აპამეის ზავი

აპამეის ზავი — სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ძვ. წ. 188 წელს რომის რესპუბლიკასა და სელევკიდების იმპერიის მმართველ ანტიოქოს III-ს შორის. მან დაასრულა რომაულ-სელევკიდური ომი. ხელშეკრულება გაფორმდა რომაელთა გამარჯვებების შემდეგ თერმოპილეს ბრძოლაში (ძვ. წ. 191 წელს), მაგნეზიის ბრძოლაში (ძვ. წ. 190 წელს), და რომაელთა და როდოსელთა საზღვაო გამარჯვებების შემდეგ სელევკიდების ფლოტზე.
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხელშეკრულების თანახმად, აპიანეს ცნობით, ანტიოქოს III-ს უნდა დაეტოვებინა ევროპა სრულიად და აზიის ყველა ნაწილი ტავროსის მთების დასავლეთით. მას უნდა ჩაებარებინა ყველა საბრძოლო სპილო, რომელიც მის მფლობელობაში იყო და შეეზღუდა ფლოტი თორმეტ სამხედრო ხომალდამდე რათა გაეკონტროლებინა ქვეშევრდომები, თუმცა მას უფლება ჰქონდა აეგო მეტი ხომალდი თავდასხმის შემთხვევაში. ანტიოქოსს აეკრძალა დაქირავებული მეომრების რეკრუტირება ტავროსის ჩრდილოეთით (ტერიტორიიდან, რომელიც გადაეცა რომის მოკავშირეებს პერგამონსა და როდოსს) და ამავე ტერიტორიიდან ლტოლვილების შეფარება. ანტიოქოსს უნდა გადაეცა ოცი მძევალი, რომელთაც რომის კონსული შეარჩევდა. მძევლები უნდა შეცვლილიყვნენ ყოველ მესამე წელს, გარდა ანტიოქოსის ვაჟისა. მომავალში მას აღარ უნდა ჰყოლოდა სპილოები. სელევკიდები იძულებული გახდნენ გადაეხადათ 15 000 ტალანტი ვერცხლის კომპენსაცია, 500 ევბეური ტალანტი დაუყოვნებლივ, კიდევ 2 500 როდესაც რომის სენატი დაამტკიცებდა ხელშეკრულებას, და 1 000 ტალანტის ოდენობით ყოველწლიური გადასახადი მომდევნო თორმეტი წლის განმავლობაში. სელევკიდები იძულებული გახდნენ გადაეცათ ყველა ტყვე და დეზერტირი თავის მტრებისთვის.
რომმა პერგამონის მეფე ეუმენესს მცირე აზიის დიდი ნაწილზე კონტროლი გადასცა. ანტიოქოსმა შეინარჩუნა კილიკიის რეგიონი, მაშინ როცა ლიკიისა და კარიის უმეტესი ნაწილი როდოსის პერეიას ნაწილი გახდა. ელინისტი მეფეები, როგორც წესი, პატიოსნების საფუძველზე თავიანთი სიცოცხლის განმავლობაში აღიარებდნენ მათ მიერ ხელმოწერილ ნებისმიერ ხელშეკრულებას. მეორე მხრივ მათი მემკვიდრეები არ გრძნობდნენ არანაირ ვალდებულებას იმ ხელშეკრულებების მიმართ, რომლებსაც მათმა წინამორბედებმა ხელი მოაწერეს. ხელშეკრულების საზღვაო პირობები, როგორც ჩანს მოქმედებიდან გამოვიდა, მაგრამ დანარჩენი პირობები ძალაში დარჩა.
ხელშეკრულება ფორმალურად გაფორმდა აპამეაში, ფრიგიაში. მან რომაელებს საშუალება მისცა გაეფართოებინათ თავიანთი პოლიტიკური ჰეგემონია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე. მაგრამ ამ დროს რომაული ძალაუფლება კვლავ არაპირდაპირი იყო და იგი დამოკიდებული იყო მეორე რანგის ძალების, როგორიცაა პერგამონისა და როდოსის მოკავშირეობაზე. მკაცრმა რეპარაციებმა დაასუსტა სელევკიდების იმპერია, გამოიწვია ფულის დეფიციტი და შეასუსტა სელევკიდების უნარი ემართათ თავიანთი სახელმწიფო.[1]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Gera, Dov (1998). Judaea and Mediterranean Politics 219 to 161 B.C.E. Leiden: Brill. p. 93. ISBN 90-04-09441-5.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Gera, Dov (1998). Judaea and Mediterranean Politics 219 to 161 B.C.E. Leiden: Brill. p. 93. ISBN 90-04-09441-5.