ანდერძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ანდერძი შეიძლება შედგეს, როგორც სანოტარო ფორმით, ასევე შინაურული სახით.

შინაურული ანდერძი – მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და მოაწეროს ხელი, ყოველგვარი ნოტარიული თუ სხვა ტიპის დამოწმების გარეშე. ასეთი ანდერძი იქნება ნამდვილი და წარმოშობს ისეთივე სამართლებრივ შედეგს, რასაც სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძი.

შინაურულ ანდერძთან დაკავშირებით არსებობს ერთი განსხვავება, რომელიც განასხვავებს მას სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძისაგან, კერძოდ როცა ანდერძი დაწერილია შინაურულად, სამკვიდრო მოწმობის მიღებისათვის,  მემკვიდრე ვალდებულია წარუდგინოს  ნოტარიუსს ექსპერტის დასკვნა, შინაურული ანდერძის გარდაცვლილისადმი კუთვნილების შესახებ.;

მაგ: მოანდერძემ დატოვა შინაურული ანდერძი რითიც შვილს უტოვებდა მთელ თავის ქონებას. ასეთ შემთხვევაში იმისათვის, რომ შვილმა მიიღოს სამკვიდრო მოწმობა ნოტარიუსისგან, მან უნდა წარადგინოს ექსპერტის დასკვნა შინაურული ანდერძის შემდგენის შესახებ. ასეთი ვალდებულება ბუნებრივია სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძის შემთხვევაში არ არსებობს.

მოანდერძე უფლებამოსილია, შინაურული ანდერძი დალუქულ კონვერტში შესანახად გადასცეს ნორატიუსს. ასეთ შემთხვევაში მოანდერძე ხელს აწერს კონვერტს სამი მოწმის თანდასწრებით.

დახურული ანდერძი –  შინაურული ანდერძი შეიძლება იყოს დახურული ფორმითაც. ასეთ შემთხვევაში მოანდერძის სურვილით მოწმეებმა ანდერძი უნდა დაადასტურონ ისე, რომ არ გაეცნონ მის შინაარსს. ამ შემთხვევაში მოწმეები უნდა ესწრებოდნენ ანდერძის შედგენას.

დახურული ანდერძის დადასტურებისას მოწმეებმა უნდა მიუთითონ, რომ ანდერძი შედგენილ იქნა პირადად მოანდერძის მიერ მათი თანდასწრებით, მაგრამ ისინი არ გასცნობიან მის შინაარსს.

შინაურული ანდერძის შედგენა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით – ანდერძის ტექსტი შეიძლება გადმოიცეს საერთოდ მიღებული ტექნიკური საშუალებებით, ოღონდ ხელმოწერილი უნდა იყოს მოანდერძის მიერ. ასეთ შემთხვევაში ანდერძის შედგენა და მოანდერძის მიერ ხელის მოწერა უნდა მოხდეს ორი მოწმის თანდასწრებით, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ანდერძი შედგენილი იყო მათი თანდასწრებით ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მოწმეთა მიერ ანდერძის დადასტურება უნდა მოხდეს მოანდერძის მიერ ანდერძზე ხელის მოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ, მოანდერძისა და ორივე მოწმის თანდასწრებით ანდერძზე სათანადო წარწერის გაკეთებით, მოწმეთა სახელის, გვარისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით.

შინაურული ანდერძის დაწერისას, აუცილებელია მოანდერძემ მიუთითოს ანდერძის შედგენის თარიღი, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ანდერძი შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი.

 სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძი

სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძი ორი სახის შეიძლება იყოს:

1)      ნორატიუსი მხოლოდ ადასტურებს ანდერძზე განხორციელებულ ხელმოწერის ნამდვილობას – ამოწმებს ხელმომწერის პირადობა, ქმედუნარიანობას.

2)      ნორატიუსი ხელმოწერის დადასტურებასთან ერთად, განუმარტავს მოანდერძეს იმ შინაარსსა და სამართლებრივ შედეგებს, რაც გამომდინარეობს ანდერძის შინაარსიდან.

დასაშვებია, რომ ანდერძი მოანდერძის სიტყვებით ჩაიწეროს ნოტარიუსმა ორი მოწმის თანდასწრებით.ანდერძის ჩაწერისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთოდ მიღებული ტექნიკური საშუალებები.

მოანდერძის სიტყვებით ნოტარიუსის მიერ ჩაწერილი ანდერძი უნდა წაიკითხოს მოანდერძემ და ნოტარიუსისა და მოწმის თანდასწრებით მოაწეროს ხელი.

ანდერძის დადასტურებისას მოანდერძეს არ მოეთხოვება იმ მტკიცებულებათა წარდგენა, რომლებიც ადასტურებენ მის უფლებამოსილებას საანდერძო ქონებაზე.

ანდერძზე ხელის მოწერა სხვა პირის მიერ –  თუ მოანდერძე რაიმე მიზეზით თვითონ ვერ მოაწერს ხელს ანდერძს, შეიძლება მისი თხოვნით ხელი მოაწეროს სხვა პირმა. ამასთან, უნდა აღინიშნოს მიზეზი, რის გამოც მოანდერძემ ვერ შეძლო ანდერძზე ხელის მოწერა.

 ყრუ–მუნჯი და ბრმა პირის ანდერძი

თუ მოანდერძე ყრუ-მუნჯია ან ყრუ-მუნჯი წერა-კითხვის უცოდინარია, საანდერძო განკარგულება მან უნდა გააკეთოს ნოტარიუსთან ორი მოწმისა და ისეთი პირის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია გააგებინოს მას საქმის არსი და დაადასტუროს თავისი ხელმოწერით, რომ ანდერძის შინაარსი შეესაბამება მოანდერძის ნებას.

მოანდერძემ, რომელიც ბრმაა ან არ შეუძლია წერაკითხვა, საანდერძო განკარგულება უნდა გააკეთოს ნოტარიუსთან სამი მოწმის თანადასწრებით, რის შესახებაც უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი, რომელიც მას უნდა წაეკითხოს.

ჩამწერი და წამკითხველი შეიძლება იყვნენ მოწმეებიც, მაგრამ ჩამწერი არ უნდა იყოს წამკითხველი.

ჩანაწერში მითითებულ უნდა იქნეს, თუ ვინ გააკეთა ჩანაწერი და ვინ წაუკითხა მოანდერძეს. ჩანაწერს ხელი უნდა მოაწერონ მოწმეებმა და დაადასტუროს ნოტარიუსმა.

ანდერძის მოწმეები – ანდერძის მოწმეები არ შეიძლება იყვნენ: არასრულწლოვანები, ქმედუუნაროდ აღიარებული პირები, ანდერძით მემკვიდრე და მისი ნათესავები დამავალი და აღმავალი ხაზით, დები, ძმები, მეუღლე და საანდერძო დანაკისრის მიმღები (ლეგატარი).

ანდერძის საიდუმლოება – ნოტარიუსს, სხვა პირს, რომელმაც დაადასტურა ანდერძი, მოწმეს, ასევე პირებს რომლებმაც ხელი მოაწერეს ანდერძს მოანდერძის ნაცვლად, უფლება არა აქვთ სამკვიდროს გახსნამდე გაამხილონ ცნობები, რომლებიც შეეხება ანდერძის შინაარსს, მის შედგენას, შეცვლას ან გაუქმებას.