ანსელმ კიფერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანსელმ კიფერი
დაიბადა 8 მარტი 1945(1945-03-08)[1] [2] [3] [4] [5] (74 წლის)
დაბადების ადგილი Donaueschingen[6]

ანსელმ კიფერი (გერმ. Anselm Kiefer; დ. 1945, 8 მარტი, დონაუეშინგენი, გერმანია) — გერმანელი მხატვარი და მოქანდაკე.[7]

სწავლობდა იოზეფ ბოისთან (გერმ. Joseph Beuys) და პეტერ დრეერთან (გერმ. Peter Dreher) ერთად. ნამუშევრებში იყენებს სხვადასხვა მასალას: ჩალა, ნაცარი, თიხა, ტყვია და შელაქი. მასზე დიდი გავლენა იქონია ებრაელი პოეტის პაულ ცელანის (გერმ. Paul Celan) შემოქმედებამ, რაც აშკარად იგრძნობა მის ნამუშევრებშიც. მაგალითად მისი ნამუშევარი „მარგარეტი“ (ზეთი და ჩალა ტილოზე) შეიქმნა პაულ ცელანის კარგად ცნობილი პოემის „სიკვდილის ფუგის“ (გერმ. Todesfuge) საფუძველზე. კიფერი არასოდეს იზიარებდა ნაცისტურ შეხედულებებს. იგი განიცდიდა ებრაელებისადმი განხორციელებულ სისასტიკეს და მომხრე იყო ყველა ეროვნების ადამიანის თანასწორუფლებიანობისა. მისი ნამუშევრები უმეტესად შესრულებულია დიდ ფორმატზე, რომლებზეც შეიძლება წააწყდეთ ისტორიული ადგილების დასახელებას, აგრეთვე ისტორიული პიროვნებების ხელმოწერებსა და სახელებს, რაც კიფერის მხრიდან წარსულის შემეცნების მცდელობის თვალსაზრისით ერთგვარ მხატვრულ ხერხად განიხილება. ამ ყველაფერმა გამოიწვია მისი ნამუშევრების ნეოსიმბოლიზმთან დაკავშირება. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია პარიზში ივონ კიფერის გალერეაში.

ცხოვრება და შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1966 წლამდე კიფერი სამართალმცოდნეობით იყო დაინტერესებული, განათლებაც ამავე სფეროში მიიღო, მაგრამ მოულოდნელად მიატოვა არჩეული პროფესია და სამხატვრო აკადემიაში განაგრძო სწავლა. კარლსრუეში ის სწავლობდა პეტერ დრეერთან ერთად. კიფერმა თავისი კარიერა დაიწყო, როგორც ფოტოგრაფმა. 1969 წელს კარლსრუეში ერთ-ერთ გალერეაში მან საზოგადოებას წარუდგინა პირველი ფოტოგამოფენა სახელად „ოკუპაცია“.

1970-იან წლებში დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიაში იოზეფ ბოისთან სწავლის პერიოდში, მისი სტილისტური მიდრეკილებები გეორგ ბაზელიცისას (გერმ. Georg Baselitz) მიუახლოვდა. ის მუშაობდა მინით, ჩალით, ხით და მცენარის ნაწილებით. საკუთარი შეხედულებების გამოსახატავად ამ მასალების გამოყენება იოზეფ ბოისის გავლენა იყო, რომელიც ასევე იყენებდა სქელ ნაბადს, რაც დამახასიათებელია ნეო-ექსპრესიონიზმისთვის. აღნიშნულ პერიოდში მის ნამუშევრებში განსაკუთრებით აქტუალურ თემას წარმოადგენს გერმანული მითოლოგია, შემდეგი ათწლეულის განმავლობაში ინტერესდება კაბალითა და პარაცელსუსის მიმდევარი XVI–XVII საუკუნის ინგლისელი კაბალისტი ფილოსოფოსისა და მისტიკოსის, მათემატიკოსისა და ასტროლოგის — რობერტ ფლადის (ინგლ. Robert Fludd; 1574–1637) შრომებით.[8] მოგზაურობს ევროპის, ამარიკის და შუა აზიის ქვეყნებში, რაც ასევე დიდ გავლენას ახდენს მის ნამუშევრებზე. ნახატების პარალელურად დაკავებულია ქანდაკებით, ხეზე კვეთით, ფოტოგრაფიითა და წიგნების მხატვრული გაფორმებით (წიგნის დიზაინი).

1980-იანი წლებისთვის კიფერის შემოქმედება გასცდა გერმანიის თემას ცივილიზაციასთან მიმართებაში. მისი ნამუშევრები გახდა უფრო მასშტაბური და მოიცავდა არა მხოლოდ ეროვნულ მახასიათებლებს, არამედ სიმბოლიზმს, თეოლოგიას და მისტიციზმს, რომელთა თემატიკას წარმოადგენს ტკივილი (რაც განიცადა მთელმა საზოგადოებამ) და ქვეყნების მარადიული სიცოცხლე, რომელიც მიუხედავად უდიდესი ტკივილისა მაინც გრძელდება და ბადებს ახალ სიცოცხლეს ახალი შემართებებით.

1990 წელს ის დაჯილდოვდა ვოლფის პრიზით, რომელიც გადაეცემა ადამიანებს რომელთა ინტერესს წარმოადგენს ქვეყანაზე მშვიდობისა და ადამიანებს შორის საერათაშორისო მეგობრობის დამყარება, განურჩევლად ეროვნებისა, რასისა, ფერისა რელიგიისა სქესისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

1999 წელს იაპონიის საზოგადოებამ კიფერი დააჯილდოვა „საიმპერიო პრემიით“ მისი თვალსაჩინო მოღვაწეობისათვის. მოხსენებით განცხადებაში ვკითხულობთ: „რთული კრიტიკული ჭიდილი ისტორიასთან მუდამ თან სდევს კიფერის ნამუშევრებს. მისმა ნამუშევრებმა,ისევე როგორც ჯორჯ ბაზელითცის ქანდაკებებმა დიდი აურზაური გამოიწვია 1980 წელს ვენეციის ხელოვნების ბიენალეზე. მნახველებს გაუჭირდათ იმის გაგება, აშკარა ნაცისტური მოტივები ირონიულ ქვეტექსტს ატარებდა ,თუ ის გულისხმობდა ნამდვილ ფაშისტური იდეების გამოხატვას. კიფერი მუშაობდა იმ ღრმა რწმენით,რომ ხელოვნებას შეეძლო ტრავმატიზებული ერის და გაყოფილი მსოფლიოს განკურნება.მან შექმნა ეპიკური ნამუშევრები უზარმაზარ ტილოებზე,რომლებიც წამოჭრის გერმანული კულტურის ისტორიის თემას ისეთი ადამიანების ნახატებზე გამოსახვით, როგორიცაა გოეთე ან რიხარდ ვაგნერი.“ ერთ-ერთი კრიტიკოსი წერს: „მხოლოდ რამდენიმე თანამედროვე მხატვარს აქვს ასეთი აშკარა გრძნობა ხელოვნების მოვალეობებისა რომ შეაჭიდოს წარსულისა და დღევანდელობების ეთიკური საკითხები. მათ უკავიათ კაცობრიობისადმი აშკარა დანაშაულის გამოხატვის პოზიცია.“

1992 წლიდან საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ლანგედოკ-რუსილონის გარის დეპარტამენტის პატარა კომუნა ბარჟაკში დაფუძნდა, სადაც თავისი 35 ჰექტარი უნაყოფო მიწა აქცია ხელოვნების ნამდვილ ნიმუშად. მისი სტუდია არის უზარმაზარი, მან იქ შექმნა ვრცელი მინის შენობების სისტემა, არქივი, ინსტალაციები, საკუჭნაოები მასალებისა და ნამუშევრებისთვის, საიდუმლო მიწისქვეშა ოთახები და დერეფნები. 1995-2001 წლამდე კიფერი მუშაობდა კოსმოსის თემაზე შექმნილ უზარმაზარ სერიულ ნამუშევრებზე. ამავე პერიოდში ის კვლავ მიუბრუნდა ქანდაკებას.

2006 წელს კიფერის გამოფენა „ველიმირ ხლებნიკოვი“ პირველად ბარჟაკთან ახლოს მდებარე პატარა სახელოსნოში გამოიფინა, შემდეგ გადავიდა „თეთრ კუბში“ ლონდონში და დასრულდა ოლდრიჩის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (ინგლ. Aldrich Contemporary Art Museum). გამოფენა მოიცავდა 30 დიდ ნახატს. ნამუშევრები ეხება რუსი ფუტურისტის, ფილოსოფოსისა და პოეტის ველიმირ ხლებნიკოვის (რუს. Велими́р Хле́бников; 1885–1922) ექსცენტრიულ თეორიებს, რომელმაც გამოიგონა საკუთარი „მომავლის ენა“, რომელსაც ეძახდა „ცაუმს“. კიფერის ნამუშევრების მახასიათებელი ფერები კვლავ თეთრი, შავი, ნაცრისფერი და ჟანგისფერია. მათი ზედაპირი არის უსწორმასწორო, საღებავის, ტალახის, ბათქაშის და წებოს სქელი მონასმებით. 2008 წელს კიფერი დაჯილდოვდა გერმანული წიგნის ვაჭრობის მშვიდობის პრემიით. ხელოვნების ისტორიკოსი ვერნერ შპისი თავის მოხსენებაში ამბობს,რომ კიფერი არის ვნებიანი მკითხველი, რომელიც ლიტერატურიდან იღებს იმპულსებს თავისი შემოქმედებისათვის. 2009 წელს კიფერმა მოაწყო ორი გამოფენა ლონდონში, გალერეა „თეთრ კუბში“.

სოფი ფინესმა (ინგლ. Sophie Fiennes) კიფერის სახელოსნოს კომპლექსზე გადაიღო დოკუმენტური ფილმი სახელად „ადრე თუ გვიან ჩვენი ქალაქებიც ბალახით დაიფარება“ (2010). კრიტიკოსი ფილმის შესახებ წერდა: „მიტოვებული აბრეშუმის ქარხნისაგან კიფერმა შექმნა ხელოვნების ნიმუში, რომელიც გადაჭიმულია უზარმაზარ ფართობზე: გრძელი, უსასრულო დერეფნები, უზარმაზარი სახელოსნოს სივრცე ამბიციური პეიზაჟებითა და ქანდაკებებით, რომელიც შეესაბამება გარემომცველ ტყიან ადგილებს, შიშისმომგვრელი ლაბირინთები, მიწიანი სვეტებით, რომელიც გავს სტალაგმიტებს და ტერმიტის ყრილებს. არავინ იცის სად მთავრდება ეს საიდუმლო გასასვლელები. შესაძლოა ეს არის მუდმივ განვითარებაში მყოფი, მონუმენტური ხელოვნების ნიმუში.“

დაახლოებით 2008 წელს კიფერმა დატოვა სტუდიის კომპლექსი ბარჟაკზე და გადავიდა პარიზში. 110 სატვირთო მანქანას გადაჰქონდა მისი ნამუშევრები პეიფერიქში, პარიზთან ახლოს. ჟურნალისტი წერდა მის მიტოვებულ სახელოსნოს კომპლექსზე: „მან უკან მოიტოვა ბარჟაკის უდიდესი ნამუშევარი – ხელოვნება და ნაგებობები. მას ახლა მხოლოდ დარაჯი უვლის. უკაცრიელი მამული მშვიდად იცდის როდის დაეპატრონება მას ბუნება, რადგან, როგორც ვიცით, ადრე თუ გვიან ჩვენი ქალაქიც ბალახით დაიფარება.“

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Danto, Arthur. in "Anselm Kiefer". Encounter and Reflections: Art in the Historical Present. New York: Farrar Strauss Grioux, 1990.
  • Auping, Michael. Anselm Kiefer: Heaven and Earth catalogue for exhibition of the same name, Modern Art Museum of Fort Worth, 2005. Munich: Preston, 2005.
  • Fiennes, Sophie. Over Your Cities Grass Will Grow. Documentary film. 105 min. France, Netherlands, Great Britain, 2010.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://rkd.nl/explore/artists/44264
  2. Anselm Kiefer
  3. SNAC — 2010.
  4. Encyclopædia Britannica
  5. Discogs — 2000.
  6. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118561901 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  7. Matzner, Alexandra. Anselm Kiefer: Biografie. - Lebenslauf und wichtigste Werke. ციტატა: „Der deutsche Maler, Druckgrafiker und Buchkünstler Anselm Kiefer (* März 1945) provozierte bereits als Student Ende der 1960er Jahre Skandale, indem er das Schweigen über die NS-Vergangenheit brach. Bereits 1973 zeigte sich Kiefers Wunsch, nicht nur im Medium Malerei zu arbeiten, sondern diese Gemälde installativ einzusetzen. Er malte eine Serie, in der er Geschichte, Religion und die alten Mythen der Germanen sowie deren Symbole dem kollektiven Gedächtnis entnahm.“ 22 მარტი, 2016. ARTinWORDS. წაკითხვის თარიღი: 4 ივნისი, 2019.
  8. Rümelin, Christian. Anselm Kiefer: Rolling on the River Rhine. - from Volume 8, Number 1. ციტატა: „Apart from six sheets relating to the 17th-century Paracelsian scholar Robert Fludd and the relation between micro- and macrocosm, all the woodcuts on view dealt with the iconography of the Rhine and with German history—events of the 20th century and also the myths, histories and legends that were used to bolster the idea of a pan-German identity: the cult of the Niebelungen and the assertion of the Rhine as a metonym for the German people; and role of the forest and Arminius’s (Hermann’s) routing of Roman occupying forces at the battle of the Teutoburg Forest in the year nine.“ Art in Print Vol. 8 No. 1 (მაისი–ივნისი, 2018). Art in Print. წაკითხვის თარიღი: 4 ივნისი, 2019.