ანტონიო უნეუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანტონიო უნეუს განა (ესპ. Antonio Huneeus Gana; დ. 4 ივლისი, 1870 – გ. 9 იანვარი, 1951) — საქართველოს მხარდამჭერი, ჩილეს წარმომადგენელი ერთა ლიგის ყრილობაზე, სადაც ლიგაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიღების საკითხი იხილებოდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ჟენევაში ახლადშექმნილ ერთა ლიგაში გაწევრიანება, რაც ქვეყნის საერთაშორისო სუბიექტად აღიარების საქმეში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნებოდა. ამ მიზნით, 1919 წლის შემოდგომაზე ჟენევაში მთავრობის დიპლომატიური მრჩეველი, ზურაბ ავალიშვილი მიავლინეს. ახლად შექმნილი საერთაშორისო გაერთიანების მიმართ, განსაკუთრებული იმედის მზერა ჰქონდათ მიპყრობილი ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე აღმოცენებულ ახალ სახელმწიფოებს. ისინი განსაკუთრებული ნდობით ეკიდებოდნენ ლიგის მეათე მუხლს, რომლის თანახმად: „ლიგის წევრები თავიანთ თავს მოვალედ თვლიან, პატივით მოეპყრან და ყოველივე გარეშე თავდასხმისაგან დაიცვან ტერიტორიული მთლიანობა და ლიგის ყველა წევრი სახელმწიფოს ახლანდელი დამოუკიდებლობა; თუ ადგილი ექნა თავდასხმას, მუქარას ან თავდასხმის საშიშროებას, საბჭო მოისაზრებს იმ საშუალებებს, რომელნიც უზრუნველჰყოფენ მიღებული მოვალეობის სისრულეში მოყვანას“. საქართველოს კანდიდატურის შესახებ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ევგენი გეგეჭკორისა და ზურაბ ავალიაშვილის ხელმოწერით, ერთა ლიგის წევრობაზე განცხადებული კანდიდატურის შესარჩევად ჩილეს წარმომადგენლის, ანტონიო უნეუსის თავმჯდომარეობით, ერთა ლიგის საერთო კრების განსაკუთრებული წევრებისგან შემდგარი მეხუთე კომისია შეიკრიბა. საკითხი საქართველო, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და კოსტა-რიკის შესახებ, შესასწავლად გადაეცა ეგრეთ წოდებულ მესამე ქვეკომისიას, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ნორვეგიელი მკვლევარი ფრიტიოფ ნანსენი ხელმძღვანელობდა, ხოლო წევრებად შედიოდნენ: პროფ. ტომა იონესკუ (რუმინეთი), ე.დ. მილლენი (ავსტრალია), სპალაჰიკოვიჩი (იუგოსლავია) და ციან ციაჰიფუ (ჩინეთი). აღნიშნულ ქვეკომისიას ერთა ლიგაში გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე სახელმწიფოებისთვის ყველა კანდიდატურა უნდა შეესწავლა, შემდეგი კითხვების მიხედვით:

  1. ფორმალური კანონიერება ლიგაში მიღების შუამდგომლობისა;
  2. შუამდგომლობის აღმძვრელი მთავრობა ცნობილია თუ არა დე იურე ან დე ფაქტო და, სახელდობრ, რომელი სახელმწიფოების მიერ;
  3. კანდიდატი არის თუ არა მტკიცე მთავრობისა და გარკვეული საზღვრების მქონე ერი; მდებარეობა და მოსახლეობა;
  4. აქვს თუ არა სახელმწიფოს თავისუფალი მართვა-გამგეობა;
  5. როგორია მისი განწყობა თანახმად აქტებისა და დეკლარაციებისა ანუ საერთაშორისო მოვალეობებისადმი.

ანტონიო უნეუსის კომისიამ დადებითი დასკვნა დადო და მხარი დაუჭირა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთა ლიგაში გაწევრიანების საკითხს. საერთაშორისო სამართლის გამოჩენილი ფრანგი სპეციალისტი, სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი ლუი ლე ფური აღნიშნავს: „ნაციათა ლიგის კრების პირველ სესიაზე 1920 განიხილეს საკითხი საქართველოს მიღების შესახებ. საქართველოს დელეგაციამ სამშვიდობო კონფერენციაზე, 1919 წლის 26 მაისს, წარმოადგინა საქართველოს მთავრობის სახელით მოთხოვნა, რათა დაშვებული ყოფილიყო წევრად, თანახმად ნაციათა ლიგის პაქტის პირობებისა. ამ უნიუესი ანტონიო 432 საგნის განხილვის დროს, როგორც მეხუთე კომისიაში, ისე ლიგის საერთო კრებაზე არცერთ წევრს არ გამოუცხადებია პრინციპული წინააღმდეგობა საქართველოს დაშვებისა. კრებამ, თანახმად კომისიის წინადადებისა, გადაწყვიტა საქმის გადადება, ეს მოხდა 1920 წლის 16 დეკემბერს. მანამდე მიმდინარეობდა ამ საკითხთან დაკავშირებული დეტალების განხილვა და მოსმენა ერთა ლიგის მეხუთე კომისიაში გადადების მოსაზრება ის იყო, რომ საქართველო, როგორც მეზობელი საბჭოთა რუსეთისა, რომელიც ნაციათა ლიგის გავლენის გარეშე იმყოფებოდა, საფრთხეში იყო ჩავარდნილი რუსეთის აგრესივობით. პაქტის მეათე მუხლის ძალით, რომელიც უზრუნველყოფს ყველა წევრის ტერიტორიის მთლიანობას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ნაციათა ლიგა ვალდებული იქნებოდა დახმარება აღმოეჩინა საქართველოსთვის განსაცდელის დროს. ხოლო ლიგას არ მოეპოვებოდა საშუალება ნამდვილი დახმარების გასაწევად და ეს შეუძლებლობა ზიანს მიაყენებდა მის ავტორიტეტს.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლელა სარალიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 431-432.