არაშენდის ამაღლების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არაშენდის ამაღლების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი. დგას სოფელ არაშენდის დასავლეთით 2 კმილომეტრზე, სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (12 x 6 მ). ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. გარეთა კუთხეების და კედლების ზედა ნაწილებში, კარ-სარკმელთა ღიობების და კამარის წყობაში გამოყენებულია კვადრატული აგური. ეკლესია შიგნით და გარედან შელესილი და შეთეთრებულია. XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია შეაკეთა. აღადგინეს კედლების და ლავგარდნის დანგრეული ნაწილები, შენობა გადახურეს კრამიტით, დასავლეთ ფრონტონის წვერზე კი, დააშენეს აგურის ცილინდრული სამრეკლო, რომლის თუნუქის კონუსებრ სახურავზე რკინის ჯვარია აღმართული.

ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი ხის ძელით თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიულ აფსიდში გაჭრილია თაღოვანი, შიგნიდან გარეთკენ თანდათანობით დავიწროებული სარკმელი, რომლის ჩრდილოეთით ორი ნიშაა, ერთი სწორკუთხაა, მეორე ნახევარწრიული თაღითაა გადახურული. კიდევ ორი ნიშა დარბაზის ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია - ერთიმეორის თავზე აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კოქნით, ხოლო დარბაზი - ცილინდრული კამარით. დარბაზის გრძივ კედლებზე ორ-ორი მარტივი პილასტრია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. პილასტრების აღმოსავლეთ წყვილით და მათზე გადაყვანილი საბჯენი თაღით საკურთხეველი დარბაზისგანაა გამიჯნული. დასავლეთ კედელში შესასვლელის ზემოთ ერთი თაღოვანი სარკმელია.

დასავლეთ ფასადზე ფრონტონის არეში, აგურის წყობის შეღრმავებით ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული. კედლები დასრულებულია აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდნით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]