ანტოანეტა სტეფანოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტოანეტა სტეფანოვა

ანტოანეტა სტეფანოვა 2022 წელი
ქვეყანა (სპორტი) ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
ეროვნება ბულგარელი
დაბადების თარიღი 19 აპრილი, 1979 (1979-04-19) (44 წლის)
დაბადების ადგილი სოფია,ბულგარეთი
წოდება დიდოსტატი (2002)
ფიდე რეიტინგი 2470 (თებერვალი 2021)[1]
მაქსიმალური რეიტინგი 2560 (იანვარი 2003)

ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგ. Антоанета Стефанова; დ. 19 აპრილი, 1979, სოფია,ბულგარეთი) — ბულგარელი მოჭადრაკე. ქალთა შორის მსოფლიოს მე-10 ჩემპიონი (2004–2006 წლებში)[2], გარდა ამისა 2002 წელს ევროპის ოქროც მოიგო, ხოლო 2012-ში პლანეტის პირველობა სწრაფ ჭადრაკშიც დაისაკუთრა.[3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სოფიაში, 1979 წლის 19 აპრილს. ჭადრაკის თამაში 4 წლისამ ისწავლა. მამა ანდონმა რომ, შეამჩნია მისი გოგო ძალიან დაინტერესდა ამ სპორტით, თავიდანვე შეასწავლა და არც უნანია. 7 წლისა დედაქალაქის გამარჯვებული გახდა, ხოლო 1989 წელს აგუადილიაში 10 წლამდელ გოგონებს შორის მსოფლიოს პირველობა მოიგო. 1992 წელს ოქრო რიმავსკა-სობოტაში ევროპის 14 წლამდელ გოგონათა პირველობაზეც აიღო. 1993 წელს სამშობლოში კაცთა ჩემპიონატში მე-7 ადგილს დასჯერდა, ხოლო 1995 წელს ბულგარეთის ქალთა ჩემპიონატი მოიგო. 1997 წელს ჰავაის მე-4 საერთაშორისო ტურნირში მე-4 ადგილი დაიკავა[4]. ამ შედეგით დიდოსტატის პირველი ნორმა შეასრულა. 1998 წელს უკვე ფიდეს რეიტინგში ტრიუმფით შეიჭრა და ქალთა საუკეთესო ათეულში დაიკავა ადგილი, ხოლო 2002 წელს საერთაშორისო დიდოსტატის წოდებაც მიიღო. 2001 წელს ანდორის ტურნირზე მეორე ადგილზე გავიდა. ბულგარეთის ნაკრების შემადგენლობაში 5 ოლიმპიადაზე აქვს ნათამაშები, დებიუტი კი 1992 წელს მანილაში 13 წლისას ჰქონდა. 2000 წელს სტამბოლის ოლიმპიადაზე მწვრთნელმა იგი ვაჟთა ნაკრების შემადგენლობაში ჩასვა. წარმატებით გამოდის ტურნირებზეც. 2002-ის ივლისში სურაბაიაში ვისმილაკის საერთაშორისო[5] მე-8 კატეგორიის (საშუალო რეიტინგი 2446) ტურნირი მოიგო[6]. შეჯიბრი წრიული სისტემით ჩატარდა და 11 შესაძლებლობიდან 9,5 ქულა დააგროვა. 2004-ში ვეიკ ან ზეს სუპერტურნირზე, B ჯგუფში გამოვიდა და 14 მონაწილეს შორის 6 ქულით მეცხრე ადგილს დასჯერდა. 2008-ში კრასნოტურინსკში ურალის თასი მოიგო.[7] 2008-ში პეკინში მსოფლიოს ინტელექტუალურ თამაშებზე გამოვიდა. სწრაფში ოქრო მოიგო, ხოლო ბლიცში ვერცხლის მედალს დასჯერდა. 2017-ში კი იგივე თამაშებზე ბლიცშიც და სწრაფშიც ოქროები მოიგო[8]. ფიდეს რეიტინგში ყველაზე დიდი რეიტინგი 2003 წლის იანვარში 2560 პუნქტი ჰქონდა.

2008 წლის 18 ნოემბერი. დრეზდენი. საჭადრაკო ოლიმპიადა

ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმატებით ასპარეზობს ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატებზე. 2002 წელს ვარნაში ოქრო მოიგო[9]. იმავე წლის ივნისში ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოზე დიდოსტატის წოდება მიანიჭეს. 2004-ში დრეზდენში ბრინჯაოს შესწვდა, ხოლო მომდევნო წელს კიშინიოვში ვერცხლს. მეორე ადგილი დაიკავა 2011-ში თბილისში, ხოლო 2016-ში მამაიაში ბრინჯაოს მფლობელი გახდა.

მსოფლიოს ჩემპიონატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 1999 წლის გათმაშებაში ჩაება და 1995 წელს კიშინიოვში საერთაშორისო ზონალურ ტურნიზე გამოვიდა. შეჯიბრი შვეიცარიული სიტემით წარიმართა, ბულგარელმა 4-4 მოგება-წაგება გაიფორმა, 5 ყაიმით დაასრულა და 52 მონაწილეს შორის 28-ე ადგილს დასჯერდა.

2001[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წელს მოსკოვში პირველობა 64 ქალს შორის ნოკაუტ-სისტემით გაიმართა და სტეფანოვამ მხოლოდ პირველი წრე დასძლია. ჯერ აშშ-ის სახელით მოასპარზე პალავი შაჰს მოუგო 1,5:0,5, ხოლო შემდეგ ჩინელ ჟაოგინ პენთან 0:2 წააგო. სტეფანოვა მე-9 ნომრად იყო განთესილი.

2004[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოს ჩემპიონი კი 2004 წელს ელისტაში გახდა. თავიდან პირველობა მაისში კურორტ ბათუმს უნდა ემასპინძლა, თუმც იქ შექმნილი დაძაბული ვითარების გამო, ყალმუხეთის დედაქალაქში გადაიტანეს, სადაც 21 მაისიდან 4 ივნისამდე გაიმართა. ფიდემ 64 მოჭადრაკე ოლიმპიური წესით დააჯახა ერთმანეთს. მე-7 ნომრად განთესილმა ბულგარელმა ჩინელი ტან ჟონგის 2:0 ძლევით დაიწყო ასპარეზობა. შემდეგ მათ მიაყოლა უკრაინელები ტატიანა ვალსილევიჩი (3,5:2,5) და ნატალია ჟუკოვა (3:1). შემდეგ ორი ბრძოლა ქართველებთან ჰქონდა, მეოთხედფინალში ამომავალი ვარსკვლავი ნანა ძაგნიძე, დაძაბულ ბრძოლაში 2,5:1,5, გამოთიშა ასპარეზობას, ხოლო ნახევარფინალში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი და ტურნირზე მესამე ნომრად განთესილი მაია ჩიბურდანიძე 1,5:0,5. ფინალური შეხვედრა რუს ეკატერინა კოვალენსკაიასთან ჰქონდა. ბულგარელმა პირველივე პარტია შავებით მოუგო, მეორე თეთრებით, ხოლო მესამე ყაიმით დაუსრულა, შეხვედრაც ვადაზე ადრე მორჩა და საბოლო ანგარიში 2,5:0,5 დააფიქსირა. (რადგანაც რეგლამენტით ოთხი პარტია იყო განსაზღვრული).

მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4
ანტოანეტა სტეფანოვა დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი 1 1 = - 2,5
ეკატერინა კოვალენსკაია დროშა: რუსეთი რუსეთი 0 0 = - 0,5

იმავე წლის 22 ნოემბერს ქალაქ პლოვდივის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.

2006[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოზე წარუმატებლად გამოვიდა 2006 წელს, სადაც პირველ ნომრად განთესილმა მხოლოდ ერთი ეტაპის გადალახვა შესძლო. ჯერ ალჟირელი ამინა მეზიოუდი დაამარცხა 1,5:0,5, ხოლო შემდეგ პოლონელ ივეტა რაძიევიჩთან დამარცხდა 1:3.

2007 წელი. ევროპირველობაზე ჰერაკლიონში

2008[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოთხედფინალამდე უწია 2008 წელს, თუმც იქ გამოცდილ შვედ პია კრამლინგთან დამარცხდა 0,5:1,5. მანამდე პერუელი კარენ ძაპატა, ჩინელი ჟუ ვენჟენი (3:1) და უკრაინელი ინა გაპონენკო 2:0 გამოთიშა ასპარეზობას. სტეფანოვა მე-4 ნომრად იყო განთესილი.

2010[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვლავ ერთ ეტაპს დასჯერდა 2010 წელს ჰატაიში, სადაც მე-11 ნომრად იყო განთესილი. პირველ წრეში პერუელი ინგრიდ ალიაგა ფერნანდესი დაამარცხა 2:0, თუმც მეორეში ჩინელ ჰუან ციანთან 1:3 წააგო.

2012[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინალს უწია ორი წლის შემდეგ, სადაც მე-16 ნომრად იყო განთესილი. გათამაშებას რუსულმა ხანტი-მანსიისკმა უმასპინძლა, რომელიც 10 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე გაგრძელდა. ბულგარელმა მიყოლებით დაამარცხა: რუსი მარინა რომანკო 2:0, ყატარის სახელით მოასპარეზე, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ჟუ ჩენი 1,5:0,5, პოლონელი მონიკა სოცკო 2:0, ფრანგი მარი სებაგი 2:0, ინდოელი დრონავალი ჰარიკა 1,5:0,5 და ფინალში უკრაინელ ანა უშენინას დაუპირისპირდა. პირველი ორი პარტია ყაიმით დასრულდა, მესამე კი უკრაინელმა თეთრებით იმარჯვა და დაწინაურდა. ბოლო ტურში თამაშის გადასარჩენად ბულგარელს უცილობლად მოგება სჭირდებოდა. სტეფანოვამ ლაზიერის გამბიტით დაიწყო შეხვედრა და მარცხენა ფლანგის გავითარებას შეუდგა. უკრაინელმა იერიშებს მიმართა, თეთრებმა უკან დახიეს რაზმი, კედლები გაამაგრეს და იერიშის მოსაგერიებლად მოემზადნენ. ბულგარელმა წარმატებით მოიგერია შემოტევა, საპასუხოდ მარჯვენა მხრიდან დაარტყა, 33-ე სვლაზე შავი ხელმწიფე ლაზიერ-მხედრით ბლოკადაში მოაქცია და ალამიც აართვა. დამატებით სწრაფ პარტიებში უფრო სტეფანოვას გამარჯვებას ელოდნენ, რადგანაც სწრაფ ჭადრაკში მუდამ ძლიერი იყო. პირველი პარტია თეთრებით ყაიმით დაასრულა, მეორე კი შავებით დათმო და ტიტულს მეორედ ვეღარ შესწვდა. მეორე ადგილისთვის პრიზად 30 000 დოლარი ერგო.

მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 R1 R2
ანტოანეტა სტეფანოვა დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი 1 1 0 1 = 0 2,5
ანა უშენინა დროშა: უკრაინა უკრაინა 0 0 1 0 = 1 3,5

მანამდე ზაფხულის დასაწყისში კი ბათუმში ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

2015[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015-ში ორი ეტაპი გადალახა სოჭში, სადაც მე-9 ნომრად იყო განთესილი. პირველ ეტაპზე ვიეტნამელი ნგუიენ თჰი თჰან ანი 1,5:0,5 დაამარცხა, მეორეში უკრაინელი ირინა გაპონენკო 2,5:1,5, ხოლო მესამეში მომავალ ჩემპიონ მარია მუჟიჩუკთან დამარცხდა 0,5:1,5.

2017[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მე-7 ნომრად იყო თეირანში განთესილი. პირველ წრეში კუბელი იანიეტ მარერო ლოპესი დაამარცხა 2:0, შემდეგ ქართველი სალომე მელია 2,5:1,5, მესამეში ნინო ხურციძე 1,5:0,5, მაგრამ მეოთხედფინალში უკრიანელ ანა მუზიჩუკთან დამარცხდა 0,5:1,5.

2018[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მე-13 იყო რეიტინგით ხანტი-მანსისსკში, სადაც მხოლოდ ორი ეტაპი განვლო და მესამეში კვლავ ანა მუზიჩუკმა გამოთიშა ასპარეზობას 1,5:2,5. მანამდე კი ბულგარელმა პირველ ტურში აშშ-ის სახელით მოასპარეზე საბინა-ფრანჩესკა ფოისორი დაამრცხა 3:1, ხოლო მეორეში ყაზახი დინარა სადუაკასოვა 2,5:1,5.

ფიდეს გრან-პრი ქალთა შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009–2011 წლებში გრან-პრიზე 20 მონაწილეს შორის, ოთხი ტურნირში გამოვიდა, საბოლოოდ შეფასებით მე-9 ადგილს დასჯერდა და მომდევნო ეტაპზე ვერ გადავიდა. 2011-2012-ში 22 მონაწილეს შორის მე-14 იყო. მე-15 იყო 2013-2014-ში, ხოლო 2015–2016 წლებში მე-13.

ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბულგარეთის ნაკრების შემადგენლობაში 5 ოლიმპიადაზე აქვს ნათამაშები[10], დებიუტი კი 1992 წელს მანილაში 12 წლისას ჰქონდა. 2000 წელს სტამბოლის ოლიმპიადაზე მწვრთნელმა იგი ვაჟთა ნაკრების შემადგენლობაში ჩასვა. მისი მონაწილებით ყველაზე კარგი შედეგი 2010 წელს, ხანტი-მანსიისკში დადო, როდესაც ათეულში შევიდა. ბულგარეთის ნაკრები მე-8 ადგილზე გავიდა, სტეფანოვა კი პირველ დაფაზე თამაშობდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1]. FRL February 2021.
  2. [2]. Antoaneta Stefanova new Women’s World Champion.
  3. [3]. Antoaneta Stefanova is Women World Rapid Champion.
  4. [4]. Fourth Hawaii International Chess Tournament 1997.
  5. [5]. Wismilak International, Surabaya 2002.
  6. [6]. Wismilak International.
  7. [7]. North Urals R7: Stefanova wins, followed by Ushenina, Sebag.
  8. [8]. IMSA Elite Mind Games 2017.
  9. [9]. 3rd European Individual Women"s Chess Championship Varna, Bulgaria.
  10. [10]. WOMEN’S CHESS OLYMPIADS.
წინამორბედი:
ჭუ ჩენი
ქალთა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში
2004-2006
შემდეგი:
სიუ იუხუა