ანისის ქართული წარწერა (1218)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Confusion.svg არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ანისის ქართული წარწერა (1288).
ეტიფანეს, ანისის ქართული წარწერა (1218)
ანისის ქართული წარწერა (1218)

ანისის ქართული წარწერა1218 წელს შესრულებული საქართველოს კათოლიკოსის ეტიფანეს განაჩენის ტექსტი, რომელიც მოთავსებული იყო ანისის ქართული ეკლესიის კედელზე. აღმოაჩინა ნიკო მარმა 1910 წელს, ანისის არქეოლოგიური გათხრების დროს[1].

განაჩენი გამოტანილია ანისის მართლმადიდებელ მოსახლეობასა და ანელ ხუცესთა შორის ატეხილი დავის გამო. წარწერა მოგვითხრობს, რომ დავა გამოიწვია ანისის სამღვდელოების მიერ ანელი მართლმადიდებელი ქართველი და სომეხი მრევლისათვის საეკლესიო მისაცემელთა (ჯვრისწერისას, ნათლობისას, წესის აგებისას) გადიდებამ. უკმაყოფილო მრევლი პროტესტის ნიშნად ზოგჯერ წირვა-ლოცვასაც აღარ ესწრებოდა. გამწვავებული ურთიერთობის მოგვარება სცადა საქართველოს კათოლიკოსმა ეტიფანემ. იგი იძულებული გახდა დაეგმო ხუცების საქციელი და შეემცირებინა საეკლესიო მისაცემელთა ოდენობა. ეტიფანეს განაჩენს ხელს აწერს ანისის სომეხი ეპისკოპოსი გრიგოლი და ქალაქის ამირა ვაჰრამი[2].

ტექსტი სრულად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტყუს ჴმაჲ საღმრთოჲ: „უსასყიდლოდ მიგიღიეს, უსასყიდლოდ მისცემდით“. ესე იგი არს, გეტყუს ღმერთი უკვდავი: ჩემდა რაჲ-მე გიცემიეს მადლისა მისთუს, რომელი ჩემგან მიიღეთ? თქუენცა ჰყიდდით დიდსა მადლსა ჩემგან უსყიდულსა. უკეთუ მე უსასყიდლოდ მომიცემიეს, არცა თქუენგან ჯერ-არს სყიდვაჲ ლოცვათა ერისა მიმართ.

აწ, სასონო ჩემნო ანელნო ხუცესნო, ნუ იქნებით დასაბრკოლებელ სიტყუათ და ნუცა გარდაჴდებით მოციქულთ მცნებასა, ცუდისა და წარმავალისათუ[ი]ს.

ყოვლად უწეს[ო] არს აღებაჲ თქუენგანცა გუ[ი]რგუ[ი]ნთა კურთხევისათუ[ი]ს ასისა დრამისა... [ა]რსთ ძალი ედვას, პური აჭამოს.

ეგრეთვე მკუდარისათუ[ი]ს, რომელი ჭირს... უფრო შესჭირდების მისისა სულისაჲ. ეგდენივე ასისსა ტფილურისა მიეცეს და... პური აჭამოს და სხვაჲ წაღებაჲ ძალისაებრად. ყოველივე მისაცემელი მღ[დელთა უბრკოლ]ებელი იყავნ თქუენდა მოსაცემელად.

მკუ[ი]დრნო ამის ქალაქისანო ქართველნო ქართველნო, რ...ცა... [იგი] პირველად დიდად პატივ-ცემდით, მღდელთაგან გიჴმს ლოცვაჲ და წირვაჲ. ნუ გეწყინების მათთუ[ი]ს ძა[ლი]საებრი მისაცემელი. უფროსად მხიარულებით მისცემდით, თუინიერ დაჭირებისა, რამეთუ „მხი[რ]ულებით მისაცემელი უყ[უ]არს უფალსა“.

და თქუენ გიყუარდენ ვიტარცა მამანი სულიერნი და მათ უყუარდით ვ[ითარცა] შვილნი სულიერნი.

ლოცვასა ნუცა თქუენ დააკლდებით და ნუცა თქუენ. ყოველსა ზედა უფროსად სარმრთოჲ [იგი] სიყუარული ერთმანეთისაჲ მოიგეთ და ამით მიეცით სასურვო საღმრთოთა მცნებათაჲ.

ესე მე, ეტიფანეს კათოლიკოზსა ჩემითა ჴელითა დამიწერია, ოდეს ანის[ს] ეკლესიანი ვაკურთხენ.

ტფილური ასი დრამა იგი იყოს: დანგი ერთი მიეცეს. და ზროხის ტყავი, რომელ ერთობ წაგიღია აქამდის, აწ საწირავადვე მისცემდით თუ[ი]თო შოლტს.

და ჩუენ საეკლესიოთა წესთაგან რად შევიცვალებით? ვინცა ესე ჩემი გა[გე]ბული შეცვალოს, არ... ბრძანებაჲ ღმრთისაგან და მისთა წმიდათაგან, ქორონიკონსა ჳლჰ[3].

ანისის ქართული წარწერა იმდროინდელი სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელოვანი წყაროა. წარწერა ცხადყოფს, რომ საქართველოს სახელმწიფოში შემავალი არაქართული ტერიტორიების მართლმადიდებლური ეკლესიები იერარქიულად ქართლის კათოლიკოსზე იყო დამოკიდებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Н. Марр, «Надпись Эпифания, Католикоса Грузии», 1218 г., Изв. АН, 1910., стр. 1433-1434
  2. ვიკიციტატა
    „Исключителного значения находка в раскопках 1910 г. — надпись католикоса Грузии Епифания, откопанная в Ани около грузинской церкви; церковь, с барелефами внутри на северной стене, двухетажная, но нижный этаж засипан.“
  3. ი. დოლიძე „ქართული სამართლის ძეგლები“, ტომი III, თბ., 1970, გვ. 153-154