ანდრია სინაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრია სინაური
დაბადების თარიღი 5 (17) ნოემბერი, 1896
დაბადების ადგილი ინაშაური, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 8 დეკემბერი, 1976(1976-12-08) (80 წლის)
გარდაცვალების ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ

ანდრია სინაური (ნამდვილი გვარი სინაურიძე; დ. 17 ნოემბერი [ძვ. სტ. 5 ნოემბერი], 1896 — გ. 8 დეკემბერი1976) — ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრია ივანეს ძე სინაურიძე 1896 წლის 5 ნოემბერს დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ინაშაურში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი). 1905 წლიდან სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, შემდეგ კერძო გიმნაზიაში, 1912 წლიდან ხელმოკლეობის გამო მოუხდა საწავლებლის დატოვება. 1913 წლიდან სწავლობდა კრონშტადტის სამხედრო-საზღვაოსნო იუნგთა სკოლაში, სადაც როგორც სამხედრო სკოლა, მოსწავლეები თავისუფალი იყვნენ გადასახადებისგან.

1915 წელს იმპერიალისტური ომის დაწყებისთანავე სკოლა დაიხურა, ანდრია გადაიყვანეს მოქმედ არმიაში, სადაც მოკლევადიანი საოფიცრო სასწავლებელი გაიარა და შემდეგ დასავლეთის ფრონტზე გააგზავნეს გენერალ ბრუსილოვის არმიაში, რამდენიმე თვეში კი კავკასიის ფრონტზე გადაიყვანეს, სადაც სხვადასხვა მსუბუქი ჭრილობები და ძლიერი კონტუზია მიიღო, თუმცა მომჯობინებისთანავე ისევ დაბრუნდა ფრონტზე. 1917 წლის რევოლუციის დროს კავკასიის ფრონტიდან გაჰყვა რევოლუციურად განწყობილ ძალებს ჩრდილოეთ კავკასიაში, თერგის ოლქის ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკის დასამყარებლად. 1918 წლის იანვარში მიიღო ძლიერი მოყინვა, ბრძოლის ველიდან გონწასული გამოიყვანეს და მშობლიურ კერას დაუბრუნეს. ჯანმრთელობის აღდგენა გაუჭირდა, ბრძოლა აღარ შეეძლო და სწავლა გააგრძელა ექსტერნის წესით, მოიპოვა საშუალო სკოლის ატესტატი და 1918 წლის სექტემბერში ჩაირიცხა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტზე, პარალელურად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების და ფილოსოფიის ფაკულტეტზე.

1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისას წითელი არმიის ოფიცერი გახდა. ხელმძღვანელობდა ჯარის კულტურულ-საგანმანათლებლო სამსახურს. მაგრამ თავი იჩინა სამოქალაქო ომში მიღებულმა ტრამვებმა, ჩაეკირა სახსრები, მკურნელობა ამაო აღმოჩნდა, 1925 წლის მაისიდან ანდრია სინაური ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა.

ანდრიას მეუღლე იყო ბიოლოგი ნადია აბდუშელიშვილი, ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორი და აქტიური საზოგადო მოღვაწე, რომელიც დიდ თანადგომას უწევდა მეუღლეს. ავადმყოფობის პერიოდში სინაური აქტიუარად ჩაება ლიტერატურაში, იგი ავტორია მრავალი პოეტური კრებულისა, სისტემატიურად ქვეყნდებოდა მისი პოემები, ლექსები და სტატიები ჟურნალ-გაზეთებში. მისი შემოქმედების უმთავრესი თემებია: სამშობლო, ჩვენი ქვეყნის გმირული წარსული და თანამედროვეობა. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სამამულო ომის ფრონტზე გმირულად დაღუპული ერთადერთი შვილისადმი მიძღვნილი ლექსები. მისი პოეზია გამოირჩევა შინაგანი სიმტკიცით და მებრძოლი პათოსით.

ჯერ ინვალიდის ეტლში, სიცოცხლის ბოლო წლებში, კი სარეცელს მიჯაჭვულმა 55 წელი გაატარა. გარდაიცვალა 1976 წელს 80 წლის ასაკში, დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მთელი საკუთარი ქონება გადასცა სახელმწიფოს მომავალი თაობებისთვის განვითარებისთვის. მის სახლში მოქმედებს მისივე სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა.

დაჯილდოებულია 2 მედლით მამაცური შრომისთვის და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისგან საპატიო სიგელით. იყო რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პერსიონერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბაქრაძე, ლაშა; თვალავაძე, თეა (2013). მწერალთა ავტობიოგრაფიები. თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი. ISBN 978-99940-28-82-5.