აპოკალიფსის ორი მაცნე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აპოკალიფსის ორი მაცნე, როგორცაა გამოსახული ბამბერგის აპოკალიფსში. XI საუკუნის ილუსტრირებული ხელნაწერი.

აპოკალიფსის ორი მაცნე — ორი წინასწარმეტყველი, რომელთა შესახებ გვამცნობენ:

ზაქარია - ზაქარიას წინასწარმეტყველების წიგნი (ზაქ. 4):

„მობრუნდა ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა და გამაღვიძა, როგორც ძილისგან აღვიძებენ კაცს. მითხრა: რას ხედავ? ვუთხარი: ვხედავ, აჰა, მთლიანი ოქროს სასანთლეა, მის თავზე ჯამია და შვიდი ლამპარი, თითო ლამპარს შვიდ-შვიდი მილი აქვს ზემოთ. ორი ზეთისხილის ხეა მის გვერდით, ერთი მისი ჯამის მარჯვნივ, მეორე - მარცხნივ...მივუგე და ვუთხარი მას: რა არის ეს ორი ზეთისხილის ხე სასანთლის მარჯვნივ და მარცხნივ? მივუგე მეორედ და ვუთხარი მას: რა არის ეს ორი აკიდო ზეთისხილისა ორი ოქროს მილის გვერდით, საიდანაც ოქრო იღვრება? მითხრა: არ იცი რა არიან ესენი? ვუთხარი: არა-მეთქი, ჩემო ბატონო. მითხრა: ორნი ცხებულნი არიან ესენი, მთელი ქვეყნის უფლის წინაშე მდგარნი.“ (ზაქ. 4:1-3; 11-14)

იოანე ღვთისმეტყველი - გამოცხადების წიგნი (გამოცხ. 11). ამ უკანასკნელში ორი მაცნე მოხსენიებულია, როგორც ორი წინამორბედი ქრისტეს ამქვეყნად მეორედ მოსვლისა:

„მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი. ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე. თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შეჭამს მათ მტრებს; თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს. მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როდესაც ინებებენ. ხოლო როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ. მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სიდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც. სხვადასხვა ტომისა და მოდგმის, ენისა და ერის ხალხი სამნახევარ დღეს უყურებს მათ გვამებს და არავის დართავ მათი დამარხვის ნებას. დედამიწის მკვიდრნი იხარებენ და ილხენენ მათ გამო და ძღვენს უძღვნიან ერთმანეთს, რადგანაც ამ ორმა წინასწარმეტყველმა აწამა დედამიწის მკვიდრნი. მაგრამ სამნახევარი დღის შემდეგ სიცოცხლის სული შევიდა მათში ღვთისაგან, და ფეხზე დადგნენ, რამაც თავზარი დასცა ყველას, ვინც კი ხედავდა მათ. და მოესმათ მგრგვინავი ხმა ზეცით, რომელმაც უთხრა მათ, აქ ამოდითო, და ისინიც, თავიანთი მტრების თვალწინ, ღრუბლით ავიდნენ ზეცას. იმავე საათს საშინელი მიწისძვრა მოხდა, ქალაქის მეათედი დაიქცა და მიწისძვრისას შვიდი ათასი კაცი ამოწყდა, სხვები კი შეძრწუნდნენ და დიდება მიაგეს ცის ღმერთს.“ (გამოცხ. 11:3-13)

იდენტიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორი მაცნისა და მათი გამოჩინების დროის დადგენა საუკუნეთა მანძილზე წარმოადგენდა ქრისტიანული ესქატოლოგიის ინტერესს. საინტერესოა, არიან თუ არა ისინი ცალკეული ინდივიდები? იქნებ სიმბოლიზმთან გვაქვს საქმე? (მაგ: ბიბლიის ახალი და ძველი აღთქმა) შესაძლოა ორი მაცნე სიმბოლურად განასახიერებს ქრისტეს მამხილებელ ეკლესიას: მარკოზის სახარებაში ვკითხულობთ: ”(ქრისტემ) მოუხმო თორმეტს, წყვილ-წყვილად დაუწყო წარგზავნა, და მისცა მათ უწმინდურ სულთა დათრგუნვის ძალა.”[1] შესაძლოა ორი წინასწარმეტყველი ბიბლიური მოსესა და ელიას ერთგვარ რეინკარნაციას წარმოადგენს: გამოცხადებიდან ვკითხულობთ: ”მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როდესაც ინებებენ”[2]. ბიბლია გვიამბობს, თუ როგორ აქცია მოსემ ნილოსის წყალი სისხლად[3], ელიამ კი სამ წელიწად ნახევრით დაახშო ზეცა, რათა არ მოსულიყო ქვეყნად წვიმა[4]. ერთ-ერთ წინასწარმეტყველად შესაძლოა მოვიაზროთ ენუქი[5]. ბიბლიის თანახმად, მხოლოდ ელიასა[6] და ენოქს არ უგემიათ ამქვეყნიური სიკვდილი, არამედ ორთავე ”წაიყვანა ღმერთმა”, სხეულებრივად აიტაცა რა ისინი მიწიდან.[7]

ბიბლიური ტრადიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიის მიხედვით, როდესაც ”ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე...მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით”[8] ქრისტეს ორი მოწაფე ათას ორას სამოცი დღე ამხელს მას[9], იგი ჰყოფს ბრძოლას წმიდათა მიმართ [10], სძლევს მათ[11] და გაბატონდება ქვეყნიერებაზე 1,290 დღეს [12], სანამ ”უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით”[13].

მართლმადიდებლური სწავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესენი არიან ორნი იგი ზეთისხილნი და ორნი სასანთლენი, მდგომარენი წინაშე უფლისა ყოვლისა ქუეყანისა და რომელსა უნდეს ვნებად მათდა...

ელია და ენუქ წინასწარმეტყველნი ქვეყნის დასასრულის წინ კვლავ უნდა მოევლინონ დედამიწას თავისი უმთავრესი მისიის აღსასრულებლად და ხორციელი სიკვდილის მისაღებად. ამა სოფლის უკანასკნელ დღეებში უფალი მათ იერუსალიმში მიავლენს, რათა თავიანთი საკვირველი ქადაგებითა და სასწაულთმოქმედებით ადამიანებს განუცხადონ ის არნახული სიცრუე, რომელიც სულ უფრო და უფრო ემუქრება კაცობრიობას. ელია და ენუქ წინასწარმეტყველნი სამ-ნახევარი წლის განმავლობაში თავისუფლად, დაუბრკოლებლად ამხელენ ანტიქრისტეს, გააფრთხილებენ ადამიანებს, არ მიიღონ მისი სიცრუე. საღმრთო წერილი, ეკლესიის წმიდა მამები და საეკლესიო გარდამოცემა სრული გარკვეულობით აცხადებს მათ ნამდვილ, პირდაპირი გაგებით აღსაქმელ მოსვლაზე ამქვეყნად შვიდი წლით ადრე ქვეყნის დასასრულამდე და უფალ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლამდე; ამ ავტორიტეტულ, უტყუარ ცნობებში ნათქვამია ელიასა და ენუქის მამხილებელ ქადაგებაზე, რაც ანტიქრისტეს წინააღმდეგ იქნება მიმართული, მათს სასწაულთმოქმედებაზე, მოწამეობრივ სიკვდილზე, მკვდრეთით აღდგომაზე და ცად ამაღლებაზე.

"და, აჰა, მე მოგივლენ თქუენ ილიას თეზბიტელსა პირველ მოსლვისა დღისა უფლისაჲსა დიდსა და განჩინებულსა, რომელმან კუალად მოაგოს გული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა მოყუსისა მისისა მიმართ. ნუ მოსრულმან მოვსპო ქუეყანა მყის."

მალაქია 4:5-6

იოანეს გამოცხადებაში ყოველივე ამის გამო შემდეგს ვკითხულობთ: „და მივსცე ორთა მათ მოწამეთა ჩემთა და წინასწარმეტყველებდნენ ათას ორას და სამეოც დღეს, (ანუ სამნახევარ წელიწადს), შემოსილნი ძაძითა, ესენი არიან ორნი იგი ზეთისხილნი და ორნი სასანთლენი, მდგომარენი წინაშე უფლისა ყოვლისა ქუეყანისა და რომელსა უნდეს ვნებად მათდა, ცეცხლი გამოვალს პირისაგან მათისა და შეშჭამს მტერთა მათთა; და რომელსაცა ენებოს ვნებაი მათი, ესრეთ ჯერ-არს მოკუდომაი მისი, ამათ აქუს ხელმწიფებაი დახშვად ცათა, რაითა არა წვიმდეს დღეთა მათ წინაწარმეტყველებისა მათისათა; და ხელმწიფებაი აქუს წყალთა ზედა, რაითა გარდააქციონ სისხლად, და რაითა შემუსრონ ქუეყანაი, რაოდენ-გზისცა ენებოს, ყოველითავე წყლულებითა და რაჟამს აღასრულონ წამებაი მათი, მხეცმან მან, რომელი აღმოვალს უფსკრულით, ბრძოლა-ყოს მათ თანა, და სძლოს და მოკლნეს იგინი... და შემდგომად სამისა მის და ნახევრისა დღისა სული ღმრთისაი ცხოველი შევიდა მათ თანა და აღდგეს ფერხთა ზედა მათთა და ხმაი დიდი ზეცით... ეტყოდა მათ: აღმოვედით აქა! და აღვიდეს ზეცად ღრუბლითა და იხილნეს იგინი მტერთა მათთა“ [14].

წმიდა წინასწარმეტყველ ზაქარიას წიგნში კი ამასთან დაკავშირებით შემდეგი სწერია: „და ორნი ზეთისხენი ზედაით მისსა, ერთი მარჯუენით ლამპრისა მისისა და ერთი მარცხენით და ვიკითხე... რა არიან ესენი, უფალო? და მითხრა მე: ესე ორნი ძენი პოხიერებისანი, წარდგომილ არიან უფლისა ყოველისა ქუეყანისასა“ [15]. წინასწარმეტყველი ზაქარია ამ ორ ზეთისხილის ხეში ორ წინასწარმეტყველს - ელიას და ენუქს გულისხმობს, ამას თავის „თარგმანება იოანეს გამოცხადებისაში“ წმიდა ანდრია კრიტელიც ამტკიცებს.

წმიდა წინასწარმეტყველ მალაქიას წიგნში ერთი ამ ორ მოწამეთაგან პირდაპირაა დასახელებული: „და აჰა, მე მოგივლენ თქვენ ელია თეზბიტელსა პირველ მოსვლისა დღისა უფლისაისა დიდსა და განჩინებულსა, რომელმან კუალად მოაგოს სული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა მოყუსისა მიმართ. ნუ მოსრულმან, მოვსპო ქვეყანაი მყის“ [16].

ეკლესიის დიდი მოძღვარნი, წმიდა მამები - ეფრემ ასური (იხ. მისი „სიტყვა უფლის მეორედ მოსვლისათვის“) და იოანე დამასკელი („ზუსტი გარადმოცემა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა“, წგ.IV, თ.26) გვასწავლიან, რომ ორი მოწამის სახით, რომელთა ამქვეყნად მოვლინება ჯერ-არს ქვეყნის დასასრულის წინ, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი ელია და ენუქ უნდა შევიცნოთ.

საეკლესიო გადმოცემაც, შემონახული ჩვენს საღვთისმსახურო წიგნებში, ასევე ლაპარაკობს ამ ამბის პირდაპირ, სიტყვასიტყვით გაგებაზე და არავითარ საფუძველს არ გვაძლევს ელიასა და ენუქის მოვლინების სხვაგვარი, იგავური განმარტებისათვის.

მაგალითად, ხორციელის კვირაში საკითხავ სვინაქსარში ნათქვამია, რომ ქვეყნის დასასრულამდე შვიდი წლით ადრე სიტყვისაებრ დანიელ წინასწარმეტყველისა, მოვლენ ენუქ და ელია, რომელნიც ადამიანებს უქადაგებენ არ მიიღონ და არ აღიარონ იგი (ანტიქრისტე) ღვთის მსახურად. ის კი დასტანჯავს მათ და თავებსაც წარჰკვეთს. კვალად, ელია წინასწარმეტყველის მსახურებაში წერია: „ელია თეზბიტელო, უხრწნელად დაგბადა ღმერთმა, რათა სიკვდილი არ იგემო, ვიდრე ყოველგნით არ იქდაგებ ქვეყნის დასასრულისთვის!“ ტროპარში ელია წინასწარმეტყველი განიდიდება როგორც „მეორე წინამორბედი ქრისტეს ამქვეყნად მეორედ მოსვლისა“.

სვინაქსარში (20 ივლისი) ვკითხულობთ: წინასწარმეტყველი ღმერთისა წმიდა ელია, ცეცხლოვანი ეტლით ზეცად აღტაცებული, დღესამომდე ცოცხალია და იგი ხორციელად იყო ხილული თაბორის მთაზე სამი წმიდა მოციქულის მიერ უფლის ფერისცალების ჟამს, და ამგვარადვე ხორციელად ხილული იქნება მოკვდავ ადამიანთაგან ამქვეყნად უფლის მეორედ მოსვლის წინ. თავიდან აიცილა რა ხორციელი სიკვდილი იეზაბელის მახვილისაგან, იგი ევნება ანტიქრისტეს მახვილით და უზენაესი დიდების ღირსი გახდება სამართლიანი სასყიდლის მიმგები ღმერთისაგან არა მხოლოდ როგორც წინასწარმეტყველი, არამედ როგორც წმიდა მოწამეც“.

იმავე დღის „მეტაფრასში“ ნათქვამია: „ესე ელია, ენუქთან ერთად უნდა მოვიდეს ამქვეყნად ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ანტიქრისტეს სამხილებლად და მორწმუნეთა სანუგეშებლად“, მაგრამ მიუხედავად ყველა ამ გაფრთხილებისა, ადამიანთა უმრავლესობა, თავისი ხორციელი გონების მიზეზით, არა თუ ვერ დაინახავს ანტიქრისტეს გარეგნული სათნოების მთელ სიყალბეს, არამედ მეტიც - აღტაცებით შეხვდება მას და განადიდებს კიდეც. ეფრემ ასური წერს, რომ როდესაც ხალხი ესოდენ „სათნოებათ“ და „ძალთ“ იხილავს, ყველას ერთი აზრი გაუჩნდება - მეფედ აღიაროს და გამოაცხადოს იგი, და ერთურთს ასე ეტყვიან: მოიძებნება კი კაცი, ეგზომ კეთილი და მართალიო!

პირველნი დიდნი მსხვერპლნი ანტიქრისტეს სასტიკი დევნულებისა გახდებიან მისი მამხილებელნი - წმიდა წინასწარმეტყველნი ელია და ენუქ.

„როდესაც წყეული იგი ხელმწიფება დაინახავს ელიასა და ენოქს, რომლებიც ადამიანებს უქადაგებენ რათა მათ არ მიიღონ ბეჭედი ანტიქრისტესი, მათ შეპყრობას ბრძანებს. წინასწარმეტყველნი კი ადამიანებს დაარწმუნებენ, რათა ისინი არ აღიბეჭდონ ანტიქრისტეს ბეჭდით, ეტყვიან მათ, რომ ვინც გამოავლენს მოთმინებას და არ მიიღებს წყეულ ბეჭედს, იგი გადარჩება და უფალი უსათუოდ დაუმკვიდრებს მას სასუფეველს მხოლოდ იმის გამო, რომ არ მიიღო ბეჭედი. დაე, ყველამ გამუდმებით გამოისახოს პატიოსანი ჯვრის ნიშანი, ყოველ საათს გადაიწეროს პირჯვარი, რამეთუ ბეჭედი ჯვრისა ადამიანს ჯოჯოხეთის სატანჯველისაგან განათავისუფლებს. ხოლო ანტიქრისტეს ბეჭედი კი კაცთა მოდგმას საუკუნო სატანჯველში ჩაჰყრის. უკეთუ მოგშივდეთ და მოგინდეთ საზრდო, მცირეოდენი ხანი მოითმინეთ და ღმერთი, თქვენი მოთმინების მხილველი, დახმარებას ზეციდან გამოგიგზავნით. უფლის შეწევნით თქვენ განცხოველდებით (სიტყვასიტყვით - ცხოვლად (ცხადად) დანაყრდებით. უკეთუ არ გამოიჩენთ მოთმინებას და მაინც მიიღებთ არაწმიდა მეფის ბეჭედს, იცოდეთ, რომ ამის გამო მწარედ ინანებთ.

ეტყვიან კაცნი ენოქსა და ელიას: „რატომ ემადლიერებიან ანტიქრისტეს ის ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ბეჭედი?“ - მაშინ მიუგებენ მათ ენოქ და ელია: „დიახ, ემადლიერებიან, მაგრამ ვინ არიან მისი მადლიერნი? (ანუ ვინ ჰმადლობს მათ ბაგით?). ადამიანები კი არ უხდიან მას მადლობას, არამედ მარტოდენ თავად ბეჭედი (ანუ ბოროტება, რომელიც გაბატონდება ადამიანებზე, მათივე ბაგით გამოხატავს შექცევასა და სიხარულს, რამეთუ მან მოასწრო და დაღუპა ისინი, როგორც ეს იციან ხოლმე ავკაცებმა, რომლებიც ჩადენილი სივერაგის გამო დღესასწაულობენ და ხარობენ).

და რა არის მათი მადლიერება? მათი მადლიერება არის ის, რომ მათში ჩაბუდდა სატანა, განსხეულდა ადამიანის გრძნობაში და ადამიანი უკვე ვეღარ აღიქვამს იმას, თუ რა უბედურება ტრიალებს მის თავს.

ის ვინც აღიბეჭდება ანტიქრისტეს ნიშნით, დემონად გადაიქცევა, თუმცა-კი დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ვერ გრძნობს ვერც შიმშილსა და ვერ წყურვილს, მაგრამ შია და სწყურია კიდევ უფრო მეტად, და არა მარტო მეტად, არამედ შვიდგზის უფრო მეტად, ვიდრე თქვენ. თქვენ მხოლოდ მცირე ხნით მოითმინეთ. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ის, ვინც იღებს ანტიქრისტეს ბეჭედს, ცოცხლებში აღარ წერია? (ანუ სულით უკვე მკვდარია და მას მარადიული სატანჯველი ელოდება), ნუთუ, თქვენც ასევე გსურთ, რომ დაუშრეტელ სატანჯველში დაიღუპოთ ამ ბეჭედთან ერთად და იქ იმათთან ერთად ეწამოთ, ვინც წყეული ბეჭდით დაიტვიფრნენ? და სადაც არს „ტირილი და ღრჭენაი კბილთა?“ და სხვა მრავალი ამგვარი მოძღვრებით განსწურთნიან კაცთა ენოქი და ელია.

გაიგებს ანტიქრისტე, რომ ორი ადამიანი ქადაგებს მის წინააღმდეგ და უწოდებს მას მაცდურს, გრძნეულს, მატყუარასა და მზაკვარ ეშმაკს. გაიგებს და განრისხებული მათ შეპყრობასა და მის წინაშე მიყვანას ბრძანებს. როდესაც მის განკარგულებას შეასრულებენ, იგი ელიასა და ენოქს მლიქვნელური სიტყვებით ჰკითხავს: „ჰოი, ვითარ დაღუპული ცხვრები ხართ, რამეთუ არ აღბეჭდილხართ სამეფო ბეჭდით?“ და მაშინ მიუგებენ მას ენოქი და ელია: „მაცდურო და მატყუარავ! დემონო! შენს გამო ესოდენი სული წარწყმდა ჯოჯოხეთსა შინა! წყეულიმც იყოს ბეჭედი შენი შენსავე ხელმწიფებასთან ერთად! წყეულმა ბეჭედმა და წაბილწულმა მეფობამ შენმან დაამხო და წარწყმიდა სოფელი ესე. ძვირშემთხვეულობამ შენმან მიიყვანა ქვეყენიერება ამ ყოფამდე, დაიღუპა სოფელი და დადგა აღსასრული მისი...“ - ასეთ სიტყვებს მოისმენს ანტიტიპი ენოქისა და ელიასაგან და ეტყვის მათ: „როგორ ბედავთ ჩემს, თვითმპყრობელისა და მეფის, წინაშე ამგვარ ლაპარაკს?“ და მიუგებს ელია: „მეფობაი შენი გვძაგს, ხოლო დიდებასა შენსას კი შენს ბეჭედთან ერთად შევაჩვენებთ!“ - ამგვარი შეურაცხმყოფელი პასუხით ისე გამძვინვარდება ანტიქრისტე, რომ ცოფიან ძაღლს დაემსგავსება და ორივე წინასწარმეტყველს საკუთარი ხელით მოჰკლავს (წმ. ნილოს მირონმდინარე - „სიკვდილისშემდგომი შეგონებანი...“).

ეს ამბავი ნაწინასწარმეტყველებია იოანეს გამოცხადებაში, სადაც ნათქვამია: „და რაჟამს აღასრულონ წამებაი მათი (ძაძით მოსილმა „ორმა მოწამემ“ ღმერთისა), მხეცმან მან, რომელი აღმოვალს უფსკრულით, ბრძოლა-ყოს მათ თანა და სძლოს და მოკლნეს იგინი. და მძორები მათი უბანთა ზედა ქალაქის მის დიდისათა, რომელსა ეწოდების სულიერად სოდომი და ეგვიპტე, სადა-იგი უფალი მათი ჯვარს-ეცვა. და იხილონ ერთა და ტომთა და ენათა და წარმართთა მძორები მათი სამ დღე და ნახევარ და არა უტეონ მძორებსა მათსა დადებას სამარესა შინა. და მკვიდრთა ქვეყანისათა განიხარონ მათ ზედა და იშვებდნენ და ძღვენი მისცენ ურთიერთას, რამეთუ ამათ ორთა წინასწარმეტყველთა ტანჯეს მკვიდრნი ქვეყანისანი. და შემდგომად სამისა მის და ნახევარისა დღისა სული ღმერთისაი ცხოველი შევიდა მათ თანა, და აღდგეს ფერხთა ზედა მათთა და შიში დიდი დაეცა მათ ზედა, რომელნი ჰხედვიდეს მათ. და მესმა ხმაი დიდი ზეცით, რომელი ეტყოდა მათ: აღმოვედით აქა! და აღვიდეს ზეცად ღრუბლითა. და იხილნეს იგინი მტერთა მათთა. მას დღესა შინა იქმნა ძრვაი დიდი, და მეათედი ქალაქისაი დაეცა, და მოსწყდეს ძრვისა მისგან კაცნი შვიდ ათასნი, და სხვანი იგი შეშინებულ იქმნეს და მისცეს დიდებაი ღმერთსა ცათასა“ [17].

ამის შემდეგ უნდა აღსრულდეს ღირსშესანიშნავი რამ, რაც უნდა მიეწეროს ამ წმიდა წინასწარმეტყველთა ქადაგების ძალას, მათს საკვირველ აღდგომას მკვდრეთით და ზეცად ამაღლებას, - მოხდება ის, რომ ანტიქრისტეს თანამედროვე იუდეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჭეშმარიტ რწმენაზე მოიქცევა და ქრისტეს შეუდგება. ამასთან დაკავშირებით ნეტარი თეოფილაქტე წერს: „ელია... მოვა როგორც წინამორბედი ქრისტეს მეორედ მოსვლისა, და ჭეშმარიტ რწმენას ქრისტესას დაუბრუნებს ყველა ებრაელს, ვინც კი მდაბალი და მორჩილი აღმოჩნდება, და მამათა მემკვიდრეობას დაუბრუნებს მათ, რაც ამდენი ხნის განმავლობაში დაკარგული ჰქონდათ“.

საფუძველს ამგვარი მტკიცებისათვის ვპოულობთ თვით საღმრთო წერილში, სადაც შემდეგია ნაწინასწარმეტყველები:

ა) მალაქიას წინასწარმეტყველება: „და აჰა, მე მოგივლენ თქვენ ელიას თეზბიტელსა პირველ მოსლვისა დღისა უფლისასა, დიდსა და განჩინებულსა, რომელმაც კვალად მოაგოს გული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა - მოყვასისა მიმართ მისისა. ნუ მოსრულმან მოვსპო ქვეყანა მყის“ [18].

ბ) ესაიას წინასწარმეტყველება: „და იყოს მას დღესა შინა, არღა მერმე, შეეძინოს დაშთომილი ისრაელსა. და განრომილნი იაკობისანი არღა მერმე არმოსავ იყვნენ, მიმძლავრებულთა მიმართ მათთა, არამედ იყვნენ მოსავ ღმერთისა მიმართ წმიდისა ისრაელისასა ჭეშმარიტებითა. და იყოს დაშთომილი იაკობისი ღმერთისა მიმართ ძლიერისა“ [19].

გ) იგივეს გულისხმობს პავლე მოციქულიც, რომელსაც მოჰყავს ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „ხოლო ესაია ღაღადებს ისრაელისთვის: დაღათუ იყოს რიცხვი იგი ძეთა ისრაელისათაი ვითარცა ქვიშაი ზღვისაი, ნეშტნი ოდენ ცხონდეს [20];

დ) ზაქარიას წინასწარმეტყველება: „და იყოს მას დღესა შინა ვიძიო მოსპობა ყოველთა წარმართთა, მიმავალთა იერუსალემსა ზედა. და მივჰფინო სახლსა ზედა დავითისსა და დამკვიდრებულთა ზედა იერუსალემისათა სული მადლისაი, სიხარულისა და თანალმობისაი, და მოიხილონ ჩემდამო მის წილ, რომლისა მიმართ უგმირეს“ [21].

ე) ყველა ამ წინასწარმეტყველებას აგვირგვინებს ღვთაებრივი პავლე მოციქულის ღმრთივსულიერი სიტყვები: „და იგინი (იუდეველები), თუ არა დაადგრენ ურწმუნოებასა მათსა ზედა, და-ვე-ემყნენ, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი კვალად დამყნად მათდა. უკუეთუ შენ (ანუ რომაელი - წარმართი, მოქცეული ქრისტეს რწმენაზე) ბუნებითისა მისგან მოეკვეთე ველურისა ზეთისხილისა და გარეშე ბუნებისა დაემყენ კეთილსა ზეთის ხილსა, რაოდენ უფროის იგინი ბუნებითსა მას დაემყნენ თვისსავე მას ზეთისხილსა! არა მნებავს უმეცრებაი თქუენი, ძმანო, საიდუმლოისა ამის, - რაითა არა იყვნეთ თავით თვისით ბრძენ, - რამეთუ სიბრმე ჟამითი ჟამად შეჰყვა ისრაელსა, ვიდრემდე სავსებაი იგი წარმართთაი შემოხდეს. და ესრეთ ყოველი ისრაელი ცხონდეს, ვითარცა წერილ არს: მოვიდეს სიონით მხსნელი და მოაქციოს უღმრთოებისაგან იაკობი“ [22].

ვლ. სოლოვიოვს, რომელიც ცდილობდა, წმიდა ელიასა და ენუქის ამქვეყნად მოვლინებასთან დაკავშირებული ყველა წინასწარმეტყველება საღმრთო წერილისა იგავურად, არაპირდაპირი მნიშვნელობით განემარტა, უნებლიეთ უნდა შეეცოდა უფლის ამ ორი მოწამის მოღვაწეობასთან დაკავშირებული დიდი მოვლენის - ქრისტესადმი ისრაელის „ნეშტის“ მოქცევის ახსნა-განმარტებაშიც (იხ. მისი ესქატოლოგიური შრომა - „სამი საუბარი“, თავი - „სიტყვა ანტიქრისტეზე“). მისი ინერპრეტაციით, როდესაც იუდეველები შეიტყობენ, ჩვენს მიერ ჭეშმარიტ მესიად მიჩნეული კაცი (ანუ ანტიქრისტე) წინადაცვეთილი არ არისო, ისინი ზურგს შეაქცევენ მას, უარყოფენ და ქრისტიანობას მიიღებენო. თუკი ეს ვარაუდი - ანტიქრისტეს წინადაუცვეთელობა - მართლაც ნამდვილი აღმოჩნდება, ფანატიკურად განწყობილ იუდეველებს იგი მხოლოდ იმას აიძულებს, რომ უარყონ ასეთი „მესია“, ანუ ანტიქრისტე, და სხვას, მესიისათვის უფრო შესაფერ კანდიდატს დაუწყონ ლოდინი. მართლაც, ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ამბავი, ანუ მომავალი ანტიქრისტეს შესაძლო წინადაუცვეთელობა, გახდეს იმის მიზეზი, რომ იუდეველებმა უარი თქვან თავიანთ ეროვნულ-სარწმუნოებრივ იდეოლოგიაზე და ქრისტეს რწმენა შეიძინონ. განა აქამდე იუდეველთა ისტორიაში მრავლად არ ყოფილან მესიის წოდების მისაღებად ამაოდ გარჯილი პრეტენდენტები, რომელნიც წინამძღვრობდნენ რომის წინააღმდეგ აღძრულ აჯანყებებს?! ასეთი „მესიანი“, დიახაც, რომ ჰყოლია ისრაელს, მაგრამ შემდგომი იმედის გაცრუება არასოდეს არ აიძულებდა იუდეველებს უარეყოთ თავიანთი რწმენა, თავიანთი იდეოლოგია, და ერთადერთ ჭეშმარიტ სარწმუნოებად ქრისტიანობა ეღიარებინათ.

ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში, როგორიც არის, უფრო სწორად, როგორიც იქნება უფლის მეორედ მოსვლის წინ იუდეველთა ნაწილის („ისრაელის ნეშტის, დაშთომილის“) საკვირველი მოქცევა ქრისტესადმი, მთლიანად შეიძლება განპირობებული იყოს მხოლოდ უფლის ორი დიდი წინასწამეტყველის - ელიასა და ენუქის ქადაგების ზემოქმედებით; ისინი ხომ სამ-ნახევარი წლის მანძილზე დაუფარავად ამხილებენ ანტიქრისტეს და დიდი ღვთაებრივი ძალითაც იქნებიან შემოსილნი, ამასთან, უდიდესი ზეგავლენა ექნება მათს მოწამეობრივ აღსასრულს, სასწაულებრივ აღდგომას მკვდრეთით და ზეცად ამაღლებას, რისი მოწმენიც სწორედ ისრაელში მცხოვრებნი გახდებიან. როგორც ვნახეთ, ამასვე გვიდასტურებს საღმრთო წერილიც, რომლის ზემოთ მოყვანილი წინასწარმეტყველებანი „ისრაელის ნეშტის“ მოქცევას ქრისტეს რწმენაზე სწორედ ელიასა და ენუქის მოღვაწეობას მიაწერენ.

იუდეველთა ეს მოქცევა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე ანტიქრისტეში მძვინვარე გაბოროტებას გამოიწვევს საერთოდ ქრისტიანთადმი და მაშინ იყოს „ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაით ვიდრე აქამომდე“ [23]; „და მიეცა მას (მხეცს - ანტიქრისტეს) ბრძოლისაცა-ყოფად წმიდათა მიმართ და ძლევად მათდა; მიეცა მას ხელმწიფებაი ყოველსა ზედა ტომსა და ერსა და ენასა და ნათესავსა“ [24].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (მარკ. 6:7)
  2. (გამოცხ. 11:6)
  3. (გამოსვლა 7:16-18)
  4. (3 მეფეთა 17:1-7)
  5. (დაბ. 5:24); (ებრ. 11:5); (ზირ. 49:14)
  6. (4 მეფ. 2:11)
  7. (მართლმადიდებლური სწავლება ე.ი. ელია და ენოქი)
  8. (2თეს. 2:3, 2:9)
  9. (გამოცხ. 11:3)
  10. (დან. 7:8)
  11. (გამოცხ. 11:7)
  12. (დან. 12:11-12)
  13. (2თეს. 2:8)
  14. (გამოცხ. 11,3-7,11-12)
  15. (ზაქარია 4,3-4,14)
  16. (მალაქია 4,5-6)
  17. (გამოცხ. 11,7-13)
  18. (4, 5-6)
  19. (10, 20-21)
  20. (რომ. 9,27; იხ. ესაია 10,22)
  21. (12, 9-10)
  22. (რომ. 11,23-26; იხ. ესაია 27,19)
  23. (მათე 24,21)
  24. (გამოცხ. 13,7)