შინაარსზე გადასვლა

ანდრეას ლოვერდოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრეას ლოვერდოსი
ბერძ. Ανδρέας Λοβέρδος
დაბადების თარიღი 15 მაისი, 1956(1956-05-15) (69 წლის)
დაბადების ადგილი პატრა
მოქალაქეობა  საბერძნეთი
განათლება სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი
loverdos.gr

ანდრეას ლოვერდოსი (ბერძ. Ανδρέας Λοβέρδος, დ. 15 მაისი, 1956, პატრა) — ბერძენი პოლიტიკოსი, რომელიც მსახურობდა საბერძნეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრად (2009-2010), ჯანმრთელობის მინისტრად (2010-2012) და განათლებისა და რელიგიური კულტების მინისტრად (2014-2015).

ანდრეას ლოვერდოსი დაიბადა 1956 წელს ქალაქ პატრაში. მან იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა სალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტში. შემდეგ მიიღო მაგისტრის ხარისხი ევროპულ სამართალში ბრიუსელის ევროპის კვლევათა ინსტიტუტში. ასევე, დაიცვა დოქტორის ხარისხი სალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტში.

1973 წელს ანდრეას ლოვერდოსი გახდა სტუდენტური ორგანიზაციის ΑΝΤΙ-ΕΦΕΕ წევრი, რომელიც „შავი პოლკოვნიკების“ დიქტატურის წინააღმდეგ იბრძოდა. 1975-1976 წლებში იგი იყო სალონიკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 1981-1982 წლებში — ბელგიაში მცხოვრები ბერძენი სტუდენტების ასოციაციის პრეზიდენტი.

ანდრეას ლოვერდოსმა თავისი პროფესიული კარიერა 1987 წელს დაიწყო, როგორც უნივერსიტეტ „პანთეონის“ ლექტორმა ათენში. 1992-1995 წლებში იგი მუშაობდა კონსტიტუციური სამართლის პროფესორის ასისტენტად. 1993-1995 წლებში იყო უნივერსიტეტ „პანთეონის“ ფაკულტეტების ასოციაციის მართვის საბჭოს წევრი. ანდრეას ლოვერდოსი არის ბევრი სტატიის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნდა პოლიტიკური და სამართლებრივი თემების შესახებ სამეცნიერო ჟურნალებსა და წიგნებში.

1996 წლიდან 1997 წლის დეკემბრამდე ანდრეას ლოვერდოსი იყო შიდა საქმეების, სახელმწიფო ადმინისტრაციისა და დეცენტრალიზაციის სამინისტროს გენერალური მდივანი. 2000 წლის აპრილში იგი პირველად აირჩიეს საბერძნეთის პარლამენტის დეპუტატად საბერძნეთის მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური პარტიიდან (ბერძ. Πανελλήνιο Σοσιαλιστικό Κίνημα — ΠΑ.ΣΟ.Κ., ПАСОК). შემდგომში იგი მუშაობდა როგორც სახელმწიფო მდივანი (2002-2004) და შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი (2009–2010). 2010 წელს იგი დაინიშნა საბერძნეთის ჯანმრთელობის მინისტრად. იგი დარჩა ლუკას პაპადიმოსის კაბინეტში, სანამ 2012 წლის მაისში დროებით მთავრობაზე პანაიოტის პიკრამენოსის მიერ მისი ჩანაცვლება არ მოხდა.

ანდრეას ლოვერდოსი გარიცხული იქნა პარტია „პასოკის“ პარლამენტური ფრაქციიდან და 2013 წლის აპრილში ყოფილი „რიკსის“ (სოციალისტური მოძრაობის შემაერთებელი ცენტრის) ბაზაზე დააფუძნა ახალი პარტია „შეთანხმება ახალი საბერძნეთისთვის“ (ბერძ. Συμφωνία για τη Νέα Ελλάδα).

2014 წლის 10 ივნისს იგი კვლავ შეუერთდა საბერძნეთის მთავრობას, ხოლო 22 აგვისტოს განახლდა მისი წევრობა „პასოკის“ პარლამენტურ ჯგუფში. იგი დაინიშნა განათლებისა და რელიგიური საქმეთა მინისტრად და ამ თანამდებობაზე მას დაევალა უნივერსიტეტების ადმინისტრაციის სრული რეფორმირება და იმ ათასობით „მარადიული სტუდენტის“ გარიცხვა, რომლებმაც ვერ შეძლეს პირველი ხარისხის 10-წლიან ვადაში დიპლომის მიღება.[1]

2021 წლის იანვარში ლოვერდოსი იქნა გათავისუფლებული „ცვლილებებისთვის მოძრაობის“ საპარლამენტო ლიდერის პოსტიდან.[2] 2023 წლის 5 ივლისს ლოვერდოსმა დატოვა „ცვლილებებისთვის მოძრაობა“. ოფიციალურ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ პარტია პოლიტიკური მიზეზებით დატოვა და წარმატება უსურვა მათ ბრძოლაში.

ანდრეას ლოვერდოსი არის დაქორწინებული და მას ჰყავს ვაჟი და ქალიშვილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Kerin Hope (9 June 2014), Greece names Gikas Hardouvelis finance minister Financial Times.
  2. Michalopoulos, Sarantis (13 January 2021). „Tectonic shift in Greece: Greek socialists about to turn left“. www.euractiv.com. ციტირების თარიღი: 15 January 2021.