ანდრია ბენაშვილი (მუსიკათმცოდნე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბენაშვილი.
ანდრია ბენაშვილი
დაბადების თარიღი 14 დეკემბერი, 1852
ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყაროს რაიონი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 23 დეკემბერი, 1908
ეროვნება ქართველი
საქმიანობა პედაგოგი, გრამატიკოსი, მუსიკათმცოდნე


ანდრია სიმონის ძე ბენაშვილი (დ. 14 დეკემბერი [ძვ. სტ. 2 დეკემბერი], 1852, ზემო მაჩხაანი, ახლანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ― გ. 23 დეკემბერი [ძვ. სტ. 10 დეკემბერი], 1908, ქუთაისი ) — ქართველი პედაგოგი, გრამატიკოსი, მუსიკათმცოდნე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. მოღვაწეობდა ქუთაისში. სასულიერო სასწავლებელში ასწავლიდა ქართულ ენას, ქალთა საეპარქიო სასწავლებელში - გალობას; ლოტბარობდა გაბრიელ ეპისკოპოსის მგალობელთა გუნდს. 1894 წელს ბენაშვილმა გამოსცა „მოკლე ქართული გრამატიკა“. 1885 წელს გამოსცა „ქართული ხმები“. საეკლესიო გალობა წმ. იოანნე ოქროპირის წირვის წესისა ქართლ-კახეთის კილოზე. ხალხური სიმღერები, შეკრებილი და ნოტებზე გადაღებული“.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენაშვილის გრამატიკა ტრადიციული სქემით არის შედგენილი, როგორც სასწავლო დანიშნულების წიგნი, ითვალისწინებს მანამდე არსებულ სასკოლო გრამატიკებს და მოკლედ გადმოსცემს მორფოლოგიისა და სინტაქსის ძირითად საკითხებს. აღნიშნულ გრამატიკას წამძღვარებული აქვს ცნობები ქართული ანბანისა და მარცვალთრაოდენობის შესახებ. მასში მოცემულია ანბანთრიგი - სულ 38 ასო (მათ შორის: ჱ, ჲ, ჳ, ჴ, ჵ). გრამატიკა წიგნში განმარტებულია, როგორც „საგანი ანუ წიგნი, რომლითაც ვსწავლობთ მართლ-ლაპარაკსა და მართლ-წერას“. ნაშრომი შედგება ორი ნაწილისგან, ესენია: „ლექსთ-წარმოება“ (ეტიმოლოგია) იკვლევს ქართულ ენაში ხმარებულ თითოეულ სიტყვას, მისი ხმარებისა და ცვლილებების წესებს; „ლექსთ-თხზულება“ (სინტაქსი) გვასწავლის სიტყვების ერთმანეთთან დაკავშირებას აზრის გამოსახატავად. დასახელებული ცხრა მეტყველების ნაწილი (არ ჩანს ნაწილაკი), შემდგომ კი მოცემულია მათი მოკლედ დახასიათებაც.

აღნიშნულ ნაშრომში „ბრუნება“ განმარტებულია, როგორც სახელების დაბოლოების ცვლილება. აქვეა დასახელებული შვიდი ბრუნვა, დღევანდელი ბრუნვების შესაბამისი. ბრუნვების ტიპები კი ემყარება ხუთ ხმოვანს, რომლებზედაც ბოლოვდება სახელი.აქვე სახელზმნისა და მიმღეობის მოკლე დახასიათების შემდგომ განხილულია შეკავშირებულ სახელთა (მსაზღვრელ-საზღვრულის) ბრუნება.

ზმნების დახასიათება იწყება გვარის ფორმათა ჩვენებით (მოქმედებითი, ვნებითი, საშუალი), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აქ არაფერია ნათქვამი გვარზე, როგორც გრამატიკულ კატეგორიაზე. ნაშრომი ავტორი აგრეთვე ეხება პირსა და რიცხვს, კონტაქტს, დროსა და სახეს (ასპექტს). დრო სამია: აწმყო, ნამყო და მყოფადი, სახე კი ორი: სრული და უსრული. ხოლო ნაშრომში ზმნის დანარჩენი ფორმები ნაჩვენებია მოთხრობითი, ნატვრითი, პირობითი და ბრძანებითი კილოს მიხედვით.

ბენაშვილის გრამატიკაში, ფორმაუცვლელი სიტყვებიდან განხილულია აგრეთვე ზმნიზედა, თანდებული, კავშირი და შორისდებული. ნაშრომში დიდი ყურადღება ეთმობა ჩართულ სიტყვათა და წინადადებათა დახასიათებას აქ იგულისხმება: ჩართული, დანართი, მიმართვა, პირდაპირი ნათქვამი. ნაშრომის ბოლოს კი მოცემულია მართლწერის ანუ პუნქტუაციის ნიშნები და მათი ხმარების წესი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შანიძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 302.
  • ქართული ენა ენციკლოპედია, თბ.,2008 გვ.81-82

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]