ანდრეა ბოუენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრეა ბოუენი
დაბადების თარიღი 4 მარტი, 1990
კოლუმბუსი, ოჰაიო, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
ეთნიკურად უელსელი
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 1996-დღემდე

ანდრეა ბოუენი (ინგლ. Andrea Bowen; დ. 4 მარტი, 1990, კოლუმბუსი, ოჰაიო, აშშ) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. სახელი გაითქვა სერიალში „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ შესრულებული ჯული მეიერის როლით.

ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრეა ბოუენი დაიბადა 1990 წლის 4 მარტს ოჰაიოს შტატში, ქალაქ კოლუმბუსში. იგი წარმოშობით უელსელია. იგი არის გრაჰამ, ალექს, კემერონ, ჯესიკა და ჯილიან ბოუენების უმცროსი და, რომლებიც ასევე მსახიობები არიან[1]. მან ნიუ-იორკის პროფესიონალური გამოყენებითი ხელოვნების სკოლა დაამთავრა, სადაც ასევე მსახიობ სარა ჰილანდთან მეგობრობდა.

ანდრეა ბოუენი 2008 წელს სერიალ „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ თანავარსკვლავებთან ერთად.

მისი სამსახიობო დებიუტი 1996 წელს შედგა ბროდვეის თეატრში შესრულებული ახალგაზრდა კოზეტის როლით მიუზიკლიდან Les Misérables. ექვსი წლის ასაკში იგი ერთ-ერთი ყველაზე მცირეწლოვანი მსახიობი გახდა, რომელმაც როლი შეასრულა[2]. 1996-2001 წლებში ანდრეა ბროდვეის თეატრში მუშაობდა და სხვადასხვა წარმოდგენაში მონაწილეობდა. 2000 წელს ადელის როლი შეასრულა მიუზიკლში „ჯეინ ეარი“. იგი ასევე იყო ბროდვეის ბავშვთა საკონცერტო ჯგუფის ცენტრი. მისმა მრავალმა დედმამიშვილმა სამსახიობო კარიერა ასევე ბროდვეიში შესრულებული როლებით დაიწყო[1].

2001 წლიდან იგი ტელე-მსახიობი ხდება და მონაწილეობას იღებს ისეთ სერიალებში, როგორებიცაა: „კანონი და სამართალი: მსხვერპლების გაერთიანება“, „არლისი“, „ბოსტონური საზოგადოება“ და „ძლიერი მედიცინა“.

2004 წელს ანდრეა ბოუენი ჯული მეიერის როლზე დაამტკიცეს სერიალში „სასოწარკვეთილი დიასახლისები“, სადაც იგი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, სიუზენ მეიერის (მის როლს ტერი ჰატჩერი ასრულებდა) ქალიშვილის როლს ასრულებდა[1]. როგორც ცნობილია, როლის მისაღებად ანდრეამ თმა შეიღება.[3]პირველ ოთხ სეზონში მას მთავარი როლი ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით ჯული მეიერმა კოლეჯში ჩააბარა და სახლი მიატოვა, რის გამოც ანდრეამაც დაკარგა როლი, თუმცა მეხუთე სეზონიდან იგი დააბრუნეს[4]. ამის შემდეგ იგი თითქმის ყველა სერიაში თამაშობდა, თუმცა უკვე როგორც ეპიზოდური პერსონაჟი. ამრიგად, იგი სერიალის 95 ეპიზოდში გადაიღეს, რა დროსაც იგი მონაწილეობდა ისეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად, როგორებიც არიან: ევა ლონგორია, ტერი ჰატჩერი, ფელისიტი ჰაფმენი, ნიკოლეტ შერიდანი, მარშა კროსი და მრავალი სხვა. სერიალის გადაღებები 2012 წელს დასრულდა[5].

„სასოწარკვეთილი დიასახლისების“ პარალელურად იგი მონაწილეობდა შემდეგ სერიალებში: „ტრეისის გარეშე“ (2005 წელს, შეასრულა ბეკი გროლნიკის როლი), „დახურული“ (2008 წელს, ასრულებდა მიშელ კლარკის როლს), „დაკარგული ჩურჩული“ (2009 წელი, ითამაშა რებეკა კეილის როლი), „ბეტმენი: მამაცი და გაბედული“ (2010, გაახმოვანა ტალია ალ გული), „ამერიკელი თინეიჯერის საიდუმლო ცხოვრება“ (2012, შეასრულა ჯეკის როლს).

მსახიობობის პარალელურად იგი აქტიურად მისდევს მომღერლის კარიერასაც. ანდრეა ბოუენს სულ ექვსი ალბომი აქვს გამოშვებული, თუმცა ამ სფეროში დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობს, რის გამოც ძირითადად მაინც სამსახიობო სფეროშია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Andrea Bowen- Biography Archived January 9, 2014, at the Wayback Machine
  2. "Andrea Bowen". TVGuide.com. Retrieved 4 March 2018.
  3. Touchstone Television, p. 71.
  4. Ausillo, Michael (July 7, 2009). "'Housewives' scoop: Julie's coming home" დაარქივებული 2012-10-06 საიტზე Wayback Machine. . Entertainment Weekly. Retrieved July 10, 2011.
  5. Ausiello, Michael (November 23, 2011). "[Desperate Housewives Exclusive: Dana Delany, Kyle MacLachlan Book Final Season Comebacks". TVLine. Retrieved March 21, 2012.