შინაარსზე გადასვლა

არკადული კაბინეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Donkey Kong“-ის არკადული კაბინეტი

არკადული კაბინეტი ან არკადული ავტომატი, არკადული აპარატი, არკადული ყუთი, არკადული მანქანა, მონეტაზე მომუშავე ყუთი ან მონეტაზე მომუშავე მანქანა) — კორპუსი, რომელშიც არკადული თამაშის ელექტრონული აპარატურაა მოთავსებული. 1980-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ შექმნილი კაბინეტების უმეტესობა შეესაბამება იაპონიის გასართობი მანქანების მწარმოებელთა ასოციაციის ელექტრული კავშირებისა და კაბელების სტანდარტს.[1] ზოგიერთი მათგანი მოიცავს დამატებით კონექტორებს იმ ფუნქციებისთვის, რომლებიც სტანდარტში არ შედის.

არსებობს არკადული კაბინეტის სხვადასხვა ტიპი, მათ შორისაა ვერტიკალური (ითამაშება ფეხზე მდგომ მდგომარებოაში), მაგიდის ტიპის (მოთამაშეები სხედან მაგიდის გარშემო), ქენდი (შესაძლებელია მონიტორის ორიენტაციის შეცვლა ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურზე ან პირიქით), დელუქსი (აზარტული თამაშებისთვის ან ხანგრძლივი სათამაშო სესიებისთვის), კოკპიტი (მოთამაშე კაბინეტის შიგნით არის მოთავსებული), მოძრაობის სიმულატორი (მოიცავს ჰიდრავლიკურ მექანიზმებს — ეკრანზე მოქმედების შესაბამისად ამოძრავებს მოთამაშეს) და სხვა.

არკადული კაბინეტის შემადგენელი ნაწილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არკადული აპარატი როგორც წესი ძირითადად შეიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • გამოსახულების გამომტანი მოწყობილობა: ეკრანი, რომელზეც თამაშია გამოტანილი. მას შეუძლია გამოსახოს როგორც რასტრული, ისე ვექტორული გრაფიკა, თუმცა რასტრული ყველაზე გავრცელებულია. სტანდარტული რეზოლუცია მოიცავს 262.5-დან 315 ვერტიკალურ ხაზს,[2] განახლების სიხშირის მიხედვით (რომელიც ჩვეულებრივ 50-დან 60 ჰერცამდეა). განახლების შედარებით უფრო ნელი სიხშირე უზრუნველყოფს უკეთეს ვერტიკალურ რეზოლუციას. თამაშის მიხედვით, მონიტორები შეიძლება იყოს ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად განლაგებული. ზოგიერთი თამაში ერთზე მეტ მონიტორს იყენებს. ზოგიერთ თანამედროვე კაბინეტს გააჩნია ეკრანები, რომლებსაც მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩვენება შეუძლიათ.[3]
  • აუდიოს გამომტანი მოწყობილობა: გამოიყენება ხმოვანი ეფექტებისა და მუსიკისთვის, რომლებსაც, როგორც წესი, ხმის ჩიპი წარმოქმნის.
  • ნაბეჭდი სქემების დაფები ან არკადული სისტემის დაფები: ეს არის უშუალოდ ის აპარატურა, რომელზეც თამაში მუშაობს. ის ყუთშია განთავსებული. ზოგიერთი სისტემა, როგორიცაა SNK-ის Neo-Geo MVS, იყენებს მთავარ დაფას რომელზეც სპეციალური თამაშის კარტრიჯები თავსდება. ზოგიერთ მთავარ დაფას შეიძლება ჰქონდეს მრავალი თამაშის კარტრიჯის მხარდაჭერა.[4]
  • კვების წყარო: გამოიყენება არკადული სისტემის მუდმივი დენით უზრუნველსაყოფად.
  • მარკიზა: მონიტორის ზემოთ განთავსებული აბრა, რომელზეც თამაშის სათაურია წარმოდგენილი. ჩვეულებრივ, ის კაშკაშა ფერისაა და გააჩნია უკანა განათების სისტემა.
  • დამჭერი ჩარჩო: მონიტორის ირგვლივ არსებული ჩარჩო/არშია. მასზე შეიძლება განთავსებული იყოს ინსტრუქციები ან ვიზუალური გაფორმება.
  • საკონტროლო პანელი: მონიტორთან ახლოს მდებარე ბრტყელი ზედაპირი, რომელზეც თამაშის კონტროლერებია მოწყობილი. საკონტროლო პანელებზე ზოგჯერ განთავსებულია თამაშის ინსტრუქციები.
  • მონეტის ჩასაგდები ჭრილი, მონეტის დასაბრუნებელი და მონეტის ყუთი: ისინი უზრუნველყოფენ ფულის ან ჟეტონების გაცვლას,[5] რომლებიც, როგორც წესი, საკონტროლო პანელის ქვემოთ არიან განლაგებულნი. ძალიან ხშირად, მონეტის დასაბრუნებელსა და მონეტის ჩასაგდებს შორის მოთავსებულია წითელი, გამჭვირვალე პლასტმასის ღილაკები. მათზე დაჭერისას, მონეტა ან ჟეტონი, რომელიც მონეტის მექანიზმში გაიჭედება, უბრუნდება მოთამაშეს. ზოგიერთ არკადულ აპარატში მონეტის ჩასაგდები ჭრილი ჩანაცვლებულია ბარათის წამკითხველებით.
  • მენიუ/რეჟიმის მართვის პანელი: რომლის მეშვეობითაც ხდება თამაშის პარამეტრების მართვა და მომსახურების რეჟიმისა და დიაგნოსტიკის ჩატარება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Nolan, Kieran (March 2015). „Arcade Videogame Technology and the JAMMA Standard“. Academia.
  2. Emulating Arcade Monitor Resolutions.
  3. Arcade Machines of the highest quality - Bespoke Arcades. Bespoke Arcades. ციტირების თარიღი: 12 July 2013
  4. Choose your arcade machine. GameTime. ციტირების თარიღი: 12 July 2013
  5. Hurley, Oliver. (7 February 2008) Game on again for coin-operated arcade titles. Guardian. ციტირების თარიღი: 12 July 2013