის ჰერცოგი არტურ უელსლი, რომლის დაბადების დღესაც დაიბადა იგი, რის გამოც პატარა პრინცს მის პატივსაცემად დაარქვეს სახელი. უფროსი ძმების მსგავსად არტურმა კარგი განათლება მიიღო კერძო მასწავლებლებისაგან, პარალელურად კი სამხედრო წვრთნებს გადიოდა. ხშირად მას დედოფალ ვიქტორიას საყვარელ შვილადაც ასახელებენ.

16 წლის ასაკში პრინცმა არტურმა დაასრულა სამხედრო სკოლა და ოფიცრად მსახურობის შემდეგ მიიღო ბრიტანული არმიის ლეიტენანტის ჩინიც, რა თანამდებობაზეც იგი შემდეგი 40 წლის განმავლობაში მსახურობდა. ამ პერიოდში მას მიენიჭა კონაქტისა და სტრეთერნის ჰერცოგობა და სასექსის ერლობა. 1911 წელს მისმა ძმისწულმა, მეფე ჯორჯ V-მ პრინცი არტური კანადის გენერალ-გუბერნატორად დანიშნა, რაც მეფისნაცვლის თანამდებობის ეკვივალენტი იყო. ამის შემდეგ არტური ოჯახთან ერთად ოტავაში, კანადაში გადასახლდა, სადაც 1916 წლამდე დარჩა, რის შემდეგაც იგი თანამდებობიდან მოხსნეს და მის ნაცვლად დევონშირის ჰერცოგი დანიშნეს. ვინაიდან კანადაში მის მმართველობას დაემთხვა პირველი მსოფლიო ომი, პრინცი არტური კანადაში მსახურობდა მეფისა და მთავარსარდლის უფლებამოსილებებით. ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ არტურმა განაგრძო თავისი სამეფო მოვალეობების შესრულება.

ქორწინება და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პრინცი არტური ცოლთან და შვილებთან ერთად 1893 წელს

თავდაპირველად განიხილებოდა პრინცი არტურისა და დანიის პრინცესა ტირას დაქორწინების საკითხი, თუმცა ტირას დედამ, დედოფალმა ლუიზამ მოლაპარაკებები ჩაშალა, რადგან მას არ სურდა თავისი ქალიშვილის მონარქის უმცროს ვაჟზე მითხოვება. ამის გამო 1879 წლის 13 მარტს უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამლოცველოში არტურმა ცოლად შეირთო პრინცესა ლუიზა მარგარეტ პრუსიელი, რომელიც იყო პრინც ფრიდრიხ კარლისა და პრინცესა მარია ანა ანჰალტ-დესაუელის ქალიშვილი. ლუიზა მარგარეტი იყო იმპერატორ ვილჰელმ I-ის ძმის შვილიშვილი და პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III-ის შვილთაშვილი.

არტურსა და ლუიზა მარგარეტს სულ სამი შვილი შეეძინათ. უფროსი ქალიშვილის სარფიანი ქორწინებით იგი შვედეთის მეფეთა წინაპარი გახდა, თუმცაღა არტური მოესწრო ორი შვილის გარდაცვალებას. 1917 წელს გარდაიცვალა მისი მეუღლეც.

თავად არტური 1942 წლის 16 იანვარს გარდაიცვალა სარიში, 91 წლის ასაკში. დაკრძალეს სამეფო აკლდამაში, ცოლის გვერდით.

  • მარგარეტი (1882-1920), ცოლად გაჰყვა შვედეთის კრონპრინც გუსტავ ადოლფს (შემდეგში მეფე გუსტავ VI), რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი, მათ შორის კრონპრინცი გუსტავ ადოლფი და დანიის დედოფალი ინგრიდი;
  • არტური (1883-1938), სამხრეთ აფრიკის გენერალ-გუბერნატორი. ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, ფაიფის ჰერცოგინია ალექსანდრა დაფი, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი;
  • პატრიცია (1886-1974), ცოლად გაჰყვა სერ ალექსანდერ რამზის, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი.
  • Cox, Martin. "Union-Castle Line – A brief Company History". Maritime Matters. Archived from the original on 17 September 2008. Retrieved 28 September 2008.
  • King, Greg (2007). Twilight of Splendor: The Court of Queen Victoria During Her Diamond Jubilee. Hoboken: John Wiley & Sons. p. 59. ISBN 978-0-470-04439-1.
  • Bousfield, Arthur; Toffoli, Gary (2010). Home to Canada: Royal Tours 1786–2010. Tonawanda: Dundurn Press. p. 80. ISBN 978-1-55488-800-9.
  • Erickson, Carolly (15 January 2002). Her Little Majesty: The Life of Queen Victoria. New York: Simon & Schuster. ISBN 978-0-7432-3657-7.
  • "History – Past Royal Connections". Cape Town Highlanders Website (Unofficial). Archived from the original on 8 October 2007. Retrieved 28 August 2008.
  • Hubbard, R.H. (1977). Rideau Hall. Montreal and London: McGill-Queen's University Press. pp. 8–9. ISBN 978-0-7735-0310-6.
  • Louda, Jiří; Maclagan, Michael (1999). Lines of Succession: Heraldry of the Royal Families of Europe. London: Little, Brown. p. 34. ISBN 1-85605-469-1.
  • Jane Shuter, Rosemary Rees, William Beinart, Edward Teversham, Rick Rogers (2015). Searching for rights and freedoms in the 20th century. London: Pearson Education Limited. p. 196. ISBN 978-1-447-98533-4.