არანისის მეორე ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არანისის ნამოსახლარი.

არანისის მეორე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ არანისის ქვედა უბანში, მდინარე არაგვის ნაპირას, მოძმანაანთ უბანში. თარიღდება ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ხანით. 1975-1976 და 1981 წლებში ძეგლი გათხარა არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. ნამოსახლარი მრავალფეროვანია.

ქვედა ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურის ნაცროვან-ნახშიროვანი ფენა ჩაჭრილი იყო მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი ორმოებით. ქვედა ფენაში აღმოჩენილია ბათქაშის ფრაგმენტები, თიხის ჭურჭლის ნატეხები, რიყს ქვის სანაყი, რქისა და ძვლის სახვრეტები, ობსიდიანის იარაღები და ცხოველთა ძვლები.

ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ფენაში გამოვლინდა 100-მდე სხვადასხვა ზომის ორმო, ამოგებული ლასტით და ამოლესილი თიხით. უმეტეს მათგანში ცეცხლის ძლიერი კვალი ჩანს. ზოგი სამარხადაა გამოყენებული. ერთ-ერთ ორმოში აღმოჩნდა 20-მდე მთელი ჭურჭელი, თიხის საბეჭდავი, რიყის ქვის ხელსაფქვავებისგან ნაგები კერა, თიხის სადგარი, ხორბლის, სხვა მარცვლეულისა და წითელი საღებავის ნაშთები. გარდა ამისა, ნამოსახლარზე გამოვლინდა კაჟისა და ობსიდიანის ნამგლის ჩასართები, ძვლის თოხი, სადგისი და სახვრეტები, თიხისაგან დამზადებული ცხვრისა და ადამიანების პატარა ქანდაკებები, ლითონის სატეხი, ხიშტის მაგვარი იარაღი, ანკესი და სხვა. მრავალფეროვანი კერამიკული ნაწარმი წარმოდგენილია საკულტო დანიშნულების ჭურჭლით, თიხის ღრუქუსლიანი ლარნაკებითა და სხვა. გათხრებით დადგინდა, რომ ნამოსახლარი შედგებოდა საცხოვრებელი ნახევარმიწური, საკულტო, სამეურნეო, სანაგვე და სანაცრე დანიშნულების ორმოების ერთობლიობისაგან.

არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზასა და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]