შინაარსზე გადასვლა

ანტონიო პასკალ ესპანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტონიო პასკალ ესპანელი
დაბადების თარიღი 31 დეკემბერი, 1755
ნეაპოლი, იტალია
გარდაცვალების თარიღი 20 აპრილი, 1817, (61 წლის)
მადრიდი, ესპანეთი
ეროვნება ესპანელები
წოდება ესპანეთის ინფანტი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) მარია ამალია ესპანელი
მშობლები მამა: კარლ III, ესპანეთის მეფე
დედა: მარია ამალია საქსონიელი

ანტონიო პასკალ ესპანელი (ესპ. Antonio Pascual de España; დ. 31 დეკემბერი, 1755 — გ. 20 აპრილი, 1817) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე კარლ III-ისა და დედოფალ მარია ამალია საქსონიელის უმცროსი ვაჟი. ესპანეთის მეფე კარლ IV-ისა და ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ის უმცროსი ძმა. ცოლად ჰყავდა საკუთარი ძმის შვილი მარია ამალია ესპანელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია.

ანტონიო პასკალის გერბი

ანტონიო პასკალი დაიბადა 1755 წლის 31 დეკემბერს ნეაპოლში. იგი იყო ნეაპოლისა და სიცილიის მეფე კარლ III-ისა და დედოფალ მარია ამალია საქსონიელის ნაბოლარა ვაჟი. ღრმა ბავშვობიდანვე იგი ჰუმანისტი რეპეტიტორების სწავლების ქვეშ იზრდებოდა თავის ძმასთან, კარლთან ერთად. 1759 წელს მისი ბიძა, ესპანეთის მეფე ფერდინანდ VI უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც ტახტზე მამამისი კარლ III ავიდა, რომელიც ცოლ-შვილთან ერთად ესპანეთში გადასახლდა. ეს ყოველივე ვერ აიტანა დედოფალმა მარია ამალია საქსონიელმა, ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და 1760 წელს გარდაიცვალა, რა დროსაც ანტონიო სულ ოთხი წლის იყო. ამის შემდეგ ანტონიო თავის უფროს და-ძმებთან: გაბრიელთან, მარია ხოსეფასთან და მარია ლუისასთან ერთად იზრდებოდა მადრიდის სამეფო კარზე.

1795 წლის 25 აგვისტოს 40 წლის ანტონიო პასკალმა ცოლად შეირთო თავისი ძმის, კარლის უფროსი ასული მარია ამალია, რომელიც ამ დროს 16 წლის იყო. ეს იყო ორმაგი დინასტიური ქორწინება, რა დროსაც მათთან ერთად იქორწინეს მარია ამალიას უმცროსმა დამ, მარია ლუისამ და ერტურიის მეფე ლუიჯიმ. მარია ამალია ქორწინებიდან სულ სამ წელიწადში, 19 წლის ასაკში გადაჰყვა მშობიარობას, რა დროსაც მან მკვდარი ბავშვი გააჩინა.

ნახევარკუნძულის ომის დროს იგი შატო დე ვალენსაში იყო გამოკეტილი სამეფო ოჯახის ბრძანებით. იგი მხარს უჭერდა აბსოლუტიზმს და მონაწილეობაც მიიღო თავისი ძმის შვილის, მეფე ფერდინანდ VII-ის ტახტზე აყვანაში. ანტონიო პასკალი გარდაიცვალა მადრიდში, 1817 წლის 20 აპრილს, 61 წლის ასაკში.