არიანიტების ოჯახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არიანიტების ოჯახი
მონათესავე გვარები

კომნენოსების ოჯახი,

კასტრიოტების ოჯახი
წარმოშობის ადგილი ცენტრალური ალბანეთი

 

არიანიტების საგვარეულო იყო ალბანური დიდგვაროვანი ოჯახი, რომელიც მართავდა ვრცელ ტერიტორიებს ალბანეთსა და მეზობელ ადგილებში მე-11 საუკუნიდან მე-16 საუკუნემდე.[1] მათი სამფლობელო გადაჭიმული იყო შკუმბინის ხეობისა და ძველი ვია ეგნატიას გზის პირამდე , ხოლო აღმოსავლეთით - დღევანდელ ბიტოლამდე.[2]

სახელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჯახის პირველი დამოწმებული გვარი სხვადასხვა ფორმით იყო "არ(ი)ანიტი", რომელიც, ასევე გამოიყენებოდა, როგორც პირადი სახელი.[3] გარდა ამისა, თანამედროვე დოკუმენტებში "არანიტი" არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმა, საიდანაც მომდინარეობს ყველა იმ სამფლობელოს სახელწოდება, რომელიც ეწოდათ მათი გარდაცვალების შემდეგ. "არიანიტი", მე-13 საუკუნის ბოლო და მე-14 საუკუნის დასაწყისიდან მე-16 საუკუნეში მამრობითი სქესის ხაზის გაქრობამდე, ოჯახის შესახებ პირველ დოკუმენტაციაში არსებული იშვიათი ფორმაა, რომელიც სახელგანთქმული გახდა ადრე მოდერნული ეპოქის ნაშრომებში და საბოლოოდ მიაღწია საერთო გვარის სტატუსს ისტორიულ დისკურსში. გვარის ეტიმოლოგია უცნობია; ის, შესაძლოა, საბოლოო ჯამში მომდინარეობს ინდო-ევროპული სიტყვიდან "არია" (დიდგვაროვანი). ასევე, არსებობს ვარიაციები, რომლებიც მოიძებნება, როგორც ადგილების სახელწოდებები, დემონიმები და ეთნონიმები დასავლეთ ევროპიდან ირანამდე და ჩრდილოეთ ინდოეთის ბევრ ადგილებში (მაგალითად, "არეიანე" - აღმოსავლეთ ირანის ბერძნული სახელწოდება) ან ალბანური სიტყვა "არე" (მდელო).[4] [5]

თუკი "არიას" მონათესავე ალბანური ადგილების სახელწოდებები დაკავშირებულია არიანიტების ოჯახთან და არ მომდინარეობს ამ ადგილებში ოჯახის მმართველობიდან, მათი, როგორც კლანის არსებობა, შესაძლოა, დათარიღდეს გვიანი მე-9 საუკუნით დირჰაჩიუმის პროვინციაში, თუმცა, მისი წევრების არსებობა გვიან მე-13 საუკუნემდე საკამათოა, რამდენადაც გვარი, ჩანს, რომ ერთმანეთთან კავშირში არმყოფმა დაბალი წარმოშობის პირებმა მიიღეს მას შემდეგ, რაც ისინი ძალაუფლებაში მოვიდნენ. ერთი თეორია გვარს უკავშირებს არინისტაე/არმისტაეს ილირიულ ტომს, რომელიც ცხოვრობდა დაახლოებით დირჰაჩიუმთან ელინისტურ და რომაულ ეპოქებში.

არიანიტების ოჯახის მიერ გამოყენებული მეორე გვარი მე-14 საუკუნიდან იყო "კომნენი", რომელიც მომდინარეობს ბიზანტიის იმპერიული კომნენოსების საგვარეულოდან. ოჯახის პირველი წარმომადგენელი, სავარაუდოდ, დაქორწინდა კრუიას გოლემის მდედრობითი სქესის შთამომავალზე და, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს "კომნენი ბუდარესკი პრინცეპსთან", რომელიც ცხოვრობდა დაახლოებით 1300 წელს ცენტრალურ ალბანეთში, თუმცა, ნებისმიერი წევრის თითოეული კავშირი შეუძლებელია დადასტურდეს, რამდენადაც ყველა არიანიტი იყენებდა "კომნენის", როგორც მეორე გვარს მე-14 საუკუნის შუიდან ამავე საუკუნის მიწურულამდე იმ მიზნით, რომ განემტკიცებინათ თავიანთი სტატუსი და ტერიტორიული პრეტენზიები.[6]

გვარი "შპატა" ჩნდება ლათინურ წყაროებში გვიან მე-14 საუკუნეში და ადრე მე-15 საუკუნეში "კომინ შპატასთან" მიმართებაში, რომელიც, შესაძლოა, ყოფილიყო კომნენ არიანიტი, გერგჟ არიანიტის მამა და თანამედროვე დოკუმენტებში მოხსენიებული არანიტ სპატა. უცნობია, არიანიტებმა მიიღეს ის ცენტრალური ალბანეთის შპატას ოჯახთან ქორწინების შედეგად, თუ, როგორც ტოპონიმი, მომდინარეობს შპატის რეგიონიდან, რომელსაც ოჯახი ფლობდა შუა საუკუნეებში. თუკი ქორწინების თეორია სწორია, გვარის მიღება უნდა მომხდარიყო მე-14 საუკუნეში.[7]

"გოლემი" არიანიტების ოჯახის ზოგიერთი წევრის მიერ გამოიყენებოდა, როგორც მეტსახელი. ის პირველად გამოჩნდა ალფონსო V არაგონის 1452 წლის დოკუმენტში, სადაც გერგჟ არიანიტი არის მოხსენიებული, როგორც "არანიტ კოლემ დე ალბანია", ხოლო მარინ ბარლეტი მას მოიხსენიებს, როგორც "არიანიტეს თოპია გოლემუსს". თავად სიტყვა, შესაძლოა, მომდინარეობდეს სლავური "გოლემიდან" (რაც ნიშნავს "გრანდიოზულს"), ან იყოს სახელი "გულიელმის" (უილიამის ალბანური ვერსიის) დამახინჯებული ვარიანტი. მცდელობები დააკავშირონ ის კრუიას გოლემთან ან პიროვნებასთან, სახელწოდებით გულიელმ არიანიტი, უშედეგოა, რადგან არავითარი საარქივო მტკიცებულება არ არსებობს ამის შესახებ.[8]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არიანიტთა სამფლობელოები 1385-1392 წლებში.
გლავენიცას ეპიტაფია გერგჟ არიანიტმა შეუკვეთა 1373 წელს.

  დავიდ არიანიტი, ზოგადად, მიჩნეულია არიანიტების კლანის პირველ წევრად, რაც დამოწმებულია ისტორიულ დოკუმენტებში, მიუხედავად ამისა, გვიანი მე-13 საუკუნის არიანიტების ოჯახთან მისი კავშირი ვერ მტკიცდება წყაროების ნაკლებობის გამო.[9] როგორც გიორგი კედრენეს ნაშრომებში არის მოხსენიებული, 1001-1018 წლებში ის მსახურობდა ბიზანტიის იმპერატორ ბასილი II-სთან, როგორც თესალონიკის სტრატეგოსი, ხოლო შემდეგ, როგორც სკოპიეს სტრატეგოსი. დავიდ არიანიტმა იბრძოლა ბულგარელების წინააღმდეგ სტრუმიცაში, სკოპიეში და სკრაპარის ადგილებში. მისი ვაჟი ან ახლო ნათესავი კონსტანტინე არიანიტი, ასევე მოხსენიებულია 1049-1050 წლებში, როგორც პაჭანიკების წინააღმდეგ ბიზანტიის იმპერიის სამხედრო მოსამსახურე. ოჯახის მე-11 და მე-12 საუკუნეების სხვა წევრებს შორის, ვილჰელმ ტვიროსელის აზრით, შესაძლოა, იყოს იოჰანეს კარიანიკა.

ოჯახის უდავოდ პირველი წევრი არის ალექსიუს არიანიტი, რომელიც მოხსენიებულია შარლ I ანჟუელისა და ალბანეთის სამეფოს მოკავშირე რამდენიმე ალბანელი დიდგვაროვნის 1274 წლის შეთანხმებაში.[10] არიანიტების გვარი, ასევე ნახსენებია მე-14 საუკუნის სხვა დოკუმენტებში: 1304 წლის ორ დოკუმენტში, ერთი - ტარანტოს მთავარ ფილიპ I-სთან, ხოლო მეორე - კარლო II ნეაპოლელთან. კერძოდ, ამ ორ დოკუმენტში არიანიტები მოხსენიებული არიან რამდენიმე ალბანური დიდგვაროვანი ოჯახის სახელებთან ერთად, რომლებიც ფლობდნენ პრივილეგიებს. 1319 წლის წერილში, რომელიც პაპმა იოანე XXII გაუგზავნა ალბანელ დიდგვაროვნებს, მოხსენიებულია პროტოლეგატორ გულიელმ არიანიტის სახელი. გლავენიცას ეპიტაფიაში, რომელიც ამოიტვიფრა 1373 წელს, თავად მისი შემქმნელის, ჯორჯ არიანიტის სახელი არის დაფიქსირებული.

მაინცდამაინც ყველა არიანიტი არ არის ნახსენები მე-11 და მე-14 საუკუნეების სხვადასხვა წყაროში, თუმცა, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ არიანიტების ოჯახი იყო შუა საუკუნეების ცენტრალური ალბანეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დიდგვაროვანი ოჯახი. ეს ოჯახი აღნიშვნის ღირსია იმიტომ, რომ ისინი ფლობდნენ და აკონტროლებდნენ სამეფო გზის (ვია ეგნატიას) მნიშვნელოვან ნაწილებს, რომელიც ითვალისწინებდა მარცვლეულით, მარილითა და სხვა პროდუქტებით მოვაჭრეთა მრავალგზის თანხლებას. არიანიტების ოჯახს აუცილებლად უნდა ჰქონოდა ურთიერთობა პავლე კურტიკთან, რომლის სამფლობელო შკუმბინის შუა პროვინციებში მდებარეობდა და, ასევე, ქალაქ ოჰრიდის მმართველ ანდრეა გროპასთან. ოჰრიდის ციხე-სიმაგრის დომინანტურმა პოზიციამ, რომელიც განთავსებული იყო მაღალი ხარისხის თევზით ძალიან მდიდარი ტბის მიმდებარედ, განაპირობა მისი აქცენტი პოლიტიკურ და სამხედრო ქმედებებზე ახლომახლო ტერიტორიებზე.

არიანიტების პოლიტიკური აქტივობა უფრო კარგად აისახება მე-15 საუკუნის დოკუმენტებში, როცა ოსმალთა დაპყრობების შემდეგ, მათ დაკარგეს თავიანთი სამფლობელოების მდიდარი აღმოსავლეთ რეგიონები და დაიწყეს უფრო აქტიური და აგრესიული საგარეო პოლიტიკის განვითარება, განსაკუთრებით 1430 წლიდან, როცა გერგჟ არიანიტს ჰქონდა გამარჯვებების სერია ოსმალთა ჯარების წინააღმდეგ.

არიანიტების ოჯახის წევრები რამდენჯერმე არიან მოხსენიებული გვარების მიხედვით სხვა ისეთ გვარებთან ერთად, როგორებიცაა კომნენი, კომნენოვიჩი, გოლემი, ტოპია, შპატა და ცერმენიკა. ეს გვარები ამავდროულად მოიცავს დიდგვაროვანთა წოდებებს. მემკვიდრეობით მიღებული წოდებები და სხვა სახელების არსებობა ადასტურებს იმას, რომ არიანიტებმა ოჯახური კავშირები გააბეს სხვა დიდგვაროვანთა ოჯახებთან, მათ შორის, ბიზანტიის იმპერიაში, რამდენადაც ამას ცხადყოფს კომნენის/კომნენოსის გვარი. არიანიტების ოჯახს, ასევე ჰქონდა თავისი გერბი და სხვა ჰერალდიკური ნიშნები. ორთავიანი არწივის ემბლემა იყო განთავსებული მათ ჰერალდიკურ სიმბოლოებზე. დოკუმენტი აჩვენებს, რომ გერგჟ არიანიტმა რაგუსას რესპუბლიკაში შეუკვეთა თავისი დროშის დამზადება.

არიანიტების გენეალოგიური ხე ვერ იქნება აგებული ზედმიწევნით, ადრეული პერიოდებიდან მოყოლებული, როცა ისინი პირველად იყვნენ ნახსენები. მარინ ბარლეტისა და გიონ მუზაკას თანახმად, გერგჟ არიანიტის მამა იყო კომნენ არიანიტი. კომნენ არიანიტი დაქორწინდა ბუდვას მმართველის, ნიკოლე ზაჰარია საკატის ქალიშვილზე. კომნენ არიანიტს ჰყავდა სამი ვაჟი (გერგჟი, მუზაკა და ვლადანი) და ერთი ქალიშვილი, რომელიც დაქორწინდა პალ დუკაჯინიზე.

მუზაკა არიანიტს ჰყავდა ერთი ვაჟი, მოისი არიანიტი, მეომარი, რომელიც იბრძოდა ოსმალთა იმპერიის წინააღმდეგ სკანდერბეგთან ერთად. მოისი არიანიტი უპირველესად ცნობილია, როგორც მოისი გოლემი. მოისი გოლემი დაქორწინდა ზანფინა მუზაკაზე, მუზაკა ტოპიას პირველ ცოლზე. მუზაკა ტოპია, ზანფინა მუზაკასთან ქორწინების შემდეგ, დაქორწინდა სკანდერბეგის დაზე და გიონ კასტრიოტის ქალიშვილზე, მარია კასტრიოტიზე.

გერგჟ არიანიტის უმცროსი ძმა, ვლადანი, დაქორწინდა გიონ კასტრიოტის ქალიშვილ ანჯელინაზე, გაცილებით ადრე, სანამ სკანდერბეგი გამოჩნდებოდა ალბანეთის ომში ოსმალთა იმპერიის წინააღმდეგ. მათი ვაჟი, მუზაკა (აღწერილი, როგორც ანჯელინას მუზაკა იმ მიზნით, რომ განასხვავო ის ბიძამისისგან) მონაწილეობდა 1444 წელს ლეჟის ლიგის შექმნაში. მას შემდეგ, რაც არიანიტების ოჯახმა დუკაჯინის ოჯახთან ერთად დატოვა "ლეჟის ლიგა" 1450 წელს, დუკაჯინის ოჯახის წევრებმა მშვიდობა დაამყარეს ოსმალეთის იმპერიასთან და დაიწყეს მოქმედება სკანდერბეგის წინააღმდეგ.[11] ჩანს, რომ სკანდერბეგს ჰქონდა გარკვეული წარმატება ახლოს ჰყოლოდა არიანიტების ოჯახი, 1451 წლის აპრილში გერგჟ არიანიტის ქალიშვილზე, დონიკა (ანდრონიკა[12]) არიანიტზე ქორწინების გამო.

კომნენ არიანიტის შვილთაშვილის, გერგჟის პოლიტიკურმა და სამხედრო აქტივობებმა არიანიტების ოჯახს ალბანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში კონკრეტული წონა შესძინა.

გერგჟ არიანიტი დაქორწინდა მარია მუზაკაზე, რომელთანაც მას შეეძინა რვა ქალიშვილი. მარიას გარდაცვალებამ განაპირობა მისი ქორწინება იტალიელ დიდგვაროვან დესპინა (ან პეტრინა) ფრანკონეზე, რომელიც იყო სიცილიის სამეფოს, კერძოდ, ლეჩეს გუბერნატორის ქალიშვილი. მათ ჰყავდათ სამი ვაჟიშვილი (თომა, კონსტანდინი და არიანიტი) და ერთი ქალიშვილი.

არიანიტების ოჯახის ქონება იცვლებოდა დროთა განმავლობაში, კერძოდ, ხან იზრდებოდა და ხანაც მცირდებოდა, მაგრამ, ზოგადად, არიანიტები სარგებლობდნენ განსაკუთრებული პოზიციით ალბანეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და მათ ურთიერთობები ჰქონდათ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონთან და პოლიტიკურ ძალასთან. ამის მტკიცებულებას წარმოადგენს არიანტების შთამომავლების რამდენიმე ქორწინება კასტრიოტების და მუზაკას ოჯახებთან, ისევე, როგორც დუკაჯინის ოჯახთან და, ასევე, სერბ დესპოტ სტეფან ბრანკოვიჩთან, რომელიც დაქორწინდა გერგჟ არიანიტის ქალიშვილ ანჯელინა არიანიტ კომნენიზე (მოგვიანებით, იგივე სერბეთის წმინდა ანჯელინაზე).

გერგჟ არიანიტის სახელმწიფო აღმოსავლეთით გაფართოების შედეგად მოიცავდა მანასტირსა და ფლორინას და ოჰრიდის ტბის გარშემო ტერიტორიების უმეტესობას, საიდანაც ის დიდ შემოსავალს ღებულობდა თევზჭერისა და თევზის ექსპორტიდან. არიანიტები, ასევე ფლობდნენ სოპოტნიკას ციხე-სიმაგრეს (სვეტიგრადს), რომელსაც მოგვიანებით ოსმალებმა უწოდეს "დემირ ჰისარი".

ოსმალებისთვის თავდაპირველი წინააღმდეგობის შემდეგ, ისინი გახდნენ ერთ-ერთ დიდგვაროვანი ოჯახი, ე.ი. როგორც ზენებიშის და მუზაკას ოჯახები, რომლებიც მოექცნენ ისლამზე და დაინიშნენ ოსმალთა სამხედრო და ფეოდალურ იერარქიაში სხვადასხვა პოზიციაზე.[13]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fishta და სხვები. 2005, p. 402
  2. Anamali 2002, p. 255–7
  3. Shuteriqi 2012, p. 20–9
  4. Schramm 1994
  5. Polemis 1968, p. 103
  6. Shuteriqi 2012, p. 29–37
  7. Shuteriqi 2012, p. 44–48
  8. Shuteriqi 2012, p. 38–42
  9. Shuteriqi 2012, p. 50–1
  10. Shuteriqi 2012, p. 51–53
  11. Frashëri 1964, p. 78
  12. Schmitt Oliver Jens, Skandermbeg et les sultans, Turcica, 43 (2011) p. 71.
  13. Schmitt, Oliver Jens (2010). Religion und Kultur im albanischsprachigen Südosteuropa (de). Peter Lang, გვ. 56. ISBN 978-3-631-60295-9. „Muslimisch gewordene Angehörige der Familien Muzaki, Arianiti und Zenebishi, die vorher am Abwehrkampf gegen die Türken beteiligt gewesen waren, wurden in das Militärlehenssystem eingegliedert und erhielten Posten in der ...“ 

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Babinger, Franz (1960). Das Ende der Arianiten (de). Munich: Bayerische Akademie der Wissenschaften. OCLC 876478494. 
  • Frashëri, Kristo (1964). The history of Albania: a brief survey. Shqipëria: Tirana. OCLC 230172517. 
  • Anamali, Skënder (2002). Historia e popullit shqiptar në katër vëllime (sq). Botimet Toena. OCLC 52411919. 
  • Harris, Jonathan (2013), 'Despots, emperors and Balkan identity in exile’, Sixteenth Century Journal 44, pp. 643–61
  • Shuteriqi, Dhimitër (2012). Aranitët: Historia- Gjenealogjia -Zotërimet. Toena. 
  • Schramm, Gottfried (1994). Anfänge des albanischen Christentums: die frühe Bekehrung der Bessen und ihre langen Folgen. Rombach. 
  • Polemis, Demetrios I. (1968). The Doukai: A Contribution to Byzantine Prosopography. London, United Kingdom: The Athlone Press. 
  • Fishta, Gjergj. The highland lute: (Lahuta e malcís) : the Albanian national epic. I.B.Tauris.