ანდრონიკოვის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანდრონიკოვის მონასტერი
Moscow 05-2017 img29 Andronikov Monastery.jpg
ანდრონიკოვის მონასტერი (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°44′56″ ჩ. გ. 37°40′15″ ა. გ. / 55.74889° ჩ. გ. 37.67083° ა. გ. / 55.74889; 37.67083
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710005000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIV საუკუნე

ანდრონიკოვის მონასტერი (რუს. Андроников монастырь) — უმოქმედო მამათა მართლმადიდებლური მონასტერი მოსკოვში. მდებარეობს მდინარე იაუზის მარცხენა ნაპირზე. ტაძარი დაარსებულია XIV საუკუნეში ანდრონიკ მოსკოველის (სერგი რადონეჟელის მოსწავლე) მიერ.

მონასტრის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტაძარი არის მოსკოვის შემორჩენილ ეკლესიებს შორის ყველაზე ძველი ნაგებობა.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაგიოგრაფიული გადმოცემების თანახმად 1354 წელს კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი ალექსი კონსტანტინოპოლისაკენ მიმავალ გზაზე მოხვდა შტორმშია. ლექსიმ პირობა დადო, რომ მოსკოვში ააშენებდა ტაძარს იმ დღის დღესასწაულის აღსანიშნავად, რომელ დღესაც მიაღწევდა ოქროს რქას. დანიშნულების ადგილზე ჩავიდა იმ დღეს, როდესაც აღინიშნებოდა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის დღესასწაული.

1356 წელს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი მოსკოვში ჩამოაბრძანეს და გახდა ანდრონიკოვის მონასტრის ყველაზე ღირებული სიწმინდე, ამის გამო ანდრონიკოვის მონასტრის დაარსების თარიღად მიჩნეულია 1357 წელი.

მდინარე იაიზუს ერთ-ერთ შენაკადს ეწოდება ზოლოტი-როგი, კონსტანტინოპოლის ყურის მიხედვით. მოგვიანებით ერთ-ერთ ქუჩას კი ეწოდა ზოლოტო-როგის ქუჩა.

ახლადდაარსებული მონასტრის იღუმენად დანიშნეს სერგი რადონეჟელის საყვარელი მოსწავლე ანდრონიკე (გ. 1373 წელს). მონასტერში დიდი ხნის განმავლობაში დაცული იყო ჭა, რომელიც ითვლებოდა წმინდად.

1368 წლის ხანძრის შემდეგ, რომლის შედეგადაც დაიწვა ანდრონიკოვის მონასტრის თავდაპირველი ხის ტაძარი, ქვის კვადრატული აგურებისაგან ააგეს მაცხოვრის ტაძარი, რომლისგანაც შემორჩა თეთრი ქვის რელიეფები, ზოომორფული გამოსახულებებით. 1420-1427 წლებში მაცხოვრის ეკლესია ხელახლა გადააკეთეს და შემორჩენილია ჩვენს ეპოქამდე.

ნიკოლაი ვორონინის[1] მიხედვით მაცხოვრის ეკლესია რომელიც თარიღდება 1425-1427 წლებით, არის მონასტრის პირველი ქვის ეკლესია.

მაცხოვრის ეკლესიის ინტერიერში შემონახულია ფრესკების კვალი, რომელიც შესრულებულია 1428 წელს ანდრეი რუბლიოვის მიერ, რომელიც იყო ანდრონიკოვის მონასტრის ბერი. არსებობს ვერსია, რომ ანდრეი რუბლიოვი გარდაიცვალა 1428 წელს და დაკრძალულია მონასტერში (ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია).

XIV-XVII საუკუნეებში ანდრონიკოვის მონასტერი წიგნების გადაწერის ერთ-ერთი ცენტრი იყო. შუა საუკუნეებში მონასტერი არაერთხელ გაანადგურეს (1571, 1611 წწ.). 1653 წელს მონასტერში დააპატიმრეს აბაკუმი.

1691 წელს დედოფალ ევდოკია ლოპუხინას სურვილის მიხედვით სატრაპეზოს დააშენეს ტაძარი, რომლის მესამე სართულზე ჩამოაყალიბეს ალექსი მიტროპოლიტის სახელობის ეკლესია. ცენტრალურ სართულზე მიქაელ მთავარანგელოზის, ხოლო მინაშენებში პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესიები.

1747-1756 წლებში ეკლესიის კედლები შეაკეთეს ქვით. არქიტექტორ როდიონ კაზაკოვის პროექტის მიხედვით ძველი სამრეკლოს ადგილზე ააშენეს 73 მეტრის სიმაღლის ახალი სამრეკლო, რომლის ქვედა იარუსზე სვიმეონ ღვთისმიმრქმელის სახელობის ეკლესია განათავსეს.

1748 წლის ხანძრის შედეგად ძლიერ დაზიანდა მონასტრის ბიბლიოტეკა და არქივი.

1812 წელს მონასტერი დაანგრიეს ფრანგებმა. ხანძარმა გაანადგურა მონასტრის არქივი. დაიწვა კანკელი და ჩამოინგრა გუმბათი.

1846-1850 წლებში ეკლესია მნიშვნელოვნად გადააკეთეს პეტრე გერასიმოვის პროექტის მიხედვით. XIX საუკუნეში ანდრონიკოვის მონასტერში მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი და ბიბლიოთეკა.

1918 წელს მონასტერი დახურეს. მის ტერიტორიაზე იოანე ნათლისმცემლისა და ნოვოსპასკის მონასტერთან ერთად, განათავსეს 1922 წლამდე პირველი საკონცენტრაციო ბანაკი ახალი ხელისუფლების მოწინააღმდეგე ოფიცრებისა და პოლიტიკური ოპონენტებისათვის. ბანაკში იმართებოდა მასობრივი დახვრეტები. 1922-1928 წლებში მონასტერში გახსნეს ქუჩის ბავშვების კოლონია. 1928 წელს ტერიტორია გადაეცა ქარხნის მუშათა კოლექტივს. მონასტრის შენობებში, მათ შორის ტაძარშიც, განათავსეს 200 ოთახი მუშებისთვის. 1930-1940-იან წლებში აქვე განთავსებული იყო სსრკ-ის თავდაცვის სახალხო კომისარიატის ქვეგანყოფილება.

1929-1932 წლებში გაანადგურეს მონასტრის სამრეკლო, რომელიც მეორე იყო სიმაღლით მოსკოვში, ივანე დიდის სამრეკლოს შემდეგ. 1927 წელს კი გაანადგურეს მონასტრის სასაფლაო, სადაც არაერთი ისტორიული პიროვნება განისვენებდა.

მონასტრის აღორძინება დაიწყო დიდი სამამულო ომის შემდეგ, როდესაც გაათვითცნობიერეს, რომ მონასტერი იყო ყველაზე ძველი შემონახული ქვის ნაგებობა მოსკოვში. 1947 წლის 10 დეკემბრის № 3974 დადგენილების საფუძველზე იოსებ სტალინმა შექმნა ანდრეი რუბლიოვის სახელობის ანდრონიკოვის მონასტრის ისტორიულ-არქიტექტურული ნაკრძალი, მაგრამ ხრუშჩოვის დათბობის პერიოდში ნაკრძალის შექმნის საქმე გაიყინა.

1989 წელს მაცხოვრის ეკლესია აკურთხეს და აღსდგა ღვთისმსახურება. 1993 წელს საკურთხევლის ქვეშ აღმოაჩინეს უცნობი ადამიანის სამარხი, რომლის იდენტიფიკაცია დღემდე ვერ ხერხდება.

მონასტრის ნაგებობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრონიკოვის მონასტრის არქიტექტურულ ანსამბლში შემონახულია:

  • თეთრიქვის მაცხოვრის ეკლესია, ყველაზე ძველი ნაგებობა მოსკოვში.
  • სატრაპეზო (1504-1506 წწ.)
  • ქვის კედლები და კოშკები (XVII-XVIII საუკუნეები)
  • წინამძღვრის სახლი (1690 წ.)
  • სართულებიანი ეკლესია (1694-1739 წწ.)
  • ლოპუხინების საგვარეულო განსასვენებელი
  • საძმო კორპუსი (XVIII საუკუნე)
  • სასულიერო სასწავლებლის შენობა (1810-1814 წწ.)

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Воронин Н. Н. Зодчество Северо-Восточной Руси XII—XV веков. Т. 2. М., 1962. С. 325—337.