შინაარსზე გადასვლა

ანიჰილაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანიჰილაცია, ნაწილაკ-ანტინაწილაკის წყვილის წარმოქმნა (ლათ. annihilatio— „მოსპობა“, „გაქრობა“) — ნაწილაკისა და მისი შესაბამისი ანტინაწილაკის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებადფოტონებად ან სხვა რაიმე ნაწილაკებად — სხვადასხვა ბუნების მქონე ფიზიკური ველების კვანტებად გარდაქმნის პროცესი.

წყვილთა წარმოქმნა ანიჰილაციის შებრუნებული პროცესია, რომლის დროსაც ელექტრომაგნიტური ან სხვა ველების ურთიერთქმედების შედეგად ერთდროულად წარმოიშობა ნაწილაკი და მისი ანტინაწილაკი; მაგალითად, ელექტრონისა და მისი ანტინაწილაკის — პოზიტრონის შეჯახებისას შეიძლება მათი მოსპობა ორი ფოტონის (გამა-კვანტის) ერთდროული წარმოშობით; პროტონისა და ანტიპროტონის შეჯახებას შეუძლია გამოიწვიოს მათი ურთიერთმოსპობა, რასაც თან ახლავს რამდენიმე, გაცილებით უფრო მსუბუქი ნაწილაკის ბირთვული ველის კვანტების — პიონების წარმოშობა. დიდი ენერგიის მქონე გამა-კვანტს ატომის ბირთვის ელექტრულ ველთან ურთიერთქმედებისას შეუძლია წარმოქმნას ელექტრონ-პოზიტრონის წყვილი. მაშასადამე, მატერიის მოსპობა ან, თვითნებურად წარმოშობა კი არ ხდება, არამედ ნაწილაკთა ურთიერთგარდაქმნა. ამ ურთიერთგარდაქმნებს საფუძვლად უდევს ენერგიის, მოძრაობის რაოდენობის (იმპულსის), მოძრაობის რაოდენობის მომენტის, ელექტრული მუხტის, ლეპტონების და ბარიონების რიცხვთა შენახვის კანონები.

ანიჰილაციის შესაძლებლობა, აგრეთვე ანტინაწილაკების არსებობა თეორიულად იწინასწარმეტყვეელა ინგლისელმა ფიზიკოსმა პ. დირაკმა 1930 წელს, რაც გამომდინარეობს მის მიერ განვითარებული ელექტრონის თეორიიდან. 1932 წელს ამერიკელმა ფიზიკოსმა კ. ანდერსონმა ექსპერიმენტულად დაამტკიცა პოზიტრონების არსებობა კოსმოსურ სხივებში. 1933 წელს ირენ და ფრედერიკ ჟოლიო-კიურიები დააკვირდნენ მაგნიტურ ველში მოთავსებულ ვილსონის კამერაში ელექტრონ-პოზიტრონების წარმოქმნას კრიპტონის ბირთვის ელექტრულ ველთან გამა-კვანტების ურთიერთქმედებისას. იმავე წელს მეცნიერებმა სარწმუნოდ აღრიცხეს ელექტრონ-პოზიტრონის ანიჰილაციის შემთხვევები. ანიჰილაციის თანამედროვე გაგების შესაძლებლობას იძლევა ველის კვანტური თეორია. ანიჰილაციის აღმოჩენა მარტო ფიზიკური თვალსაზრისით როდია საინტერესო. მას დიდი ფილოსოფიური მნიშვნელობაც აქვს.