ანდრეა პიზანო
| ანდრეა პიზანო | |
|---|---|
|
| |
| დაიბადა | 1290[1] [2] |
| დაბადების ადგილი | Pontedera |
| გარდაიცვალა | 1348[1] |
| გარდაცვალების ადგილი | ორვიეტო |
ანდრეა პიზანო, ნამდვილი სახელი ანდრეა დ’უგოლინო და პონტედერა (იტალ. Andrea Pisano, Andrea d'Ugolino da Pontedera; დ. დაახლ. 1290, პონტედერა, ტოსკანა — გ. დაახლ. 1348, ორვიეტო) — პროტორენესანსის პერიოდის ლუკა-პიზის სკოლის იტალიელი არქიტექტორი, მოქანდაკე, ბრინჯაოს ჩამომსხმელი, ჭედურობის ოსტატი და მხატვარ-იუველირი.[3]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანდრეა პიზანო დაიბადა დაახლოებით 1290 წელს. მეტსახელი მიიღო მოქანდაკის ხელობის შესწავლის ადგილის მიხედვით ან, რაც უფრო სავარაუდოა, პიზაში მოღვაწე სხვა ოსტატების მსგავსად. უტყუარი დოკუმენტების თანახმად, ანდრეა იყო პიზის მახლობლად მდებარე ქალაქ პონტედერაში მოღვაწე ნოტარიუსის, უგოლინო დი ნინოს ვაჟი (სხვა წყაროების მიხედვით — არქიტექტორისა და მოქანდაკის, ტომაზო პიზანოს ძე). გამომდინარე იქიდან, რომ მისი მშობლიური ქალაქი ნაკლებად ცნობილი იყო, იმ დროისთვის დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, იგი მოიხსენიება იმ ქალაქის სახელწოდებით, სადაც მოღვაწეობდა. დოკუმენტებში ანდრეა საკუთარ თავს მუდმივად განსაზღვრავს, როგორც „დე პიზის“ (de Pisis, da Pisa ან pisano). სავარაუდოდ, იგი დაიბადა დაახლოებით 1290 წელს და ხელობას პიზის ოქრომჭედლებისა და მოქანდაკეების სახელოსნოებში ეუფლებოდა — იმ პერიოდში, როდესაც ამ სფეროში ჯოვანი პიზანოს შემოქმედება დომინირებდა. მის პირველ ნამუშევრად მიიჩნევა მასა-მარიტიმას კათედრალური ტაძრის ვერცხლის „ჯვარცმა“, რომელსაც აწერია: „Meus et Gaddus Ceo Andreasque magistri Pisis“. მისი ეპოქის მრავალი სხვა ხელოვანის მსგავსად, იგი მუშაობდა როგორც ბრინჯაოს, ქვისა და ხის ქანდაკებაზე, ისე არქიტექტურის დარგშიც.[4]
ბრინჯაოს ჩამოსხმისა და დამუშავების ოსტატობის გამო, ანდრეა მიიწვიეს ფლორენციაში, სადაც ვაზარი მას მიაწერდა ფლორენციის ბაპტისტერიის იოანე ნათლისმცემლისა და ორი ანგელოზის გამოსახულებიან დასასვენებელს (დაროხრანილნიცას), ასევე ფლორენციის საკათედრო ტაძარის ფასადის რამდენიმე მარმარილოს ქანდაკებას. ამ მასშტაბურ და ნოვატორულ არქიტექტურულ და სკულპტურულ ობიექტზე მუშაობისას ანდრეა სრულყოფდა საკუთარ ხელოვნებას და ეცნობოდა ჯოტოს შემოქმედებას, რომელთანაც შემდგომში მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა.[5]
ფლორენციის სან-ჯოვანი ბაპტისტერიის მოოქროვილი ბრინჯაოს კარები ანდრეა პიზანოს მიერ ფლორენციაში შესრულებული ერთ-ერთი პირველი მსხვილი შეკვეთაა (1330-1336). კარები შემკულია 28 ბარელიეფით, რომლებზეც გამოსახულია იოანე ნათლისმცემლის ცხოვრების სცენები, ასევე მანკიერებანი და სათნოებანი. თავდაპირველად კარები ბაპტისტერიის აღმოსავლეთ მხარეს, ტაძრის პირისპირ მდებარეობდა, ამჟამად კი სამხრეთ პორტალშია განთავსებული. ანდრეამ პირველმა გამოიყენა კვადრიფოლიუმი — ოთხფურცლიანი ჩარჩო, რომელიც მიიღება 45°-იანი კუთხით ორი კვადრატის ურთიერთგადაკვეთით (ერთ-ერთი კვადრატის კუთხეების დამრგვალების შედეგად იქმნება ოთხფურცელა). კარებზე დატანილია წარწერა: „ANDREA UGOLINI NINI DE PISIS“.
ანდრეა ასევე ჯოტოსთან ერთად მუშაობდა ფლორენციის ტაძრის კამპანილეს (სამრეკლოს) სკულპტურულ გაფორმებაზე. ოსტატის გარდაცვალების შემდეგ (1337), 1348 წლამდე, იგი ხელმძღვანელობდა ყველა სამუშაოს. ანდრეა პიზანომ შექმნა მრავალრიცხოვანი რელიეფი სამრეკლოს საფუძვლისთვის (ცოკოლისთვის), რომლებიც, სავარაუდოდ, თავად ჯოტოს ჩანაფიქრით იყო შთაგონებული და ამჟღავნებს ჯოტოსეულ ტიპურ სივრცობრივ გადაწყვეტებს. ქვედა იარუსის მარმარილოს რელიეფები მის მიერ შესრულებულია ჯოტოს ნახატების მიხედვით. ბაპტისტერიის ინტერიერისთვის ანდრეამ ასევე შექმნა მცირე ზომის მარმარილოს სკულპტურები („ქრისტე“ და „წმინდა რეპარატა“), ხოლო სამრეკლოსთვის — წრიული რელიეფები დავით და სოლომონ მეფეების, წინასწარმეტყველებისა და სივილების გამოსახულებებით.[6]
თუმცა, ანდრეა პიზანო კამპანილაზე მუშაობას „ამაო შრომის გამო“ ჩამოაშორეს. 1343 წელს იგი დაბრუნდა პიზაში, სადაც მის სახელოსნოში, ისევე როგორც ფლორენციაში, მისი ვაჟები — ნინო და ტომაზო მოღვაწეობდნენ. აქ მან შექმნა არქიეპისკოპოს სიმონე სალტარელის საფლავის ძეგლი სანტა-კატერინას ეკლესიაში და კუვუკლიის შთამბეჭდავი კონსტრუქცია, რომელიც რამდენიმე დონეზე იყო განლაგებული (XVII საუკუნის ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის გამო, ამჟამად მხოლოდ ოთხი დონეა შემორჩენილი). ლორენცო გიბერტის ცნობით, პიზაში ყოფნისას მან ასევე დაიწყო მუშაობა სანტა-მარია-დელა-სპინა (პიზა) მცირე სამლოცველოში. ანდრეა პიზანოს სახელოსნო, სავარაუდოდ, მდებარეობდა ძველი სან-ლორენცო-ალა-რივოლტას ეკლესიასთან (სადაც ამჟამად პიაცა მარტირი დელა ლიბერტას მოედანზე მდებარე შადრევანია აღმართული).
მისი ნახაზების მიხედვით აიგო სკარპერიის ციხესიმაგრე მუჯელოში, აპენინის მთების კალთაზე, და პისტოიის ბაპტისტერიუმი. მასვე მიეწერება ვენეციის არსენალის ნახაზიც.
1347 წელს ანდრეა პიზანო ორვიეტოს ტაძრის მშენებლობის მთავარ ოსტატად დაინიშნა. სავარაუდოდ, იგი ამავე ქალაქში გარდაიცვალა 1348 წლის შავი ჭირის ეპიდემიის დროს. ცნობილია, რომ 1349 წელს მთავარი მშენებლის თანამდებობა მის ვაჟს, ნინო პიზანოს გადაეცა, თავად ანდრეას შესახებ კი ცნობები აღარ მოიპოვება. ანდრეას ცხედარი ფლორენციაში გადაასვენეს და სანტა-მარია-დელ-ფიორეს ტაძარში დაკრძალეს.[7]
ანდრეა პიზანო სკულპტურის ლუკა-პიზის სკოლის ფუძემდებლად ითვლება. მისი მოწაფეები და საქმის გამგრძელებლები იყვნენ მისი ვაჟები — ნინო და ტომაზო პიზანოები, ასევე ჯოვანი დი ბალდუჩო, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე მის სახელოსნოში ეუფლებოდა ხელობას.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Лазарев В. Н. Происхождение итальянского Возрождения, т. 2. М., 1959
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Athenaeum
- ↑ Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- ↑ Thieme / Becker. Allgemeines Lexikon der bildenden Künstler von der Antike bis zur Gegenwart. — E.A. Leipzig, 1899
- ↑ ANDREA di Ugolino di Enrico Castelnuovo // Dizionario Biografico degli Italiani — Volume 3 (1961)
- ↑ Andrèa Pisano, su sapere.it, De Agostini. Modifica su Wikidata
- ↑ Il sito dell’Opera del Duomo, su operaduomo.firenze.it.
- ↑ Dizionario Biografico degli Italiani