ართვინის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ართვინის განძი — ძვ. წ. XII-XI საუკუნეების ბრინჯაოს ნივთების განძი; აღმოაჩინეს 1932 წელს ქ. ართვინის მახლობლად, მიტოვებულ მაღაროში. განძი შედგება 2 კოლხური ცულის, ვერტიკალურ ხვრელიანი იარაღის, 2 სეგმენტისებრი იარაღის, თოხისა და ზოდისაგან. ვერტიკალურხვრელიანი იარაღი ხითხუროობასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. მსგავსი იარაღი აღმოჩენილია ჭოროხის აუზის მეტალურგიული კერის გავრცელების ფარგლებში: ერთი - ყარა-დერეში (ახლანდელი სოფ. განთიადი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი), მეორე - ჩაისუბანში (ქობულეთის მუნიციპალიტეტი).

ართვინის განძი კოლხური წარმოშობისაა. ანალოგიები ცნობილია კოლხური კულტურის გავრცელების მთელ ტერიტორიაზე. ართვინის განძის მიხედვით, ამ კულტურის გავრცელების უკიდურესი სამხრეთი საზღვარია ართვინი. ართვინის განძი ხელოსანს (მდნობელს) ეკუთვნოდა. ნივთები დაცულია ქ. ანკარის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქორიძე დ., ქსე, ტ. 1, გვ. 563, თბ., 1975