ანრი დ’არამიცი
ანრი, სენიორ დ’არამიცი („არამიცის ლორდი“; დ. დაახლ. 1620 — გ. 1655/1674) — გასკონელი აბატი და მეფის კარის შავი მუშკეტერი XVII საუკუნის საფრანგეთში.[1] იყო გრაფ დე ტრუაველის, მეფის მუშკეტერების გვარდიის კაპიტნის ძმისშვილი.[2] დ’არამიცის პერსონა ალექსანდრ დიუმას სერიის - „დ’არტანიანის რომანების“ პერსონაჟ არამისის ზედაპირული ინსპირაცია გახდა.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დ’არამიცი არისტოკრატული წარმოშობის ცოლ-ქმრის, შარლ დ’არამიცისა და ეკატერინე დ’ესპალანგ დე რაგეს შვილი იყო. დაიბადა ბერნში, საფრანგეთში.[2][3][4][5] მამამისი პარიზში ცხოვრობდა და მეფის მუშკეტერებში მსახურობდა, მაგრამ ანრის ბაბუის, აბატ პიერ დ’არამიცის გარდაცვალების შემდეგ შარლი ბერნში დაბრუნდა და მამის სააბატო მიიკუთვნა.[5] მიუხედავად ბაბუის ჰუგენოტობისა, ანრი დ’არამიცის პროტესტანტობას ვერაფერი ამტკიცებს (უფრო მეტიც, მან ცოლად კათოლიკე ქალი მოიყვანა).
ანრი დ’არამიცის ბიძამ, გრაფმა დე ტრუაველმა ის ბიძაშვილებთან, არმან დ’ათოსთან და ისააკ დე პორთოსთან ერთად პარიზში დაიბარა, რადგან სამივე მათგანს დიდებული მოფარიკავის სახელი ჰქონდა გავარდნილი.[6] ამ შეხვედრისას ანრიმ ვინმე გრაფი დ’არტანიანი გაიცნო. „მ. დ’არტანიანის მემუარები“, გასენ დე კურტილ დე სანდრას ავტორობით, მოგვიანებით საფუძვლად დაედო ალექსანდრ დიუმას რომან „სამ მუშკეტერს“. 1640 წლის მაისში ანრი დ’არამიცი მეფის მუშკეტერების გვარდიას შეუერთდა.[2][6]
დ’არამიცმა ჟანა დე ბერნ-ბონასე 1650 წლის 16 თებერვალს მოიყვანა ცოლად და მასთან ორი ვაჟი (კლემენტი და ამანი) და ერთი ქალიშვილი შეეძინა.[2][5][6] მამის 1648 წელს გარდაცვალების შემდეგ მან მუშკეტერებში მსახურობას თავი დაანება და ბერნის აბატი გახდა.[5][7] მისი სიკვდილის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა განიხილება 1655 და 1674 წლები.[3][5]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სქოლიო: „შავი“ ამ მუშკეტერებს მათი ცხენების ფერის გამო ეწოდებოდათ.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 D'Artagnan: The Feats and Fortunes of a Gascon Adventurer. ციტირების თარიღი: November 18, 2008
- ↑ 3.0 3.1 Maund, Kari (2005). The Four Musketeers: The True Story of D'Artagnan, Porthos, Aramis and Athos. Tempus.
- ↑ Burkle-Young, F. A.. Porthos. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 10, 2012. ციტირების თარიღი: November 18, 2008
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Masson, David (1899). Macmillan's Magazine. Macmillan & Co.
- ↑ 6.0 6.1 6.2 Dumas, Alexandre (2003). „Introduction“, The Three Musketeers, trans. Lord Sudley, Penguin Classics. ISBN 9780140440256.
- ↑ Roman et Histoire. ციტირების თარიღი: November 18, 2008