ანგლო-მაისურის მეოთხე ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1789-92 წლებში გამართული ანგლო-მაისურის მესამე ომის შემდეგ, მაისურის სამეფოს მმართველ ტიპუ სულთანსა და ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბული იყო. გასული ომის შედეგად მაისურის სამეფოს თავისი ტერიტორიის თითქმის ნახევრის დათმობა მოუწია კომპანიისა და მისი მოკავშირეებისათვის. სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებდა ტიპუ სულთანის კარგი ურთიერთობა საფრანგეთთან, მიუხედავად იმისა რომ ნაპოლეონის გეგმები ეგვიპტის გავლით დაკავშირებოდა ინდოეთს ჰორაციო ნელსონმა დაასამარა ფრანგული ფლოტის განადგურებით. 1798 წლის 18 მაისს ინდოეთის გენერალ-გუბერნატორის პოსტზე დაინიშნა მორნინგტონის გრაფი, რიჩარდ უელსლი. მან თავიდანვე ექსპანსიონისტური პოლიტიკის გატარება დაიწყო. მან იმავე წლის ოქტომბრისთვის აღადგინა კონტროლი მაისურის ჩრდილოეთით მდებარე ჰაიდერაბადზე და მისი ნიზამი კომპანიას დაუქვემდებარა. შემდეგ კი, დაარწმუნა რა მადრასის ახალი გუბერნატორი, ლორდი კლაივი, ომის აუცილებლობაში, კომპანიის ძალებმა მოახლოებული ომისთვის მზადება დაიწყეს.

საბრძოლო მოქმედებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1799 წლის 3 თებერვალს მორნინგტონმა საბრძოლო მოქმედებების დაწყების ბრძანება გასცა. მაისურის სამეფოს ტერიტორიაზე ერთდროულად რამდენიმე ბრიტანული კონტინტენტი შევიდა. აღმოსავლეთიდან, მადრასის არმია, რომელსაც ჯორჯ ჰარისი მეთაურობდა. მის განკარგულებაში თავდაპირევლად 20000 მეომარი იყო, თუმცა 18 თებერვალს, ამბურთან მას ჰაიდერაბადის ნიზამის ძალებიც შეუერთდნენ. დასავლეთიდან, მალაბარის სანაპიროდან, მათკენ მოემართებოდა შედარებით მცირე ძალა ბომბაის არმიიდან, რომელსაც გენერალ-ლეიტენანტი ჯეიმზ სტიუარტი ედგა სათავეში.

ტიპუს ტერიტორიაზე შესულ ჰარისს ადგილობრივებისგან დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრია. მისი არმია ბანგალორამდე ისე მივიდა, რომ მხოლოდ რამდენიმე მცირე მასშტაბიანი დაპირისპირება მოუწია მტრის მოთარეშე კავალერიასთან. ტიპუს გადაეწყვიტა ბანგალორი არ დაეცვა, დასავლეთით დაეხია უკან და გზად მოსავალი გაენადგურებინა. ჰარისმაც ბანგალორს გვერდი აუარა და პირდაპირ ტიპუს დედაქალაქისკენ, სერინგაპატამისკენ დაიძრა. მტრის ძალებთან პირველი მნიშვნელოვანი ბრძოლა სტიუარტის არმიას მოუხდა, რომელმაც 6 მარტს სედასერთან ტიპუს ძალების შეტევა მოიგერია და მტერი აიძულა, რომ დედაქალაქისკენ დაეხიათ.