ანესთეზიოლოგია

ანესთეზიოლოგია (ძვ. ბერძნ. ἀν [an] — „უარყოფითი ნაწილაკი“, αἴσθησις [aisthesis] — „გრძნობა“, „შეგრძნება“ და λόγος [lógos] — „სიტყვა“, „მოძღვრება“) — კლინიკური მედიცინის დარგი, რომელიც მოიცავს სრულ პრე- ინტრა და პოსტოპერაციულ ანესთეზიურ უზრუნველყოფას ქირურგიული ოპერაციების ან დიაგნოსტიკური მანიპულაციების დროს, პოსტანესთეზიური (გამოფხიზლების) პერიოდის მართვას, აგრეთვე, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი (ქირურგიული და თერაპიული პროფილის) პაციენტების მონიტორინგსა და მკურნალობას, ვიდრე ისინი საჭიროებენ.[1]
გაუტკივარებისა და ქირურგიული ხერხების დამუშავება მრავალი ათასწლეულის წინ დაიწყეს ასურეთში, ეგვიპტეში, ინდოეთში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში. იყენებდნენ პრიმიტიულ გასაუტკივარებელ (გასაბრუებელ, ძილისმომგვრელ) საშუალებებს – ბალახის, მცენარეთა ძირებისა და ფოთლებისაგან დამზადებულ ნაყენს, ნახარშს, აგრეთვე ღვინოს, სპირტს; მიმართავდნენ სისხლის გამოშვების მეთოდსა და ა. შ. 1200 წელს ესპანელმა რ. ლულიუსმა აღმოაჩინა ეთერი. 1540 წელს გერმანელმა ექიმმა პარაცელსუსმა აღწერა მისი გამაუტკივარებელი თვისება ხოლო 1846 წელს ინგლისელმა კბილის ექიმმა უ. მორტონმა პირველად გამოიყენა იგი ოპერაციის დროს. 1847 წელს შოტლანდიელმა ექიმმა ჯ. სიმფსონმა სანარკოზო საშუალებად ქლოროფორმი გამოიყენა. 1847 წელიდან რუსეთში ეთერისა და ქლოროფორმის ნარკოზს იყენებდა ნ. პიროგოვი. პარალელურად მიმდინარეობდა ადგილობრივი გაუტკივარების მეთოდების ძიება. 1859 წელს აღმოჩენილ იქნა კოკაინი და მალე დადგინდა მისი მაანესთეზირებელი თვისება, ხოლო 1884 წელს ავსტრიელმა ოფთალმოლოგმა კელერმა დაიწყო მისი გამოყენება თვალის ოპერაციების დროს. შემდგომში ანესთეზიისათვის ბევრი პრეპარატი გამოსცადეს, მაგრამ ადგილობრივი გაუტკივარების მეთოდთა განვითარებაში ახალი ერა 1905 წელს ნოვოკაინის აღმოჩენით დაიწყო.
სსრ კავშირში ყველაზე მეტად გავრცელდა საბჭოთა ქირურგის ა. ვიშნევსკის მიერ დამუშავებული ინფილტრაციული ანესთეზია. ეს მეთოდი ნარკოზის გამოუყენებლად ნებისმიერი ოპერაციის გაკეთების საშუალებას იძლეოდა. XX საუკუნის მეორე ნახევარში ანესთეზიოლოგია მედიცინის დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბდა. ანესთეზიოლოგიის ამოცანაა გაუტკივარების მეთოდთა შერჩევა და საანესთეზიო საშუალებათა ხასიათის დადგენა; ახალ საანესთეზიო საშუალებათა აპრობაცია და პრაქტიკაში დანერგვა. ა.შეისწავლის აგრეთვე ორგანიზმის ყველა სისტემაზე, ქსოვილზე, უჯრედზე, განსაკუთრებით ნერვულ სისტემაზე საანესთეზიო ნივთიერებების მოქმედების მექანიზმს. არკვევს ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის რაოდენობას ჩასუნთქულ და ამოსუნთქულ ჰაერში, საანესთეზიო ნივთიერებათა კონცენტრაციასს სისხლსა და ორგანოებში, ადგენს საანესთეზიო საშუალებათა ოპტიმალურ და ტოქსიკურ დოზას და შეისწავლის მათს გავლენას ნივთიერებათა ცვლის პროცესზე, გულის მუშაობაზე, პერიფერიულ სისხლძარღვთა ტონუსზე, ღვიძლხე, თირკმლებზე და ა. შ.
ანესთეზიოლოგია შეისწავლის აგრეთვე რეანიმაციასთან (ორგანიზმის გაცოცხლება), ჰიბერნაციასა (ხელოვნური ძილი) და ჰიპოთერმიასთან (სხეულის ტემპერატურის დაწევა) დაკავშირებულ საკითხებს. სსრ კავშირში ანესთეზიოლოგიის განვითარებას ხელი შეუწყო პ. გერცენის, ს. ფიოდოროვის, ი. ჯანელიძის, ნ. ბურდენკოს, ა. ამოსოვის, ა. ბაკულევის, ნ. ბლოხინის, ა. ვიშნევსკის ი. ჟოროვის, პ. კუპრიანოვის, ე. მეშალკინის, ბ. პეტროვსკის, ბ. პეტროვის და სხვ. ნაშრომებმა. აღსანიშნავია უცხოელი მეცნიერების რ. მაკინტოშის, უ. მაშინის, ა. დოლიოტის, ა. ლაბორის, პ. იუგენარის, ი. მეერ-მეის და სხვათა ნაშრომები. 1966 დაარსდა ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა საკავშირო საზოგადოება. ანესთეზიოლოგიის პრობლემებსა და მიღწევებს აშუქებდა ჟურნალი „ექსპერიმენტალნაია ხირურგია ი ანესტეზიოლოგია“, რომელიც გამოდიოდა 1956 წლიდან.
საქართველოში ანსთეზიოლოგიის განვითარებაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით გ. მუხაძეს, კ. ერისთავს, ნ. ანთელავას, ა. მაჭავარიანს, ნ. კახიანს, გ. ხუნდაძეს და მათს მოწაფეებს. საბჭოთა კავშირში ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის პირველი კათედრები შეიქმნა 1957 წელს მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტებში. 1972 წელს თბილისის მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა სექციის ბაზაზე (სექცია ჩამოყალიბდა 1962) დაარსდა ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა საქართველოს სამეცნიერო საზოგადოება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ანესთეზიოლოგია — vipmed.ge