ანძისის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანძისის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანძისის ჩრდილო-დასავლეთით 1 კმ-ზე. აგებულია შუა საუკუნეებში. ეკლესია სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 1 კმ-ზე მდებარეობს. ძეგლი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვით. ფასადები შემდეგ შებათქაშებულ-შეთეთრებულია. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია ვიწრო, თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ძირში და ჩრდილოეთ კედელთან ტრაპეზის ქვები დევს. სამხრეთით და ჩრდილოეთით ნიშებია, რომელთაგან სამხრეთის საკმაოდ ღრმაა. კონქი ნახევარსფერულია. სატრიუმფო თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ შემორჩენილია კანკელის ქვედა ქვები.

ცილინდრული კამარა კედლის წყობაშია ჩართული. ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებს ერთსაფეხურიანი ხარისხი მიუყვება. ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთის და სამხრეთის, შიგნით სწორკუთხა გარეთ თაღოვანი სარკმლებით. ყველა კედელი შებათქაშებულ-შეთეთრებულია. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესიის ფასადები სრულიად სადაა. კარნიზი მარტივპროფილიანია. საბურავად გამოყენებულია შიფერი. სამხრეთით მინაშენის ფრაგმენტებია შემორჩენილი. ბათქაში მრავალ ადგილას ჩამოცვენილია, დაზიანებულია ხარისხი, სარკმლები და კანკელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 7-8