შინაარსზე გადასვლა

ანტისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტისი
Antis

ბიოგრაფია
წარმოშობა ლიეტუვა
ჟანრ(ებ)ი პოსტ-პანკი, პოსტმოდერნიზმი, სკა, შოკ-როკი, არტ-როკი, ახალი ტალღა (მუსიკა)
აქტიური 1984–1990
1996, 2003, 2005
2007–2016
ლეიბლ(ებ)ი Melodya
CCS
Zona records
MP3 Shownet
ყოფილი წევრები ალგირდას კაუშპედასი
პეტრას უბარტასი
ვაცლოვას აუგუსტინას
ლინას ბუდა
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
ვალტორნა, საყვირი, გიტარა
საიტი www.antis.lt
ანტისი ვიკისაწყობში

ანტისი — ლიეტუვური პოსტმოდერნისტული როკ ჯგუფი.

სიტყვასიტყვით, „antis“ ლიეტუვურად „იხვს“ ნიშნავს, თუმცა ასევე სასაუბრო ტერმინია და „გაზეთის იხვის“ შემოკლებული ფორმაა, რაც რამდენიმე ევროპულ ენაში გაზეთის ცრუ რეპორტაჟს, ტყუილს გულისხმობს. ალგირდას კაუშპედასმა ინტერვიუში განაცხადა, რომ განზრახული მნიშვნელობა ეს უკანასკნელი იყო. გარდა ამისა, სახელი, რომელიც საბჭოთა პერიოდის ოფიციალური გაზეთის „ტიესას“ („სიმართლე“, ოფიციალური საბჭოთა კომუნისტური გაზეთის, „პრავდას“ კალკის ერთ-ერთი ვერსია) სახელწოდების თამაშია, აღმოსავლეთ ბლოკის მედიაში მიკერძოებულ რეპორტაჟებსა და სიმართლის დამახინჯებაზე მიანიშნებდა. ჯგუფის 1987 წლის ალბომის გარეკანზე გამოსახულია სახელი „Antis“, რომელიც ტიესას ლოგოს ამოჭრილი ასოებისგან არის აწყობილი და დამატებულია ასო N. კაუშპედასის თანახმად, გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, „ანტის“ თავდაპირველად არ გულისხმობდა „ანტი-ს“ და არ აღნიშნავდა „ანტი-საბჭოთას“. თუმცა, სახელის ამგვარად ინტერპრეტაციის პირველად მოსმენისთანავე, მან ეს მიზანშეწონილად მიიჩნია.[1]

1986 წელს, საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში, ლიეტუვაში ალტერნატიული მუსიკის აფეთქება მოხდა. მანამდე ოფიციალურად აკრძალული იყო ყველა სახის „დასავლური დაბალი ხარისხის მუსიკა“, აკრძალული ჯგუფების სიაში შედიოდნენ, მათ შორის Ramones, AC/DC და Alice Cooper.

ალგირდას „პაბლო“ კაუშპედასმა ანტისი 1984 წელს ხუმრობით დააარსა, რათა კაუნასში არქიტექტორთა კავშირისთვის ორგანიზებულ საახალწლო წვეულებაზე დამსწრეები გაერთო. ჯგუფის გამოსვლა იმდენად წარმატებული იყო, რომ ამის შესახებ ხმა მთელ ლიეტუვაში გავრცელდა. ანტისი იყო პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფი, რომელიც უკრავდა აკრძალულ მუსიკას რამდენიმე სტილში, მათ შორის სკაში. ისინი ასევე წერდნენ საკუთარ სიმღერებს საყვირებითა და მახვილგონივრული ირონიული ტექსტებით. 1986 წლის იანვარში ჯგუფს ვილნიუსიდან ვალტორნების ჯგუფი შეუერთდა და პეტრას „სნიეგიუს“ უბარტასმა (კიდევ ერთმა არქიტექტორმა, რომელიც ასევე კომპოზიტორი, საყვირისტი და გიტარისტი იყო) ჯგუფის მუსიკალური ხელმძღვანელობა გადაიბარა, რათა პაბლოს ტექსტებსა და ჯგუფის პოპულარიზებაზე კონცენტრირება შეძლებოდა. ანტისი მიიწვიეს ვილნიუსის უნივერსიტეტის ნახევრად იატაკქვეშა ფესტივალზე და მსგავს ღონისძიებებზე დასაკრავად.

პოპულარობის მოპოვება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
როკ ჯგუფი Antis ანტისაბჭოთა და ანტიკომუნისტური კონცერტის დროს ვილნიუსში, ლიეტუვა, 1987 წელი.

ლიტუანიკა'86 ფესტივალზე ანტისის შესრულებამ რუსი როკ-ვარსკვლავების, Aquarium-ის და Bravo-ს შესრულება დაჩრდილა. შემდგომმა პოპულარობამ ანტისი ეროვნულ სენსაციად აქცია და ისინი ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ საუკეთესო როკ ჯგუფად აღიარეს. „ანტისმა“ ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ მათი აუდიტორია ასობით ათასს შეადგენდა. მათ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმეტესი ნაწილი მოიარეს.

ალგირდას კაუშპედასმა დრამატული ცოცხალი შოუ შექმნა. სცენაზე ჯგუფის წევრები მოხატული სახეებით, კოსტიუმებში გამოწყობილები, მოტოციკლებისა და კოსმოსური ხომალდების ფონზე გამოდიოდნენ. ჯგუფმა გადაიღო სამი ვიდეო კლიპი, რომლებიც მოგვიანებით გამოიყენეს 1986 წლის მუსიკალურ ფილმში „კაჟკას აციტიკო“ („რაღაც მოხდა“ ). კაუშპედასის ტექსტები მკვეთრად აკრიტიკებდა საბჭოთა რეჟიმს; ეს მიმზიდველი პოზიცია იყო პერესტროიკის დროს ბევრი ადამიანისთვის. წევრების შეცვლამ გააუმჯობესა ჯგუფი და მათი მუსიკა უფრო დახვეწილი გახდა. ადრეულ ანტისზე დიდი გავლენა მოახდინა Talking Heads-მა. მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიტი იყო სიმღერის Men at Work ქავერ ვერსია. მოგვიანებით სნიეგიუსმა დაიწყო ფრენკ ზაპას ნაწარმოებებისგან ინსპირირებული ხმების გამოყენება.

1986 წლის ბოლოს ანტისმა თავისი სადებიუტო ალბომი Melodya-ს სტუდიაში, ვილნიუსის ჩაწერა. მათი პირველი ალბომი 1987 წელს გამოვიდა და ლიეტუვაში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ჩანაწერად იქცა. მეორე ალბომი 1988 წელს ვარშავაში, CCS სტუდიაში ჩაიწერა. ჯგუფი ამ ალბომის დამოუკიდებლად გამოშვებას გეგმავდა, თუმცა Melodya-ს სტუდია ამას შეეწინააღმდეგა და შემდგომმა სასამართლო დავამ გამოშვება ერთი წლით გადადო. ჩაწერის ბოლო სესია ვილნიუსის სტუდიაში 1988 წელს შედგა. ეს სიმღერები ვარშავის სესიის რამდენიმე რჩეულ ნომერთან ერთად 1989 წელს გამოჩნდა ალბომის სახელწოდებით „Anties Dovanėlė“ (ანტისის საჩუქარი).

ანტისმა ბოლო ტურნეები 1989 წლის მეორე ნახევარში და 1990 წლის დასაწყისში გამართა, მათ შორის გამოსვლები ჰქონდათ იტალიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და აშშ-ში გამართულ ფესტივალებზე. მონაწილეობა მიიღეს ნიუ-იორკის ახალი მუსიკის სემინარზე და დაუკრეს კლუბ CBGB-ში. 1990 წელს ალგირდას კაუშპედასმა პოლიტიკის გამო მუსიკა მიატოვა და შემდეგ არქიტექტურას დაუბრუნდა. ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა რეპეტიციები და სიმღერების შექმნა გააგრძელეს და რამდენიმე ახალი ვოკალისტიც მიიღეს, თუმცა პაბლო ჯგუფის გული იყო, ამიტომ საბოლოოდ ჯგუფი დაიშალა. ზოგიერთმა წევრმა მუსიკა დატოვა, ზოგი კი სხვა პროექტებს შეუერთდა. კაუშპედასი დიზაინერულ კომპანიას ფლობს და დღემდე მნიშვნელოვანი ფიგურაა ლიეტუვურ მუსიკასა და კულტურაში.

1994 წელს Zona/BMK-მა გამოუშვა ანტისის ორი მიკროკასეტა. Bjaurioji Antis-ის (უშნო ანტისი) მოიცავდა სამოყვარულო ჩანაწერებს ჯგუფის კაუნასში მოღვაწეობის პერიოდიდან, ვილნიუსიდან საყვირების გამოჩენამდე. Retas Paukštis-ის (იშვიათი ჩიტი) კასეტაზე იყო ყველა სიმღერას, რომელიც Melodya-ს ალბომებში არ გამოსულა. საბოლოო ალბომი, Geriausios Dainos, იყო „საუკეთესო სიმღერების“ კრებული, რომელიც გამოვიდა CD და MC ფორმატებში 1995 წლის მაისში.

ალგირდას კაუშპედასმა 1996 წელს დროებით ჩამოაყალიბა ანტისის ორკესტრი და ანტისის ჟღერადობა სამი ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტისთვის გააცოცხლა. დამფუძნებელი წევრების უმეტესობის დახმარებით ჯგუფი 2003 წელს ასევე დროებით აღდგა, რათა ანტისის ჩანაწერების უმეტესობა ოთხ CD-ზე (Kažkas atsitiko, Antis, Ša! და Dovanėlė) და ბოქს-სეტზე გამოსულიყო.

ჯგუფი იყო გიედრი ჟიკიტეს 2011 წლის დოკუმენტური ფილმის „Kaip mes žaidėme revoliuciją“ მთავარი გმირი.

17-წლიანი დუმილის შემდეგ, ჯგუფმა 2007 წლის 16 დეკემბერს გამოუშვა Ančių dainos (იხვების სიმღერები).[2] ალბომის საწყისმა გაყიდვებმა მოლოდინს გადააჭარბა და ანტისის ყველაზე გაყიდვადი ალბომი გახდა.[3] ჯგუფმა ოფიციალური გამოსამშვიდობებელი კონცერტი 2016 წლის 5 ივლისს ტრაკაის კუნძულის ციხესიმაგრეში გამართა.[4] ამას მეორე დღეს რაუდონდვარისის ციხესიმაგრეში კიდევ ერთი კონცერტი მოჰყვა, რითაც ანტისის ისტორია იქ დასრულდა, სადაც დაიწყო.[5]

  • ალგირდას კაუშპედასი
  • პეტრას უბარტასი
  • ვაკლოვას ავგუსტინასი (კლავიშები, ვოკალი) (დაიბადა 1959 წელს) უკრავდა Saules laikrodis- ში, სანამ ანტისს შეუერთდებოდა. 1992 წლიდან არის ვილნიუსის მუნიციპალიტეტის გუნდის, Jauna muzika-ს მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
  • ლინას ბუდა (დრამერი) (დაიბადა 1962 წელს კაუნასში) უკრავდა Roko laboratorija-ში, სანამ ანტისს შეუერთდებოდა. 1988 წელს იგი შეუერთდა ჯაზ-კვარტეტ „სასნაუსკასს“ .
  • გინტაუტას რაკაუსკასი (ბასი, გიტარა) (დაიბადა 1958 წელს კაუნასში) Saules laikrodis-ის დამფუძნებელი Roko laboratorija-ში უკრავდა ანტისში გაწევრიანებამდე.
  • ჩუპემ ანტისი
  • Antis (1987; LP „მელოდია“; რემასტერირებული CD 2003 წელს „Zona-ში“ გამოვიდა. პირველი ოფიციალური ალბომი, რომელმაც უდიდესი წარმატება მოიპოვა. ხელახლა გამოვიდა 2003 წელს)
  • Anties Dovanėlė (1989; LP „მელოდია“; რემასტერირებული CD 2003 წელს „Zona-ში“ გამოვიდა.)
  • Geriausios Dainos (1995; CD, MC „Zona“; რემასტერირებული CD 2006 „Zona“. საუკეთესო და მანამდე უცნობი სიმღერების კრებული. ანტისის პირველი ალბომი CD ფორმატში)
  • Ša! (2003; CD „Zona“. ეს იყო ალბომი, რომელიც შეიცავდა 1988–89 წლების რემასტერირებულ ჩანაწერებს)
  • Kažkas Atsitiko (2003; CD „Zona“. ჯგუფის უძველესი ჩანაწერები დაახლოებით 1985-86 წლების პერიოდიდან, გამოშვებული რემასტერირებული ჟღერადობით)
  • Visa Antis (2003; 4 CD დისკისგან შემდგარი ბოქს-სეტი. „Zona“. კრებული, რომელიც მოიცავს ყველა ადრე ჩაწერილ მასალას, რომელიც ხელახლა გამოვიდა რემასტერირებული ხმით)
  • Antis Gyva (2005; DVD „ზონა“. ანტისის პირველი DVD; შეიცავს სრულ შოუს, ჩაწერილს 2003 წელს)
  • Ančių Dainos (2007; CD „MP3 Shownet“. პირველი ახალი სტუდიური ალბომი ანტისის დაშლის შემდეგ 1990 წელს)
  • Rugpjūčio 33 (2009; DVD „MP3“. ცოცხალი კონცერტი, ჩაწერილი 2008 წელს)
  • Zuikis Pleibojus (2009; CD „MP3“. მეორე ალბომი ანტისის ახალი მუსიკალური პერიოდიდან. შეიცავს სიმღერებს ე.წ. მუსიკალური უტოპიიდან ამავე სახელწოდებით)
  • Baisiai džiugu (2013; CD „MP3“. უახლესი და სავარაუდოდ ბოლო სტუდიური ალბომი. ამ ალბომის სინგლებმა დიდი წარმატება მოიპოვეს)
  • 2XDuck! (2013; CD+DVD „MP3“. ცოცხალი ალბომი ჩაწერილია 2013 წელს. შეიცავს სრულ შოუს, რომელიც წარმოადგენდა იმავე წლებში გამოშვებულ ახალ ალბომს „Baisiai Džiugu“)
  • Zombiai, Atrieda atidunda! (2015; CD+DVD „MP3“. ჯგუფის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ცოცხალი ალბომი.)
  • Geriausios Dainos 2 (2016; CD+DVD „MP3“. ჯგუფის მეორე აქტიური პერიოდის საუკეთესო სიმღერების კრებული, რომელიც 2007 წლიდან 2016 წლამდე გაგრძელდა. ასევე შეიცავს ბოლო კონცერტის ვიდეოს, რომელიც 2016 წლის ივლისში ჩაიწერა)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]