ანდრო სიმაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ანდრო სიმაშვილი
ანდრო სიმაშვილი.jpg
ანდრო სიმაშვილი
დაბადების თარიღი 6 ოქტომბერი, 1923
ართანა, თელავის რაიონი
გარდაცვალების თარიღი 12 დეკემბერი, 2019 (96 წლის)
ეროვნება ქართველი
საქმიანობა ლოტბარი
მომღერალი
ჯილდოები ღირსების ორდენი

ანდრო სიმაშვილი (დ. 6 ოქტომბერი, 1923, ართანა, დღევანდელი თელავის მუნიციპალიტეტი — გ. 12 დეკემბერი, 2019) — ქართველი მომღერალი, ლოტბარი, ღირსების ორდენის კავალერი, ფოლკლორის ეროვნული პრემიისა და ფონდი „ქართული გალობის“ ლაურეატი. თელავის საპატიო მოქალაქე (2016).[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრო სიმაშვილი დაიბადა 1923 წლის 6 ოქტომბერს თელავის რაიონის სოფელ ართანაში. სწავლობდა ართანის ორწლიან, შემდეგ ნაფარეულის საშუალო სკოლაში. 1947—1949 წლებში სწავლობდა თელავის უმაღლეს სამასწავლებლო (პედაგოგიურ) ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1949—1954 წლებში მუშაობდა ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში პროფტექნიკური სასწავლებლის აღმზრდელად და ითავსებდა კომკავშირის კომიტეტის მდივნის ფუნქციას.

1956—1961 წლებში სწავლას განაგრძობს თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე. პარალელურად მუშაობს ართანის რვაწლიან სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, შემდეგ სკოლის დირექტორად.

თავდაპირველად ყვარლის რაიონის ანსამბლში მღეროდა, შემდეგ მარიამ არჯევნიშვილთან, სტუდენტობის დროს კი — ფირუზ მახათელაშვილის გუნდში. 1955 წლიდან დაინიშნა სოფელ ართანის კლუბის გამგედ. 1954 წლიდან ანსამბლ ართანის ხელმძღვანელად ანდროს ძმა — მიხეილ სიმაშვილი დაინიშნა. 1959—1960 წლებში სოფელ ართანის კოლმეურნეობის თავმჯდომარეა, 1958—1984 წლებში სამი სოფლის — ართანის, ჯუღაანისა და სანიორეს გაერთიანებული სასოფლო საბჭოს დეპუტატი. 1981 წელს ანსამბლი ართანა მონაწილეობდა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ კომპოზიტორთა კავშირის პლენუმში და ლაურეატის წოდება დაიმსახურა, ამავე წელს ანსამბლმა საკონცერტო ტურით იმოგზაურა რუმინეთში.

1984 წლიდან 90-იანი წლების ბოლომდე ანდრო სიმაშვილი ანსამბლ ართანას ხელმძღვანელობდა. 1985 წელს მოსკოვში გამართულ კომპოზიტორთა კავშირის საკავშირო პლენუმზე ართანამ მეორედ დაიმსახურა ლაურეატის წოდება. ამავე პერიოდში გაკეთდა ანსამბლის პირველი ჩანაწერები. 2002 წელს ფრანგული ანსამბლების — მარანისა და ირინოლას — მიწვევით გაემგზავრა პარიზში ქართული ხალხური სიმღერების სასწავლებლად. 2002-2003 წლებში ანდრო სიმაშვილი ქართულ ხალხურ სიმღერებს ასწავლის ალავერდის მგალობელთა ანსამბლს, რომელიც 2003 წლის ფოლკლორის ფესტივალის ლაურეატი გახდა. 2003 წელს ანდრო სიმაშვილი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

2005 წელს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომლებმა — ბაია ასიეშვილმა და ნანა ვალიშვილმა ჩაწერეს ინტერვიუ ანდრო სიმაშვილთან. 2006 წელს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ხანდაზმული ლოტბარი ქართული გენის ერთწლიანი დაზღვევით უზრუნველყო. 2008 წელს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა გამოსცა ანდრო სიმაშვილისა და ალავერდის ტაძრის მგალობელთა გუნდის ორდისკიანი აუდიოალბომი (ავტორი — ნატალია ზუმბაძე). ამავე წელს ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ანდრო სიმაშვილი ფოლკლორის ეროვნული პრემიის ლაურეატი გახდა. მას ოქროს მედალი და 2000 ლარი გადაეცა.

2009 წელს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ანდრო სიმაშვილს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში შემოქმედებითი საღამო გაუმართა (ავტორი და წამყვანი ნატალია ზუმბაძე). 2010 წლის 10 ნოემბერს ტელეკომპანია იმედის ეთერში გავიდა გადაცემა იმედის გმირები, რომელიც ანდრო სიმაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა. 2011 წელს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა გადაიღო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ანდრო სიმაშვილი“ (სცენარის ავტორი და რეჟისორი მია ნოზაძე, ოპერატორი — ზურაბ დადაჰავა).

2011 წელს ანდრო სიმაშვილის თელავური ანსამბლი შემოძახილი მონაწილებს ხალხური შემოქმედების ფესტივალში არტგენი. 2012 წელს, ბანკი კონსტანტას და ანსამბლ შავნაბადას ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ჩაიწერა დისკი 30 საუკეთესო სიმღერა. დისკზე ანდრო სიმაშვილისა და ანსამბლ შემოძახილის მიერ შესრულებული სიმღერებიცაა. 2013 წლის 13-17 ოქტომბერს ანდრო სიმაშვილი და ანსამბლი შემოძახილი მონაწილეობს თელავის ახალ ფესტივალში − New-ნადიმში, რომელზეც სხვა სიმღერებთან ერთად პირველად შეასრულეს კომპოზიცია ვაზისა და ღვინის საგალობელი. 2013 წელს ქართული ხალხური სიმღერის აღდგენა-პოპულარიზაციის საქმეში გაწეული ღვაწლისათვის ანდრო სიმაშვილს მიენიჭა ფონდი ქართული გალობის მიერ დაწესებული წოდება — ქართული ხალხური სიმღერის მოამაგე და ჯილდო — 2000 ლარი. 2015 წელს ფონდმა ქართულმა გალობამ გამოსცა მონოგრაფია „ანდრო სიმაშვილი“, ავტორი მარინა კვიჟინაძე.

2019 წლის 6 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის წინ, ანდრო სიმაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.[2]

გარდაიცვალა 2019 წლის 12 დეკემბერს, 96 წლის ასაკში.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კვიჟინაძე, მარინა., ქართული სიმღერის მოამაგენი „ანდრო სიმაშვილი“, ფონდი ქართული გალობა, გამომცემლობა უსტარი, 2015.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საპატიო თელაველები. თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი. ციტირების თარიღი: 26 დეკემბერი, 2019.
  2. 2.0 2.1 ლოტბარი ანდრო სიმაშვილი გარდაიცვალა. კახეთის ხმა (13 დეკემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი, 2019.