ანდრეს როდრიგესი
| ანდრეს როდრიგესი | |
|---|---|
| ესპ. Andrés Rodríguez Pedotti | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 19 ივნისი, 1923[1] [2] [3] |
| დაბადების ადგილი | Borja |
| გარდაცვალების თარიღი | 21 აპრილი, 1997[1] [2] [3] (73 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ნიუ-იორკი |
| მოქალაქეობა |
|
| ჯილდოები | Collar of the Order of Isabella the Catholic, National Order of Merit და Grand Order of Mugunghwa |
ანდრეს როდრიგესი (დ. 19 ივნისი, 1923 — გ. 21 აპრილი, 1997) — სამხედრო ოფიცერი და პოლიტიკოსი, რომელიც პარაგვაის პრეზიდენტის პოსტს 1989 წლის 3 თებერვლიდან 1993 წლის 15 აგვისტომდე იკავებდა. სწორედ მან უხელმძღვანელა 1989 წლის 2 და 3 თებერვლის სახელმწიფო გადატრიალებას დიქტატორ ალფრედო სტრესნერის წინააღმდეგ, რითაც დასრულდა პარაგვაის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, 35-წლიანი დიქტატურა.
1989 წლის სახელმწიფო გადატრიალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანდრეს როდრიგესი 35 წლის განმავლობაში ალფრედო სტრესნერის ყველაზე ახლო ნდობით აღჭურვილი პირი იყო. ისინი იმდენად დაახლოვდნენ, რომ როდრიგესის ქალიშვილი სტრესნერის უფროს ვაჟზე დაქორწინდა.[1] სტრესნერის მმართველობის პერიოდში როდრიგესი პარაგვაის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა.[4] მიუხედავად იმისა, რომ მისი ოფიციალური ყოველთვიური გასამრჯელო მხოლოდ 500 დოლარის ექვივალენტს შეადგენდა, ის ფლობდა ქვეყნის უდიდეს ლუდის ქარხანას, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ქსელს, იმპორტ-ექსპორტის კომპანიას, სპილენძის მავთულების საწარმოსა და რამდენიმე რანჩოს.[5]
თუმცა, 1980-იანი წლების მიწურულს მათ შორის ურთიერთობა სულ უფრო დაიძაბა. ათწლეულის მიწურულს როდრიგესმა კავშირები დაამყარა დიდი ხნის განმავლობაში გაბატონებული „კოლორადოს პარტიის“ „ტრადიციონალისტებთან“. პარტიის ეს ფრთა მხარს უჭერდა სტრესნერს მისი ოცდაათწლიანი მმართველობის განმავლობაში, თუმცა დროთა განმავლობაში მართვის უფრო ჰუმანური მეთოდების მომხრე გახდა. ვითარება უკიდურესად გამწვავდა 1989 წლის იანვარში, როდესაც სტრესნერმა რამდენიმე გენერალი თანამდებობიდან გადააყენა და მათ ნაცვლად მისდამი უპირობო ერთგულებაში ეჭვმიუტანელი პირები დანიშნა. მოგვიანებით, იმავე თვეში, სტრესნერმა ქვეყნის მასშტაბით ყველა სავალუტო პუნქტი დახურა, რაც როდრიგესის წინააღმდეგ მიმართულ პირდაპირ დარტყმად იქნა აღქმული. 2 თებერვალს სტრესნერმა თავისი ყოფილი მოკავშირე დაიბარა და ულტიმატუმი წაუყენა — ან თავდაცვის მინისტრის პოსტი უნდა მიეღო, ან გადამდგარიყო. გავრცელებული ინფორმაციით, როდრიგესმა შეხვედრას თავი აარიდა ფეხის ტრამვის სიმულირებით და შეეცადა გაეფანტა ხმები მოსალოდნელი გადატრიალების შესახებ. იგი იქამდეც კი მივიდა, რომ ფეხზე ყალბი თაბაშირი გაიკეთა. ამავე ვერსიით, სტრესნერის საკუთარმა ვაჟმა დაურეკა მამას, რათა მოსალოდნელი გადატრიალების შესახებ გაეფრთხილებინა, თუმცა დიქტატორმა ეს ინფორმაცია აბუჩად აიგდო.[6]
იმავე ღამით, როდრიგესმა საბოლოო პასუხი გასცა, როდესაც სისხლიანი გადატრიალება წამოიწყო. როდრიგესის პირველი არმიის კორპუსის ჯარებმა და ტანკებმა ალყა შემოარტყეს ასუნსიონში მდებარე საპრეზიდენტო გვარდიის შტაბ-ბინას, სადაც სტრესნერი თავს აფარებდა. გადატრიალებას მხარს უჭერდა რომის კათოლიკური ეკლესიის დიდი ნაწილი და შეერთებული შტატები, რომელსაც ცივი ომის პირობებში სტრესნერი, როგორც მოკავშირე, აღარ სჭირდებოდა. რამდენიმე საათში ქვეყნის ყველა სამხედრო ოლქი ამბოხებულთა მხარეს გადავიდა. ამ მხარდაჭერით გადატრიალება სწრაფად დაგვირგვინდა წარმატებით — საომარი მოქმედებების დაწყებიდან სულ რაღაც 17 საათში სტრესნერი გადადგა. თუმცა, ვარაუდობენ, რომ სტრესნერის დაკავების მცდელობას ორივე მხრიდან 500-მდე ჯარისკაცი ემსხვერპლა. რამდენიმე დღის შემდეგ ის გაათავისუფლეს და ქვეყნიდან გააძევეს, რის შემდეგაც მან საბოლოოდ ბრაზილიას შეაფარა თავი.[7]
გადატრიალებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ედგარ ინსფრანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როდრიგესმა გადატრიალების დაგეგმვა 1988 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო. ინსფრანი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს „სტრონატოს“ ყველაზე რეპრესიული ფაზის დროს იკავებდა, თუმცა მოგვიანებით როდრიგესის მხარდამჭერთა ბანაკში გადაინაცვლა და ამჯერად მართვის უფრო ჰუმანურ მიდგომას უჭერდა მხარს.
პრეზიდენტობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმ დროს პარაგვაის არ ჰყავდა ვიცე-პრეზიდენტი. კონსტიტუციის თანახმად, თუ პრეზიდენტი გარდაიცვლებოდა, გადადგებოდა ან მუდმივად ქმედუუნარო გახდებოდა, კონგრესსა და სახელმწიფო საბჭოს 24 საათის განმავლობაში უნდა აერჩიათ დროებითი პრეზიდენტი. შესაბამისად, გადატრიალებიდან მალევე კონგრესი და სახელმწიფო საბჭო შეიკრიბნენ და როდრიგესი დროებით პრეზიდენტად დანიშნეს.
თანამდებობის დაკავებისთანავე, როდრიგესმა სტრესნერის ყველაზე რეპრესიული ზომების უმეტესობა გააუქმა, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა მისი სტრესნერთან წარსული სიახლოვის გათვალისწინებით.[5] მან გააუქმა სიკვდილით დასჯა, გაათავისუფლა პოლიტპატიმრები და სცადა სტრესნერის მთავრობის ზოგიერთი წამყვანი წევრის დაპატიმრება. მან ოფიციალურად გააუქმა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც სტრესნერის მმართველობის თითქმის მთელი პერიოდის განმავლობაში მოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად იგი 1987 წელს გაუქმდა, მისი არსი მაინც შენარჩუნებული იყო დრაკონული უსაფრთხოების კანონებისა და პრესის თავისუფლების მკაცრი შეზღუდვების სახით. მან ასევე ნება დართო რამდენიმე დიდი ხნის განმავლობაში დევნილ ემიგრანტს სამშობლოში დაბრუნებულიყო.
მომდევნო კვირის განმავლობაში სამხედრო ძალები სტრესნერის ერთგული პირებისგან გაიწმინდა, ხოლო მათ ნაცვლად დაწინაურდნენ იმ ექვსი ამბოხებული არმიის დივიზიის მეთაურები, რომლებმაც მხარი გადატრიალებას დაუჭირეს.
როგორც დროებითმა პრეზიდენტმა, როდრიგესმა 9 თებერვალს დაითხოვა დეპუტატთა პალატა 1967 წლის კონსტიტუციის იმ დებულების საფუძველზე, რომელიც პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის უფლებას აძლევდა, თუ ის ჩათვლიდა, რომ ეს უკანასკნელი ხელისუფლების შტოებს შორის კონსტიტუციურ ბალანსს არღვევდა. მან გამოსცა დეკრეტი მაისში ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ და გამოაცხადა, რომ კონკურენციის უფლება ყველა არაკომუნისტურ პარტიას მიეცემოდა. მას სურდა, ეს პროცესი „ექსტრემისტებისგან“ გასაწმენდ იარაღად გამოეყენებინა. ეს იყო არაჩვეულებრივი შემობრუნება ქვეყნისთვის, სადაც მისი ისტორიის უდიდეს ნაწილში, განსაკუთრებით კი სტრესნერის მმართველობისას, ოპოზიცია ძლივს იყო დაშვებული. მართლაც, გადატრიალების მომენტისთვის, ქვეყანას თავისი არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში პლურალიზმის მხოლოდ ორწლიანი გამოცდილება ჰქონდა. სტრესნერის ვადის დარჩენილი ნაწილისთვის საპრეზიდენტო არჩევნები იმავე დღეს დაინიშნა, როდესაც კონგრესის არჩევნები ტარდებოდა. კონსტიტუცია მოითხოვდა ახალი არჩევნების ჩატარებას პრეზიდენტის გადადგომიდან 90 დღის ვადაში, თუ მისი ვადის დასრულებამდე ორ წელზე მეტი იყო დარჩენილი. გამარჯვებულს ეს ვადა ბოლომდე უნდა ემსახურა. როდრიგესმა კენჭი იყარა, როგორც „კოლორადოს“ კანდიდატმა და ხმების 76 პროცენტით გაიმარჯვა იმ არჩევნებში, რომელიც იმ დროისთვის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტად მიახლოებული იყო თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან.[8]
სტრესნერის გადაყენებიდან მალევე, როდრიგესის მთავრობას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და პარაგვაის შესთავაზეს, შეეწყვიტა ხანგრძლივი დიპლომატიური ურთიერთობა ჩინეთის რესპუბლიკასთან და ამის ნაცვლად ეღიარებინა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. თუმცა, როდრიგესმა გაიზიარა ტაივანის ელჩის, ვანგ შენგის არგუმენტები იმის შესახებ, რომ ჩინეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობის გაგრძელება და, ამგვარად, ტაივანის განვითარების დახმარებისა და ტაივანის ბაზრებზე წვდომის შენარჩუნება პარაგვაისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა.[9]
მმართველობის დასასრული და გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წელს ჩატარდა საკონსტიტუციო ასამბლეის არჩევნები, რომელსაც ქვეყნის 1967 წლის ავტორიტარული წესდება უნდა შეეცვალა. ასამბლეამ შეიმუშავა ახალი კონსტიტუცია, რომელიც ძალაში 1992 წლის 20 ივნისს შევიდა. მან პრეზიდენტის მმართველობა ერთი ხუთწლიანი ვადით შეზღუდა, ხელახალი არჩევის ყოველგვარი შესაძლებლობის გარეშე. ხელახალი არჩევის აკრძალვა უკუძალით გავრცელდა როდრიგესზეც, მიუხედავად იმისა, რომ იგი მანამდეც დებდა პირობას, რომ სრულ ვადზე კენჭს არ იყრიდა. კერძოდ, არავის, ვისაც კი ოდესმე პრეზიდენტის პოსტი თუნდაც არასრული ვადით ეკავა, არ ჰქონდა უფლება კვლავ ეყარა კენჭი ან ემსახურა ამ თანამდებობაზე. როდრიგესმა ეს დებულება მისი სიტყვისადმი უნდობლობის გამოხატულებად მიიჩნია და ინაუგურაციის ცერემონიას ბოიკოტი გამოუცხადა. სახელმწიფო გადატრიალების შიში მხოლოდ მას შემდეგ გაიფანტა, რაც მან 22 ივნისს ახალ კონსტიტუციას ხელი მოაწერა და იგი კანონად აქცია. იგი პრეზიდენტის პოსტიდან 1993 წლის 15 აგვისტოს გადადგა და ბოლო ათწლეულების განმავლობაში გახდა პარაგვაის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც თანამდებობა ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა. მისი მემკვიდრე გახდა ხუან კარლოს ვასმოსი, რომელიც, როდრიგესის მსგავსად, „კოლორადოს პარტიის“ წევრი იყო.
როდრიგესი 1997 წელს, ნიუ-იორკში, კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Encyclopædia Britannica
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- 1 2 Munzinger Personen
- ↑ Tessieri, Enrique (5 June 2008). „La sombra de los Stroessner“ [The shadow of the Stroessners]. El País (ესპანური). Madrid.
- 1 2 Calvin Sims (April 22, 1997). „Andres Rodriguez Dies at 72; Overthrew Paraguay Dictator“. The New York Times.
- ↑ El falso yeso de Rodríguez y otras anécdotas del golpe es (3 February 2019).
- ↑ Bernstein, Adam (August 17, 2006). „Alfredo Stroessner; Paraguayan Dictator“. The Washington Post.
- ↑ History Library of Congress Country Studies
- ↑ Partial view on Google Books. pp 289. 293.