ივანე ანდრონიკაშვილი
| ივანე ანდრონიკაშვილი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 11 ნოემბერი, 1798[1] |
| დაბადების ადგილი | ქოდალო, საქართველო |
| გარდაცვალების თარიღი | 19 სექტემბერი, 1868[1] (69 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | სოფ. ქოდალო, კახეთი |
| ჯარის სახეობა | არმია |
| სამხედრო სამსახურის წლები | 1815–1856 |
| წოდება | გენერალი |
| ბრძოლები/ომები |
რუსეთ-ოსმალეთის ომი რუსეთ-ირანის ომი ყირიმის ომი ელიზავეტ-პოლის ბრძოლა ჯევან-ბულახის ბრძოლა სარდარ-აბადის ბრძოლა ერევნის ბრძოლა ახალციხისა და ბაიბურთის ბრძოლა. |
| ჯილდოები |
1.წმინდა ვლადიმერის მეოთხე ხარისხის ორდენი 2.წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი 3 სრულად |
| სამსახურიდან გადადგომა | 1856 |
ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილი (დ. 11 ნოემბერი, 1798, სოფ. ქოდალო, ახლანდელი გურჯაანის რაიონი ― გ. 19 სექტემბერი, 1868, იქვე) — ქართველი თავადიშვილი, რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი (1868).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ივანე ანდრონიკაშვილი კავკასიის არმიის მამაც, გამჭრიახ და გაბედულ გენერალთა რიცხვს ეკუთვნის. იგი იყო უბრალო, გულით კეთილი, სულით მამაცი, უშიშარი, პატიოსანი და სამართლიანი ადამიანი. წარმოშობით ივანე ანდრონიკაშვილი ქართველი არისტოკრატიული წრიდანაა. ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილი დაიბადა ქოდალოში, იმხანად ქართლ-კახეთის სამეფოში, თავადი მალხაზ ანდრონიკაშვილისა და მარიამ ბაგრატიონის ოჯახში. დედამისი მარიამი ერეკლე II-ის შვილიშვილი და იმერეთის უკანასკნელი მეფის სოლომონ II-ის დისშვილი იყო. ივანეს მამას ― მალხაზს დიდი მამულები ჰქონდა კახეთში და ცოლის მხრიდან იმერეთში. მას ჰყავდა ორი შვილი ― ივანე და ანა. ივანე იზრდებოდა დედის ოჯახში, იმერეთში.
სამხედრო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული სამხედრო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1810 წელს, როდესაც იმერეთის სამეფო რუსეთმა შეიერთა, ივანე და დედამისი ვორონჟეს „გაგზავნეს“, ხოლო 1812 წელს პეტროგრადში გადაიყვანეს. აქვე იყო იმერეთის დედოფალი მარიამი, რომელმაც ივანეს აღზრდა იკისრა. 17 წლის ივანე ლაიბ-გვარდიის ცხენოსან ლეგიონში განაწესეს. სამხედრო საქმით გატაცებული ახალგაზრდა სწრაფად იწევდა წინ. 1822 წელს იგი პოდპორუჩიკია, ხოლო 1824 წელს გვარდიის შტაბს-როტმისტრი. ამ დროს ივანეს მამა გარდაეცვალა. გვარდიაში სამსახური დიდ ხარჯებს ითხოვდა, მისი მამულები კი უპატრონობის გამო გაპარტახდა და შემოსავალს აღარ იძლეოდა. იგი იძულებული გახდა დრაგუნთა ლეგიონში გადასულიყო, სადაც შტაბს-როტმისტრობის ნაცვლად მაიორობა უბოძეს. ანდრონიკაშვილის სამხედრო დამსახურება 1826―1828 წლების რუსეთ-ირანის, 1828―1829 წლების რუსეთ-თურქეთის და 1853―1856 წლების ყირიმის ომებთანაა დაკავშირებული. 1816 წელს საქართველოში მთავარმმართველად და კავკასიის კორპუსის მთავარსარდლად ერმოლოვი დაინიშნა. მეფემ მას დაავალა სპარსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება, მაგრამ რუსეთი დათმობაზე არ წავიდა, რასაც ომი მოჰყვა ირანთან.
რუსეთ-ირანის ოომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1826 წ. 13 სექტემბერს ელიზავეტპოლთან რუსეთის რაზმი მოწინააღმდეგეს შეხვდა. სპარსელებს თვით ტახტის მემკვიდრე აბას-მირზა სარდლობდა. ბრძოლაში ნიჟეგოროდის პოლკიც მონაწილეობდა, რომლის ერთ-ერთ დივიზიონს ივანე ანდრონიკაშვილი მეთაურობდა. როდესაც მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგეს ნიჟეგოროდელები ეკვეთნენ, ივანე ანდრონიკაშვილი თავისი დივიზიონით მტრის განლაგებაში შეიჭრა, ხოლო ქვეითმა ნაწილმა ხიშტებით მიიტანა იერიში და სპარსელებმა გაქცევით თავს უშველეს; ბრძოლის ველზე დარჩა მრავალი მოკლული და დაჭრილი, სამხედრო ქონება და ტყვეთა რიცხვიც დიდი იყო. ბრძოლის გმირი ივანე ანდრონიკაშვილი წმინდა ვლადიმერის მეოთხე კლასის ორდენით დააჯილდოვეს, ეს იყო მისი პირველი საბრძოლო ჯილდო. ამ ბრძოლაში მან როგორც საუკეთესო კავალერისტმა პასკევიჩის ყურადრება მიიპყრო. სპარსეთთან ომი გაგრძელდა, ანდონიკაშვილი პასკევიჩთან ერთად მონაწილეობდა ლაშქრობაში და კვლავ ისახელა თავი ციხესიმაგრე აბას-აბადის ალყასა და აღებაში.1827 წლის 5 ივნისს, როდესაც აბას-აბდი ალყაში იყო, ციხის გარნიზონის გადასარჩენად აბას-მირზა მივიდა 16-ათასიანი მებრძოლით. პასკევიჩმა მოწინააღმდეგეს მთელი თავისი კავალერია დაუპირისპირა. მძაფრი ბრძოლა მისი გამარჯვებით დამთავრდა. ანდრონიკაშვილის დივიზიონი მტერს დევნიდა, იგი დაეწია სპარსეთის კავალერიის ერთ ნაწილს, რომელსაც ნაჯავ-ხანი მეთაურობდა, სამი დელიბაში ივანეს ხმლის მსხვერპლი გახდა, თვით ხანი შეიპყრო და მთავარსარდალს მიჰგვარა. ამ ბრძოლაში განსაკუთრებული სიმამაცისათვის ივანე ანდრონიკაშვილი წმ. ანას მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. შემდგომ იგი მონაწილეობდა გენერალ-ლეიტენანტ სუხოტინის ლაშქრობაში. განსაკუთრებით თავი ისახელა ეჩმიაძინთან 14 და 24 სექტემბერს ბრძოლაში და ერევანზე იერიშში. აქ მოწინააღმდეგის კავალერიაზე ბრწყინვალე გამარჯვებისათვის ივანე ანდრონიკაშვილს პოდპოლკოვნიკის ჩინი უბოძეს. 1827 წლის 19 სექტემბერს ანდრონიკაშვილი თავრიზზე ლაშქრობასა და ქალაქის აღებაში მონაწილეობს.
რუსეთ-ოსმალეთის ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1828 წლის 10 თებერვალს სპარსეთთან ომი დამთავრდა, მაგრამ იმავე წლის 14 აპრილს ომი დაიწყო თურქეთთან. ბრძოლებში დაღლილი და დაქანცული ყარსისაკენ დაიძრა. ივანე ანდრონიკაშვილის დივიზიონი ავანგარდში მოქმედებდა. 19 ივლისს ეს დივიზიონი ყარსთან ახლოს თურქების მოწინავე ძალებს შეხვდა. ბრძოლა მოულოდნელად გაჩაღდა; ივანე ანდრონიკაშვილის მეომრები მტერს ეკვეთნენ და უკუაგდეს. ბრძოლა გამარჯვებით დაგვირგვინდა. მოწინააღმდეგეს დადევნებული რუსი მეომრები მათთან ერთად შეიჭრნენ ციხეში. აქედან პასკევიჩი ახალქალაქისაკენ დაიძრა, გადალახა ჩიდლირის უღელტეხილი და ციხესთან ანდრონიკაშვილის დივიზიონი მტრის კავალერიასთან ხელჩართულ ბრძოლაში ჩაება. მოწინააღმდეგე, რომელიც ალყაში მყოფი გარნიზონის დასახმარებლად მიდიოდა, დამარცხებული და განდევნილ იქნა; 24 ივლისს კი ახალქალაქი ჩაბარდა. ახალქალაქის ბრძოლაში წარმატებისათვის პოდპოლკოვნიკ ივანე ანდრონიკაშვილს ალმასებით შემკული წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი უბოძეს. შემდეგ მისი დივიზიონი პასკევიჩთან ერთად ახალციხისკენ დაიძრა. 5 აგვისტოს, როდესაც ქალაქი ალყაში იყო, მის დასახმარებლად ციხეს თურქეთის 30-ათასიანი კორპუსი მიუახლოვდა. მას მაგომედ ფაშა და მუსტაფა ფაშა მეთაურობდნენ. 9 აგვისტოს პასკევიჩმა იერიში მიიტანა თურქთა კორპუსზე. ხანგრძლივი სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ თურქები გაანადგურა. მრავალ ტყვეს შორის მუსტაფა ფაშაც აღმოჩნდა. 15 აგვისტოს რუსეთის კორპუსის იერიშის შედეგად ახალციხე დაეცა. 9 აგვისტოს ბრძოლებში მამაცობისა და ბრძოლის კარგი ორგანიზაციისათვის ივანე ანდრონიკაშვილს პოლკოვნიკობა უბოძეს. ამ დროს, როდესაც რუსეთის მთელი ჯარი ბრძოლის ასპარეზზე იყო ლეკებმა თავდასხმები გაახშირეს კახეთზე, სადაც რეგულარული არმიისა და მილიციის მცირერიცხოვანი ნაწილები იდგა. კახეთის დასაცავად და მოქმედი კორპუსის ზურგში სიმშვიდის შესანარჩუნებლად საჭირო იყო სამხედრო მონაცემებით ავტორიტეტიანი ადამიანი, რომელიც მცირერიცხოვანი ჯარით და მისი სახელით მტერს შეაჩერებდა. ასეთი პიროვნება პასკევიჩის აზრით პოლკოვნიკი ივანე ანდრონიკაშვილი იყო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ავალიანი გ., რუსი და ქართველი ხალხების საბრძოლო თანამეგობრობის ისტორიიდა, გვ. 44-84, თბ., 1967
- მეგრელიძე ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 450.
- მოსულიშვილი მ., უჟამო ჟამის რაინდი, გვ. 211-231, თბ., ბესტსელერი, 1999
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.