არდეატინის კარიბჭე

არდეატინის კარიბჭე — ავრელიანეს კედლის ერთ-ერთი კარიბჭე რომში (იტალია).[1] ააგეს ნერონის დროს. დგას ავრელიანეს კედლის ერთ-ერთ კუთხეში.[2]
განთავსებული იყო სან-სებასტიანოს კარიბჭესა და სან-პაოლოს კარიბჭეს შორის, შუა გზაზე, იმ თანამედროვე თაღებთან ახლოს, რომლის ქვეშაც ვია კრისტოფორო კოლომბოს ქუჩა გადის. კარიბჭე, ალბათ, აგებიდან ძალიან მალე ჩაიკეტა (VIII საუკუნიდან ის აღარ იხსენიება); დღევანდელ ნანგრევებზე დაყრდნობით, ის შეგვიძლია უბრალო, ტრავერტინით ნაგებ „უკანა კარად“ ჩავთვალოთ, რომლის ყველაზე საინტერესო მახასიათებელიც კარიბჭის ორივე, შიდა და გარე მხარეს გადაჭიმული რომაული პერიოდის გზის არსებობაა, რომელზეც ურმების აქტიური (და როგორც ჩანს, ძალიან ინტენსიური) მიმოსვლის კვალი ჯერ კიდევ იკითხება.
კარიბჭეს არ გააჩნდა თავდაცვითი კოშკები: ეს ნაკლი გამოსწორდა კედლის მინაშენის საშუალებით, რომელიც პატარა გალავნის როლს ასრულებდა.
ჰუმანისტი და ისტორიკოსი პოჯიო ბრაჩოლინის განცხადების თანახმად, არდეატინის კარიბჭეს ჩვეული მემორიალური ფირფიტა უნდა ჰქონოდა მიმაგრებული, რომელიც გვატყობინებდა იმპერატორ ჰონორიუსის მიერ, 401-403 წლებში ჩატარებული რესტავრაციის შესახებ. ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ გასასვლელი არა უბრალო „უკანა კარი“, არამედ ნამდვილი ერთთაღიანი კარიბჭე ყოფილიყო.
კარიბჭესთან ახლოს, შიდა მხარეს, კედელში ჩატანებული საფლავის კვალი გვხვდება: ეს შეესაბამება იმპერატორ ავრელიანეს პროექტს, რომელმაც ხარჯების შემცირებისა და კედლის საფუძვლის აგების დაჩქარების მიზნით, ახალი ნაგებობის მიერ დაკავებული ტერიტორიების ყოფილი სტრუქტურები თავად კედელში დაიტანა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Mauro Quercioli, Le mura e le porte di Roma. Newton Compton Ed., Rome, 1982
- Laura G. Cozzi, Le porte di Roma. F.Spinosi Ed., Rome, 1968
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lucentini, M. (31 December 2012). The Rome Guide: Step by Step through History's Greatest City. Interlink. ISBN 9781623710088.