შინაარსზე გადასვლა

ანრი სოვალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანრი სოვალი
ფრანგ. Henri Sauval
დაბადების თარიღი 5 მარტი, 1623(1623-03-05)
დაბადების ადგილი პარიზი
გარდაცვალების თარიღი 21 მარტი, 1676(1676-03-21)[1] [2] (53 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი, საფრანგეთი
საქმიანობა ისტორიკოსი[3] და ადვოკატი
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი

ანრი სოვალი (ფრანგ. Henri Sauval ან Sauvalle; დ. 5 მარტი, 1623, პარიზი — გ. 21 მარტი, 1676, პარიზი) — ფრანგი ადვოკატი, საპარლამენტო მოხელე და ისტორიკოსი; პარიზის ისტორიის შესახებ სამტომიანი ნაშრომის (გამოიცა 1724 წელს) ავტორი. აღნიშნული ნაშრომით სარგებლობდა მრავალი ფრანგი მწერალი, მათ შორის, აღსანიშნავია ვიქტორ ჰიუგო.

ბიოგრაფია და მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარიზის ისტორიის სამტომეული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარიზის ისტორიის შესახებ სამტომიანი ნაშრომის — „პარიზის სიძველეთა ისტორია და კვლევა“ („Histoire et recherches des antiquités de la ville de Paris“) — ავტორი; ნაშრომი გამოიცა 1724 წელს და ამჟამად ცნობილია სახელწოდებით „ძველი და თანამედროვე პარიზი“ („Paris ancien et moderne“). ბოლო ტომის ნაწილი ეძღვნება საფრანგეთის მეფეების სასიყვარულო თავგადასავლებს. 1656 წელს ავტორმა მიიღო ლიცენზია საკუთარი შრომის გამოსაქვეყნებლად, თუმცა მისი გარდაცვალების მომენტისთვის ნაშრომი კვლავ ხელნაწერის სახით რჩებოდა და მხოლოდ 1724 წელს, თანამშრომელთა ძალისხმევითა და გადამუშავებული სახით დაიბეჭდა.

სოვალი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში არ არსებობს საფრანგეთის დედაქალაქზე უფრო ბინძური ქალაქი: „მისი ტალახი შავია და მყრალი, ხოლო ეს სიმყრალე, რომელიც უცხოელთათვის აუტანელია, იმდენად ჩამჭრელია, რომ რამდენიმე ლიეს რადიუსზე იგრძნობა“. იგი მიიჩნევდა, რომ სიტყვა „ლუვრი“ წარმოიშვა სიტყვებიდან „leovar, lovar, lover, leower ou lower“, რაც ნიშნავდა „ციხესიმაგრეს“ ან „სიმაგრეს“. ნოტრ-დამის კარიბჭის ორნამენტების წარმოშობასთან დაკავშირებით მას მოჰყავს შემდეგი გადმოცემა: არავინ იცოდა, როგორ დამზადდა ისინი — გამოჭედილი იყო თუ ჩამოსხმული. „მჭედელი ბისკორნე, სინდისის ქენჯნით შეწუხებული, მოიწყინა, გაჩუმდა და მალევე გარდაიცვალა. მან თავისი საიდუმლო თან წაიღო და არავის გაუმხილა; ან იმის შიშით, რომ საიდუმლოს მოჰპარავდნენ, ან იმის გამო, რომ ეშინოდა, ვაითუ ვინმეს დაენახა, როგორ ჭედავდა იგი ნოტრ-დამის ტაძრის კარებს“.

მან დატოვა ფიაკრის, როგორც საქალაქო ტრანსპორტის საშუალების, ერთ-ერთი პირველი აღწერა. სოვალის თანახმად, დაახლოებით 1617 (ან 1612) წელს ფიაკრები მოიგონა ამიენელმა ფოსტალიონმა ნიკოლა სოვაჟმა (Nicolas Sauvage), რომელმაც სენ-მარტენის ქუჩაზე იქირავა შენობა თავისი ცხენების დასაბინავებლად. ამ შენობას სხვანაირად წმინდა ფიაკრის (Saint Fiacre) სახლს უწოდებდნენ, რადგან მასზე ეკიდა აბრა ამ წმინდანის გამოსახულებით, რომელიც სახლის მფარველად და დამცველად იყო არჩეული.[4]

შუა საუკუნეების პარიზის ისტორიის შესახებ არსებულ მასალებს მრავალი ფრანგი მწერალი იყენებდა, კერძოდ, ვიქტორ ჰიუგო რომანში „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“. ასე მაგალითად, გამოგონილი ამბის თხრობისას, ის საკუთარ თავს უწოდებს „უბრალოდ ისტორიკოსს“, რომლის თხრობაც ეყრდნობა „სხვა ისტორიკოსების“ — ფილიპ დე კომინისა და ანრი სოვალის უფრო ადრეულ მოწმობებს. სხვა ავტორი, ჟერარ დე ნერვალი, სოვალის თხზულებამ შთააგონა ნოველისთვის „მწვანე ურჩხული“ (1849).

სოვალი სიამაყით აღნიშნავდა, რომ ამბები საოცრებათა ეზოს (Dour des Miracles) შესახებ იმდენად პოპულარული აღმოჩნდა კარისკაცებს შორის, რომ მეფის გასართობად ისინი ასახეს ოთხმოქმედებიან ბალეტში „ღამე“ (Ballet royal de la nuit), რომელიც დაიდგა პტი-ბურბონის (Petit-Bourbon) თეატრში 1653 წლის 23 თებერვალს. ჰიუგო, დაყრდნობით თვითმხილველზე, რომელიც ესწრებოდა დადგმის პრემიერას 1653 წელს, წერს: „საოცრებათა ეზოს მოულოდნელი მეტამორფოზები არასოდეს ყოფილა ასე წარმატებულად გადმოცემული. წარმოდგენისთვის ბენსერადის დახვეწილი ლექსები მომზადდა“.

სოვალის მიერ თავის ნაშრომებში მოყვანილ ცნობებს ასევე ეყრდნობიან სამართლის, სოციოლოგიისა და ფსიქიატრიის ისტორიკოსები.

მის პატივსაცემად ქუჩას პარიზის პირველ ოლქში მისი სახელი ეწოდა, ხოლო ოტელ-დე-ვილის (პარიზის მერიის) შენობის ფასადის ნიშაში აღმართულია მისი სტატუა.

  • La Chronique scandaleuse de Paris, ou Histoire des mauvais lieux (ბრიუსელი, გამოც. J.-J. Gay, 1883; პარიზი, გამოც. H. Daragon, 1910).
  • Histoire et recherches des antiquités de la ville de Paris (პარიზი, გამოც. Charles Moette et Jacques Chardon, 1724, 3 ტ.); ხელახალი გამოცემა სახელწოდებით Paris ancien et moderne.
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Miller N. Sauval, Henri // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T076169
  3. Union List of Artist Names — 2013.
  4. „Париж вчера и сегодня - Святой Фиакр и просто фиакр“. RFI (რუსული). 2014-01-26. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-19. ციტირების თარიღი: 2017-02-18.