არმაზელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

არმაზელი[1][2][3][4][5], ამაზაერ[6], არმაზაერი[7] (გ. 103) — მცხეთის იბერიის მესამე მეფე ორმეფობის პერიოდში, მის ბიძაშვილთან, არმაზის იბერიის მეფე აზორკთან ერთად, 87103 წლებში. პავლე ინგოროყვას „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სიის“[8] მიხედვით: არმაზაერი თანა-მეფეა (არმაზელი პიტიახში) მცხეთის იბერიის მეფე ხსე-ფარნუგის (ფარნუკ I = ხსე-ფარნუგი).

მეფობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

«XVII-ბ. არმაზაერი — „ამიერი“ თანა-მეფე — არმაზელი პიტიახში.

სერაფიტის სტელის წარწერაში, როგორც აღნიშნული გვქონდა, მოხსენებული არაა, თუ ვინ იყო სრულიად იბერიის მეფის ხსე-ფარნუგის დროს არმაზელ პიტიახშად. ხოლო ქართულ მატიანეებში სრულიად იბერიის მეფის (=„ამიერი“ მეფის) ფარნუკის=ხსე-ფარნუგის დროს დასახელებულია ფარნუკის თანამმართველი — „ამიერი“ თანა-მეფე, სახელწოდებით: არმაზაერი, — არმაზელი.

რაკი სხვა „ამიერი“ თანა-მეფენი — ბარცომი და კაოსი (კაოს პუბლიკი აგრიპა) ყოფილან, როგორც გმოირკვა, არმაზელი პიტიახშები, ამის მიხედვით ეს მესამე პირიც არმაზელ პიტიახშად უნდა ვცნოთ. და რომ ეს ასეა, ამის მაჩვენებელია თვით სახელწოდება (ზედწოდება) ამ მესამე პირისა არმაზაერი, — არმაზელი, რამდენადაც პიტიახშთა რეზიდენცია არმაზი იყო.[9]»

ვიკიციტატა
13. მეფეები არმაზელი და აზორკი. 16 წელი იმეფეს
გამეფდნენ: მცხეთაში – კაოსის ძე არმაზელი და არმაზში – ფარსმანის ძე აზორკი. ესენი იყვნენ მამაცი და მარჯვე მეომრები. გადაწყვიტეს ქართლის საზღვრის აღდგენა და მოიყვანეს ოსეთის მეფე ორი ძმა – ბაზუკი და ამბაზუკი ლაშქრითურთ და ასევე ლეკები. შევიდნენ და აიკლეს სომხეთი ისე, რომ თავად არ დაზიანებულან. გამოიარეს მტკვარი და შევიდნენ კამბეჩოვანში. ხოლო ამ ამბის შემტყობი სუმბატ ბივრიტიანი უკან გამოუდგათ მცირე ლაშქრითურთ და აცნობა მეფეებს, რომ უკან დაებრუნებინათ ტყვეები, ნადავლი თქვენი იყოს და უკან გავბრუნდებიო. ხოლო ჩრდილოელებმა მიუგეს: „შენ გეძებდით და ვერ გიპოვეთ. ახლა გამოდი, რათა მალევე მოკვდე ჩვენი ხელით.“ ეს რომ გაიგო, შეიარაღდა სუმბატი და გამოვიდა. აქედან გაუხტა ბაზუკი. სცა შუბი სუმბატმა ბაზუკს და მეორე მხარეს გაუტარა, აიღო უნაგირიდან, ძირს დასცა და მოკლა. დაინახა ეს ამბაზუკმა და თავს დაესხა. ხოლო სუმბატი მისწვდა ბაზუკის შუბს, სცა ამბაზუკს, აიღო ისიც და მიწას დაანარცხა, მოკლა და შესძახა: „ეს სომხთა სისხლისთვის“. მაშინ ყველა ჩრდილოელმა ერთიანად შეუტია და ორივე მხრიდან დიდი მსხვერპლი იყო. დამარცხდნენ ჩრდილოელები, შემოაფარეს თავი მცხეთას და არმაზს და ციხე-ქალაქები გაამაგრეს. ხოლო სუმბატი შემოვიდა ქართლში და აიკლო; მაგრამ მზად არ იყო ციხეთა ასაღებად და დემოთში – სამცხეში დატოვა ლაშქრი წუნის საშველად და ოძრახოსზე საზრუნველად, თავად კი გაბრუნდა. მაგრამ მეფეები არ შეშინდნენ სიმამაცის გამო და მათ ოსებიც დაუმეგობრდნენ დახოცილ მეფეთა სისხლის ასაღებად. და მუდამ არბევდნენ სომხეთს, რადგანაც კლარჯეთისა და ოძრახეს ერისთავები მტკიცედ იცავდნენ არმაზელის ერთგულებას. მათ ეგრისელებიც დაეხმარნენ და ებრძოდნენ სომხეთს. შემდგომ მოვიდა სომეხთა მეფე არტაშანი და მასთან – სუმბატიც. ქართველები წინ ვერ აღუდგნენ, მაგრამ გაამაგრეს ციხექალაქები. შემოერტყა მცხეთას ოთხი თვის განმავლობაში. შეწუხდნენ ქართველები, დადეს ზავი და წავიდნენ სომხები. შემდგომ სომხებმა დაიწყეს ბრძოლა სპარსელებთან, ქართველებმა დრო იხელთეს და დაიწყეს სომხეთის დარბევა. მაშინ სომეხთა მეფემ გამოგზავნა თავისი შვილი ზარდე ლაშქრით; დაირაზმნენ ქართველები და ოსები, გააძევეს ზარდეს ლაშქარი და შეიპყრეს ზარდეც. ოსები ცდილობდნენ მოეკლათ სისხლის საზღაურად, მაგრამ ქართველებმა არ დართეს ნება და დაატყვევეს დარიელაში. სამი წლის შემდეგ მობრუნდნენ სპარსელებზე გამარჯვებული სომხები. ამის გამგონე ქართველებმა გაამაგრეს ციხექალაქები. მაშინ მოვიდნენ სომეხი მეფის ორი ძე და სუმბატიც თრიალეთში მოციქულებად. შემდგომ დაზავდნენ და სომხებმა დააბრუნეს ქართლის სასაზღვრო ტერიტორია. ქართველებმა კი მისცეს მეფის ძე ზარდე, აღუთქვეს მათი მტრების მტრობა და სომეხთა მეფის გამოსახულებით ფულიც მოვჭრათო. წავიდნენ სომხები. ხოლო ეს მეფეები ხარობდნენ ქართლის საზღვრის საკუთარი სიმამაცით დაბრუნების გამო. არმაზელმა დაიწყო უფლის კვართის ძებნა, მაგრამ ვერ შეძლო პოვნა, რადგანაც ის არ უნდა შეერყვნათ წარმართებს. შემგომ ამ მეფეებმა იმეფეს მშვიდობიანად და დაიხოცნენ დასაბამიდან 4052, ქრისტესით 103, ქართულით 387 წელს.“
წინამორბედი:
კაოს
ქართლის მეფე
87103 [10]
შემდეგი:
დეროკ
წინამორბედი:
კაოს
საქართველოს მეფე
87103 [11][12]
შემდეგი:
ამზასპ I
წინამორბედი:
კაოს I
ივერიის მეფე
87119 [13]
შემდეგი:
ამზასპ I
წინამორბედი:
კაოს (= კაოს პუბლიკი აგრიპა)
იბერიის მეფე
110-იანი წლები
შემდეგი:
ადერუკ[14]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლეონტი მროველი „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“
  2. „ქართლის ცხოვრება“ სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით (ტომი I, 1955.)
  3. ვახუშტის ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“
  4. საქართველოს ძველი ისტორია
  5. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“
  6. მოქცევაჲ ქართლისაჲ (შატბერდის კრებულის 1979 წლის გამოცემიდან)
  7. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“
  8. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“
  9. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“. გვერდი 551..
  10. „ქართლის ცხოვრება“ სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით (ტომი I, 1955.)
  11. ვახუშტის ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“
  12. საქართველოს ძველი ისტორია
  13. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“
  14. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“