არაშენდის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

არაშენდის სასახლე — არქიტექტურული ძეგლი. დგას სოფელ არაშენდის სამხრეთ-დასავლეთით, 200 მეტრზე. აგებულია 1770 წელს. ეკუთვნოდა ანდრონიკაშვილებს. სასახლის ეზოში დაკრძალულია რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილი.

1924 წლიდან 1981 წლამდე სასახლეში სკოლა იყო განთავსებული. ამ პერიოდში ნაგებობის ინტერიერში მნიშვნელოვანი გადაკეთებები განხორციელდა, ხოლო გარედან ცემენტის ხსნარით შელესეს. 1981 წლიდან შენობა მიტოვებულია, რის შემდგომაც იგი ძლიერ დაზიანდა — მოხდილი აქვს სახურავის დიდი ნაწილი, ჩანგრეულია სართულშუა გადახურვები, მოხსნილი და გაზიდულია კარ-სარკმლების ალაოები, ოთახების უმრავლესობა ამოვსებულია სართულშუა გადახურვისა და სახურავის ხის კონსტრუქციების ნაშთებით.

სასახლე გეგმით სწორკუთხაა (დაახლოებით 30-34 მ. კედლების სისქე - 1,3 მ-ია), ორსართულიანი. აქვს სარდაფი (ფართობით დაახლოებით 16 კვ მ, სიმაღლე — 2 მ). ნაგებია აგურით. ალაგ-ალაგ გამოყენებულია რიყის ქვაც. შენობას 4 შესასვლელი აქვს. ოთხივე პირველ სართულზეა — გრძივ კედლებში. სასახლის ორივე სართულზე სხვადასხვა ფართობის 12-12 ოთახია. ოთახები თითოეულ სართულზე ორრიგად არის განლაგებული (მთავარი ფასადის მხარეს მდებარე ოთახები შედარებით უკეთაა შემოჩენილი). განაპირა ოთახებში მეორე სართულთან დამაკავშირებელი ხის კიბეებია. შიგნით ოთახები გაჯითაა შელესილი. კედლებში მოწყობილია თახჩები. შემორჩენილია რამდენიმე ბუხარი. პირველი სართულის კარ-სარკმელები სწორკუთხაა, მეორე სართულისა — მშვილდისებრთაღოვანი. სასახლის მეორე სართულს, ოთხივე ფასადის მხარეს, აგურის კვადრატულ სვეტებზე დაყრდნობილი კრამიტით გადახურული ხის აივანი აქვს, რომლებიც შესაბამის ფასადს მთელ სიგრძეზე არ გასდევს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]