ანდრიაწმინდის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანდრიაწმინდის წმინდა გიორგის ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ეკლესია სოფელ ანდრიაწმინდაში.

არქიტექტურული აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დარბაზული ეკლესია (გარე ზომები 6,84X12,78 მ.) ნაგებია ტუფის, ქვიშაქვისა და ბაზალტის ქვების არეული წყობით. ტაძრის კუთხეები და კარ-სარკმელთა ღიობები ამოყვანილია გათლილი ქვით. ტაძარში ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდან არის, რომელიც კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. საკურთხევლის სარკმლის გარდა ეკლესია კიდევ სამი სწორკუთხა მოხაზულობის სარკმლით ნათდება (დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში თითო სარკმელია).

ტაძრის ინტერიერი სადაა, სწორკუთხა გეგმის დარბაზი აღმოსავლეთის აფსიდით მთავრდება. ტაძრის ფასადები ასევე სადაა, მოკლებულია ყოველგვარ მორთულობას. სახურავი შემოსილია ბაზალტის ლორფინით. შესასვლელი კარის ასწვრივ, ორი ქვისაგან შედგენილ არქიტრავზე ქვის წყობით სწორკუთხა ჩაწეული არეა (ასეთი სიბრტყე წარწერისათვის მზადდებოდა) თუმცა აქ წარწერა აღარ ამოუკვეთიათ. დასავლეთის ფასადის ფრონტონი წაკვეთილია და მასზე გათლილი ქვის ოთხ წრიულ გეგმის სვეტზე სამრეკლოს მცირე ფანჩატურია დადგმული. ეკლესია სავარაუდოდ XIX საუკუნეშია აგებული. ტაძრის შესასვლეთან ადრეფეოდალური ხანის სტელის ბაზისი დევს. სავარაუდოდ დღევანდელი ტაძარი აქ ადრე აგებული ეკლესიის ადგილზეა აღმართული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. მარსაგიშვილი, „ანდრიაწმინდის წმინდა გიორგის ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 494