შინაარსზე გადასვლა

არკოლეს ბრძოლა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არკოლეს ბრძოლანაპოლეონ ბონაპარტის მეთაურობით, იტალიის პირველი კამპანიის ფარგლებში, საფრანგეთის პირველ რესპუბლიკასა და ავსტრიის ჯარებს შორის გამართული ბრძოლა (1796 წლის 15–17 ნოემბერი). დაპირისპირება მოხდა ქალაქ ვერონას სამხრეთ-აღმოსავლეთით, 25 კილომეტრის დაშორებით. ავსტრიელთა არმიას იოზეფ ალვინცი მეთაურობდა. იგი გეგმავდა ორმხრივი შეტევის განხორციელებას ბონაპარტის არმიის წინააღმდეგ. ამ დროს ავსტრიელთა მიზანი იყო არა მხოლოდ აღნიშნულ დაპირისპირებაში ფრანგების დამარცხება, არამედ დახმარების გაწევა მანტუაში გამაგრებული ავსტრიული საჯარისო ნაწილებისთვის, რომლებიც მარშალ ვურმსერთან ერთად ფრანგებს ალყაში ჰყავდათ მოქცეული. ალვინცმა თავის ერთ-ერთ სარდალს პოლ დავიდოვიჩს უბრძანა ერთი კორპუსით მდინარე ადიჯეს ხეობის გასწვრივ სამხრეთით წინ წასულიყო, ხოლო თვითონ ხელმძღვანელობდა მთავარი ჯარის აღმოსავლეთისკენ წინსვლას. თუკი ეს ორი ავსტრიული კორპუსი შეძლებდა ერთმანეთთან დაკავშირებას, ხოლო მარშალი ვურმსერი ალყისგან თავს გაითავისუფლებდა, ფრანგების მდგომარეობა ძალიან გართულდებოდა.

პირველ ეტაპზე, პოლ დავიდოვიჩმა მოიპოვა გამარჯვება და ჩრდილოეთიდან ვერონას დაემუქრა, ალვინციმ კი მოიგერია ბონაპარტის ერთი შეტევა და თითქმის ვერონას კარიბჭემდე მიაღწია, აქ მან ფრანგების მეორე შეტევის მოგერიებაც შეძლო. ნაპოლეონი კი თავის მეომრებთან ერთად ცდილობდა, მდინარე ადიჯეს გადაკვეთით, ალვინცის მარცხენა ფლანგი შემოებრუნებინა.

არკოლეში გამაგრებულ ავსტრიელებს ფრანგები ორი დღის განმავლობაში ესხმოდნენ თავს, თუმცა მოწინააღმდეგე კარგად იცავდა თავს და ნაპოლეონმა ვერ შეძლო წარმატების მიღწევა. ფრანგებმა მესამე დღესაც გააგრძელეს შეტევა და საბოლოოდ აიძულეს ალვინცი დაეტოვენინა პოზიციები. მისმა წარუმატებლობამ ბონაპარტს საშუალება მისცა კონცენტრირებულიყო მეორე, პოლ დავიდოვიჩის არმიის დამარცხებაზე და დაედევნა მას მდინარე ადიჯეს ხეობაში. ამასობაში მარტოდ დარჩენილი ალვინცი შეეცადა ვერონაზე იერიშის მიტანას, მაგრამ უშედეგოდ. თავის მხრივ, მანტუაში გამოკეტილი ვურმსერიც ცდილობდა ალყის გარღვევას და თანამემამულეთა დახმარებას, მაგრამ მისი მცდელობა დაგვიანებული იყო და წარმატების მიღწევაში ვეღარ დაეხმარებოდა ავსტრიელებს. არკოლეს ბრძოლა ნაპოლეონ ბონაპარტის გამარჯვებით დასრულდა და ეს იყო მისი მორიგი მნიშვნელოვანი წარმატება იტალიის პირველი კამპანიის ფარგლებში.

  • Kryn, J. (1987). Le petit tambour d'Arcole (fr). Cadenet. 
  • Bonaparte, Napoleon (1858–1869). Correspondence de Napoléon Ier publiée par ordre de l'empereur Napoléon III (fr). 
  • Reinhard, M. (1946). Avec Bonaparte en Italie; d'après les lettres inédites de son aide de camp Joseph Sulkowski (fr). 
  • Rothenberg, Gunther E. (2001). The Napoleonic Wars. Cassell. 
  • Schels, J. B. (1829). Die Schlacht bei Arcole, am 15, 16 und 17 November 1796 (de). Oesterreichische Militärische Zeitschrift, no. Bd. 2. 
  • Anders Fager's short story "Under the bridge at Arcole" published 2014 by Paradox Entertainment. An alternative history-story about what would have happened had Napoleon been killed at Arcole.