არაბეთის ფილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არაბეთის ფილა
კოორდინატები: 19°29′29″ ჩ. გ. 47°26′56″ ა. გ. / 19.49139° ჩ. გ. 47.44889° ა. გ. / 19.49139; 47.44889
ტიპი მეორეხარისხოვანი
ფართობი 5,000,000 კმ²
მოძრაობა ჩრდილოეთური
სიჩქარე 15–20 მმ/წ
ადგილი არაბეთის ნახევარკუნძული, ადენის ყურე, ინდოეთის ოკეანე, სპარსეთის ყურე, წითელი ზღვა

არაბეთის ფილა — მეორე თანრიგის ტექტონიკური ფილა ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროში. მის ფარგლებშია ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი, იემენი, საუდის არაბეთი, სირია, იორდანია და ერაყი.[1] არაბეთის, აფრიკისა და ინდოეთის ფილები გეოლოგიურ ისტორიაში ჩრდილოეთური მიმართულებით მოძრაობენ და ევრაზიის ფილას ეჯახებიან, რაც გამოვლინებულია ფილის ნატეხების კოლაჟისა და ქედების სახით.[2]

დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება აფრიკის ფილა, სამხრეთ-აღმოსავლეთით ინდოეთის ფილა, აღმოსავლეთით ევრაზიის ფილა, ჩრდილოეთით ანატოლიის ფილა.[3]

არაბეთის ფილა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ განფენილია 2600 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 3000 კმ-ზე. სიმჭიდროვე 40 კმ,[4] ფართობი 5,000,000 კმ².[5] ზედა ქერქს გააჩნია ნეოპროტეროზოული ასაკის (1000–540Ma) კრისტალური კამბრიულისწინა საფუძველი, რომელიც ცნობილია არაბეთის ფარის სახელწოდებით. მისი ლითოლოგია წარმოდგენილია კრისტალური ფიქლებით, ამფიბოლიტებით, გნაისებით, მეტაბაზალტებით, გრაუვაკებითა და ანდეზიტებით. ფარის ზემდებარედ განლაგებულია ფანეროზოული დანალექები და კაინოზოური ტრაპები. ეს ვულკანურ-დანალექი კომპლექსი ატარებს არაბეთის ბაქნის სახელწოდებას. დანალექი ქანები ძირითადად გვხვდება კარბონატული და სილიციკლასტური დანალექების სახით.[4]

BP-ის 2013 წლის მსოფლიო ენერგეტიკის სტატისტიკური მიმოხილვის თანახმად,[6] არაბეთის ფილა შეიცავს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მსოფლიო მარაგის შესაბამისად, 48% და 43%-ს, რაც ტექტონიკასთანაა შეპირობებული. დამახასიათებელია მაღალი სეისმური აქტივობა და ვულკანიზმი.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Konert G, Afifi AM, Al-Hajri S, de Groot K, Al Naim, A.A., Droste H.J. (2001). Paleozoic stratigraphy and hydrocarbon habitat of the arabian plate. AAPG Memoir, vol. 74, pp.483–515
  2. Tectonics of the Arabian Plate, Tectonics of a Thousand-and-One Nights The Gateway to Astronaut Photography of Earth. NASA
  3. Movements of the Arabian Plate. Saudi Geological Survey sgs.gov.sa
  4. 4.0 4.1 Stern R.J and Johnson P. (2010). Continental lithosphere of the arabian plate; a geologic, petrologic, and geophysical synthesis. Earth-Sci Rev 101(1-2):29–67.
  5. Learn About the History and Principles of Plate Tectonics www.thoughtco.com
  6. BP Statistical Review of World Energy June 2013 www.bp.com
  7. Talebian M and Jackson J. (2004). A reappraisal of earthquake focal mechanisms and active shortening in the zagros mountains of iran. Geophysical Journal International 156(3):506–26.