ანთოკის მარანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანთოკის მარანი — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ანთოკის ჩრდილო დასავლეთ განაპირას. აგებულია XIX საუკუნეში. ეკუთვნოდა პაპუნაშვილებს.

მარანი განთავსებულია კოშკური ტიპის ორსართულიან შენობაში, რომელიც ოდნავ დაფერდებულ ადგილზე დგას ისე, რომ შენობის პირველი სართულის ზურგის მხარე ფერდობშია შეჭრილი, პირით კი სამხრეთითაა მიმართული. შენობის კედლები წვრილი რიყის ქვითაა ნაშენი, რომლებიც წყობაში ასევე სწორხაზოვან რიგებს ქმნის. კარ-სარკმლების ღიობები კი კვადრატული აგურითაა გამოყვანილი. მარანში შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი გარედან შეისრული თაღითაა გადახურული, შიგნით კი — მუხის სქელი ფიცრებით — თარაზულად. შიგნით კარის აღმოსავლეთითით ორი ოთხკუთხა ნიშაა, რომელთა შორის გეგმით ნახევარწრიული ბუხარია მოწყობილი. ნიშებიდან ერთი — კარის გვერდით მდებარე — ორი სათოფურითაა აღჭურვილი, მეორე უსათუფოროა. კარის დასავლეთით ერთი ოთხკუთხა ნიშაა, რომელშიც ასევე ორი სათოფურია მოწყობილი მსგავსი ფორმის სამ-სამი ნიშა აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებშიცაა მათგან აღმოსავლეთით მდებარე სამივე ნიშაში თითო სათოფურია, დასავლეთ კედელში არსებული ნიშებიდან კი, სათოფური მხოლოდ კედლის სამხრეთ ბოლოსთან მდებარე ნიშას გააჩნია. ნიშებიდან, ერთის გარდა, ყველა ფიცრითაა გადახურული. ჩრდილოეთ კედლის გასწვრივ, ქვის მასიური საწნახელია. ამავე კედელში ერთი მცირზომის, ოთხკუთხა ნიშაა. მარანი განათებული იყო მცირე ზომის, ორი სწორკუთხა სარკმლით, რომლებიც იმდენად ზემოთაა ატანილი, რომ თავი ჭერის დონეზე აქვთ. იატაკში ქვევრებია ჩაფლული.

სართულშუა გადახურვა გამართული იყო მუხის, გარიგარდმო გადებულ ექვს კოჭზე (შემორჩენილი მხოლოდ ორი). მათ დასაყრდნობად კი, გრძივ კედლებში (მთელ სიგრძეზე) კვადრატული კვეთის ხის ძელია ჩასხმული.

შენობის მეორე სართული საცხოვრებელია. ამ სართულის შესასვლელი ჩრდილოეთი კედლის შუაშია. იგი გარედან შეისრულთაღოვანია, შიგნით კი ფიცრითაა გადახურული. მოგვიანებით ღიობის ძირი ამოუშენებიათ და კარი სარკმლად გადაუკეთებიათ (შემორჩენილია ხის სწორკუთხა და ფრამუგის ნაწილი). მსგავსი ღიობი სამხრეთ კედელშიცაა. იგი გადიოდა აივანზე, რომელიც დაყრდნობილი იყო კედლიდან შვერილ მრგვალ ხუთ ძელზე (შემორჩენილია საყრდენი ბუდეები). ძელების საყრდენი ბუდეები აღმოსავლეთ კედლის მთელ სიგრძეზეცაა. ჩანს, რომ შენობას ამ მხრიდანაც ჰქონია აივანი. სართულის აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ ბოლოში შემორჩენილი ნაშთების მიხედვით დგინდება რომ აივანზე ამ მხრიდანც გამოდიოდა რაღაც ღიობით, რომელიც აგურით იყო გამოყვანილი (შემორჩენილია წირთხლების მცირე ნაწილი). ბუხარი ამ სართულზეცაა — სამხრეთ კედელში, აივანზე გასასვლელი კარის მარცხნივ. იგი გეგმით ნახევარწრიულია და მარანში არსებული ბუხრის მსგავსად, მთლიანად აგურითაა ნაწყობი. ბუხარი მშვილდისებრი თაღით ყოფილა გადახურული (შემორჩენილია მცირე ნაწილი) და მორთული იყო კედლიდან შვერილი აგურებით გამოყვანილი, მარტივი არქივოლტით (ორ ვიწრო პილასტრზე დაყრდნობილი თაღი), რომელსაც ძირის დონეზე, კუთხით შვერილი აგურების ორი რიგით გამოყვანილი ზოლი (შემორჩენილია აღმოსავლეთ ბოლო) გაუყვებოდა. სართულის დასავლეთ კედელი მთელ სიმაღლეზეა შემორჩენილი. იგი სრულიად ყრუა.

შენობის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების შემორჩენილი ნაწილის მიხედვით. სავარაუდოდ, შენობა გადახურული იყო ორფერდა სახურავით. გარედან, ჩრდილოეთ კედლის წინ შემორჩენილია რიყის ქვით ნაშენი, გაურკვეველი ნაგებობის კედლების კვალი. შენობა გამაგრებული საცხოვრებლის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. აქ, მცირე ზომის (9,2x6,8 მ), ორსართულიან კორპუსში კარგადაა შერწყმული საცხოვრებელი, თავდაცვითი და სამეურნეო დანიშნულების შენობის ფუნქციები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]