არბოს წმინდა გიორგის ეკლესია (XIX ს.)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

არბოს წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში, შუა სოფელში. თარიღდება XIX საუკუნით

ეკლესია (21,8 X 14,8 მ) ჯვარ-გუმბათოვანია, ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდან (კარიბჭიდან) და სამხრეთიდანაა. აფსიდში ერთი განიერი სარკმელი და ორი თაღოვანი ბრტყელი ნიშია. აფსიდი დარბაზის იატაკიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული. აფსიდის წინ ბემაა, სადაც ქვის სატრპეზო დგას. ბემას სამხრეთ კედელში გაჭრილი კარი სადიაკვნეში გადის. ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი - სამკვეთლოში. ორივე სათავსი მსგავსია. აღმოსავლეთის კედელში თითო სარკმელია, გრძივ კედლებში - ნიშები, ხოლო დასავლეთ კედელში გაჭრილი კარით ორივე სათავსი ეკლესიის დარბაზს უკავშირდება. სამკვეთლოს და სადიაკვნეს თავზე მცირე სათავსებია. ამ სათავსებში ასასვლელი აგურის კიბე გარე კედლებშია ჩატანებული. ეკლესიის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში, ზემოთ, სხვადასხვა სიმაღლეზე, ხუთ-ხუთი სარკმელია. გუმბათის ყელი ორ თავისუფლად მდგომ ჯვაროვანი კვეთის ბურჯსა და აფსიდის მხრებს ეყრდნობა. ყელი დაბალია, გადახურვა - ბრტყელი.

ფასადებზე გამოყოფილია ფრონტონით დასრულებული ძირითადი ნავი. სარკმლები მოჩარჩოებულია სადად, აგურის ერთსაფეხურიანი წყობით. საკურთხევლის სარკმელს ქვიშაქვის განიერი საპირე აქვს. კედლები დასრულებულია აგურის მრავალსაფეხურიანი ლავგარდნით. ეკლესია გადახურულია თუნუქით.

ეკლესიის დასავლეთ კედელს მთელ სიგრძეზე ეკვრის კარიბჭე, რომლის პირველი სართული სამი მონაკვეთისაგან შედგება: შუა - ეკლესიაში შესასვლელია, ხოლო გვერდებზე თაღებით გახსნილი, გეგმით მსგავსი, თითო სათავსია. სათავსების გარე კედლებში (ერთ შემთხვევაში სამხრეთის, მეორეში - ჩრდილოეთის), შუაში ბუხარია. ბუხრის გვერდებზე, სწორკუთხა ნიშებში თითო მცირე სარკმელია გაჭრილი. ეკლესიის დასავლეთ კედელში ჩატანებული აგურიც კიბე კარიბჭეზე დაშენებულ სამრეკლოში და გვერდით სათავსების თავზე განლაგებულ ოთახებში ადის. სამრეკლო იარუსებიანია. პირველი იარუსი გეგმით კვადრატული დახურული სათავსია, რომლის დასავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. მეორე იარუსი დასავლეთით თაღითაა გახსნილი. მესამე იარუსი ოთხივე მხარეს თაღებით იხსნება. სამრეკლოს ფანჩატური კი რვათაღიანი ღიობია. ფანჩატურს ბოლქვისებური გუმბათი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]