ანდრიანამპუანიმერინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანდრიანამპუანიმერინა
Andrianampoinimerina
Andrianampoinimerina.jpg
იმერინის 1-ლი მეფე
მმართ. დასაწყისი: 1787
მმართ. დასასრული: 1810
წინამორბედი: მონარქია შეიქმნა
მემკვიდრე: რადამა I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1745
დაბ. ადგილი: ამბოჰიმანგა
გარდ. თარიღი: 1810
გარდ. ადგილი: ანტანანარივუ
მამა: ანდრიამიარამანჯაკა
დედა: რანავალუნანანდრიამბელუმასინა

ანდრიანამპუანიმერინა (დ. 1745 — გ. 1810)[1]იმერინის სამეფოს პირველი მეფე. რადამა I დიდის მამა, რომელმაც მადაგასკარი გააერთიანა ერთიან სახელმწიფოდ.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრიანამპუანიმერინა დაიბადა დაახლოებით 1745 წელს იმერინის სამეფოს ტერიტორიაზე, მადაგასკარის კუნძულზე. ის იყო ოჯახში მესამე შვილი. მამამისი ანდრიამიარამანჯაკა იყო წარჩინებული გვარის წარმომადგენელი და მეფე ანდრიამასინაბალუნას ოთხი შვილიდან ერთ-ერთის, ანდრიაციმიტოვიამინანდირანას შთამომავალი იყო. ანდრიანამპუანიმერინას დედა, რანავალუნანანდრიამბელუმასინა ასევე წარჩინებული გვარიდან იყო, კერძოდ ჩრდილოეთ იმერინის მეფის, ანდრიანჯაფის და იყო. დაბადებისას მას უწოდეს რამბუასალამა, რაც სიტყვა-სიტყვით ნიშნავდა „ძაღლივით ჯანმრთელს“. მალაგასიელები მიიჩნევდნენ, რომ ასეთი სახელები ბავშვს ავი თვალისგან იცავდა.

პრინც რამბუასალამმა ბავშვობა გაატარა და განათლება მიიღო იკალოეში, რომელიც იმ დროს იმერინის სამეფოს დედაქალაქი იყო. ის სწავლობდა კოსმოლოგიას, ასტრონომიას და მითოლოგიას კერძოდ, მალაგასიურ ენაზე. მან შეიძინა ცოდნა მედიცინის, საბრძოლო ხელოვნების, სტრატეგიის, ეკონომიკის და მუსიკის სფეროებში. შესაძლოა მას შეეძლო დაეკრა ვალოჰაზე, რომელიც მალაგასიელების ეროვნული ხალხური ინსტრუმენტია. 12 წლის ასაკში რამბუასალამა განათლების ახალ დონეზე გადავიდა და ამბოჰიმანგაში სტრატეგიის და ეკონომიკის შეწავლა გააგრძელა.

ხელისუფლებაში მოსვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამბუასალამა სამეფო ტახტზე 1787 წელს ავიდა 40 წლის ასაკში, როდესაც ტახტზე შეცვალა მამამისი ანდრიამიარამანჯაკა. ამის პარალელურად მან მოაწყო აჯანყება თავისი ბიძის, ჩრდილოეთ მადაგასკარის მეფის, ანდრიანჯაფის წინააღმდეგ. როდესაც ანდრიანჯაფი ქვეყნიდან გაიქცა, რამბუასალამმა თავის თავს სამეფო სახელი — ანდრიანამპუანიმერინა უწოდა, რომელიც სიტყვა-სიტყვით „მმართველი მადაგასკარის გულში“ ნიშნავდა. სამეფოს დატოვების შემდეგ, კუნძულის სამხრეთ ნაწილში გამაგრებული ანდრიანჯაფი კლვავ აგრძელებდა ახალი მეფის წინააღმდეგ ბრძოლას. გაჭიანურებული კონფლიქტი მათ შორის დამთავრდა მხოლოდ 1790 წელს, როდესაც წინა მმართველი გარდაიცვალა (შესაძლოა მოკლეს).

მიწების გაერთიანება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1792 წელს ანდრიანამპუანიმერინამ ქალაქი ანტანანარივუ დაიპყრო და დედაქალაქი იქ გადაიტანა. ამის შემდეგ დაიწყო მალაგიელი ხალხების და ტომების გაერთიანება ანტანანარივუს გარშემო ერთ სახელმწიფოდ. ახალი ტერიტორიების შეერთების აქტების დიდი ნაწილი ჩატარდა უსისხლოდ, რაც მეტწილად განპირობებული იყო ახალი მმართველის დიპლომატიით და შორსმჭვრეტელობით. ზოგერთ შემთხვევაში საკუთარი მიზნის მისაღწევად ანდრიანამპუანიმერინა შედიოდა პოლიტიკურ ქორწინებებში (იმ დროს იმერინის მოსახლეობა იყო პოლიგამური), უკიდურეს შემთხვევაში კი , როდესაც სხვა გზა არ იყო, მიმართავდა ომს.

საზღვრების გაფართოებამ ანდრიანამპუანიმერინას საშუალება მისცა შეეწყვიტა ხარკის გადახდა სალაკავას სამეფოსთვის, რომელიც კუნძულ მადაგასკარის დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა და გაენადგურებინა რამდენიმე მაილისური კლანი, რომლებიც ანდრიანამპუანიმერინას მმართველობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

პოლიტიკა და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავის საზოგადოებრივ მოღვაწეობაში, ანდრიანამპუანიმერინამ სამოქალაქო, სისხლის სამართლის, მიწის საკუთრებისა და ფინანსური კოდექსების შემოღებით, შეცვალა მადაგასკარის საზოგადოება. მიწის საკუთრების კოდექსის მიხედვით, მთელი მიწები სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდა. მეფემ აგრეთვე ხელი შეუწყო სახელმწიფოს სახალხო მურნეობის განვითარებას: ეხმარებოდა კაშხალებისა და არხების მშენებლობას, შემოიღო გადასახადები და მოსაკრებელი. ანდრიანამპუანიმერინამ შექმნა მადაგასკარის ისტორიაში პირველი რეგულარული არმია — ფოლოალინდაჰი („100,000 ჯარისკაცი“). მაგრამ მიუხედავად ამის სახელმწიფოში იყო ოპოზიცია, რომელშიც შედიოდნენ არამარტო წარჩინებულები, არამედ ანდრიანამპუანიმერინას ოჯახის წევრები, კერძოდ მისი დედის ნათესავები და მისი ძმა გადაყენებული მეფე ანდრიანჯაფი.

ანდრიანამპუანიმერინას სამი შვილიდან, მხოლოდ სამეფოს მომავალი მეფე რადამა I გადარჩა. სხვა ორი შვილი რამავოლაჰი და რეკოტოვეჰინი შეთქმულებაში მონაწილეობის გამო, მამის ბრძანებით 1808 წელს მოკლეს.

ანდრიანამპუანიმერინამ თავის მიზნებზე განაცხადა, რომ აპირებდა გამხდარიყო მთელი მადაგასკარი მფლობელი, მაგრამ მან ვერ შეძლო გაეერთიანებინა ხალხები, რომლებიც სანაპიროებზე ცხოვრობდნენ. მისი სურვილი აღასრულა მისმა ვაჟმა რადამა I-მა, რომელმაც საბოლოოდ მან გააერთიანა მთელი კუნძული თავისი გვირგვინის გარშემო და მადაგასკარი ევროპელებისთვის სავაჭრო ქვეყანად აქცია.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hodder (1982), p. 59