შინაარსზე გადასვლა

ანტარესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტარესის ვარსკვლავი ღრიანკალის თანავარსკვლავედში

ანტარესი, α ღრიანკალისა (α Sco / alpha Scorpii) — ღრიანკალის თანავარსკვლავედის ყველაზე ბრწყინვალე, პირველი ვარსკვლავიერი სიდიდის, წითელი ზეგიგანტი, ცვალებადი ვარსკვლავი. ანტარესის ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდე იცვლება 0.8-იდან 1.2-მდე; მოცულობით 90 მლნ-ჯერ, ხოლო ნათობით 5000-ჯერ აღემატება მზეს; მზისგან დაშორებულია დაახლოებით 550 სინათლის წლით. მოჩანს მაისსა და ივნისში ჰორიზონტის სამხრეთ ნაწილში. ის მარყუჟი I ბუშტის ნაწილია, რეგიონი, რომელიც ადგილობრივი ბუშტის (შეიცავს მზის სისტემას) მეზობლად მდებარეობს.

სიტყვა „ანტარესი“ ბერძნული სიტყვიდან „ανταρής“ მომდინარეობს, რაც ნიშნავს „არესის (მარსის) წინააღმდეგ“, რადგან მისი წითელი ფერი პლანეტა მარსს წააგავს. ამ ვარსკვლავის ფერი ისტორიის განმავლობაში ბევრ ხალხს ხიბლავდა. არაბულ ასტრონომიულ ტრადიციაში მას ერქვა „კალბ ალ-აკრაბი“ („მორიელის გული“). ძველი ეგვიპტის მრავალი ტაძარი ისე იყო ორიენტირებული, რომ ანტარესის სინათლე იქ გამართულ ცერემონიებში მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა. ძველ სპარსეთში ანტარესს სატევისს უწოდებდნენ და ოთხი სამეფო ვარსკვლავიდან ერთ-ერთი იყო. ძველ ინდოეთში მას ჯიეშთხას ეძახდნენ.

შუა საუკუნეების ასტროლოგიურ პრაქტიკაში, რომელიც გვიან რომაულ ჯადოქრობის პრაქტიკას „სტრეგერიას“ უკავშირდება, ანტარესი დაცემულ ანგელოზთაგან ერთ-ერთად, ცის ე.წ. „დასავლეთის კარიბჭის“ მცველად ითვლებოდა. ვარსკვლავის სახელი „ვესპერტელინო“, იტალიური სიტყვიდან „vesper“ მომდინარეობს, რაც „საღამოს“ ნიშნავს.