შინაარსზე გადასვლა

ანა შჩეტინინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა შჩეტინინა
დაბადების თარიღი 13 (26) თებერვალი, 1908
დაბადების ადგილი Okeanskaya
გარდაცვალების თარიღი 25 სექტემბერი, 1999(1999-09-25) (91 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვლადივოსტოკი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკა
 სსრკ
 რუსეთი
განათლება Maritime State University named after Admiral G. I. Nevelskoy
ჯილდოები მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, ლენინის ორდენი[1] , სოციალისტური შრომის გმირი[1] , სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი[1] , შრომის წითელი დროშის ორდენი[1] , წითელი ვარსკვლავის ორდენი[1] , მედალი „ლენინგრადის დაცვისათვის“, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, honorary citizen of Vladivostok[2] , შრომითი მამაცობის მედალი[1] , ლენინის ორდენი[1] და მედალი „იაპონიაზე გამარჯვებისათვის“

ანა ივანეს ასული შჩეტინინა (რუს. А́нна Ива́новна Щети́нина, დ. 13 (26) თებერვალი, 1908, რუსეთის იმპერია — გ. 25 სექტემბერი, 1999, ვლადივოსტოკი) — საბჭოთა სავაჭრო ფლოტის თანამშრომელი, მსოფლიოში პირველი ქალი — შორეული ნაოსნობის კაპიტანი. სოციალისტური შრომის გმირი (1978).

ადრეული წლები და ოჯახი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა შჩეტინინა დაიბადა 1908 წლის 13 (26) თებერვალს , ვლადივოსტოკის მახლობლად. მისი მამა, ივანე შჩეტინინი (1877-1946), დაიბადა სოფელ ჩუმაიში (ტომსკის გუბერნია, დღევანდელი კემეროვოს ოლქის ჩებულინსკის რაიონი). მუშაობდა მეისრედ, მეტყევედ, მეთევზეობის მუშაკად, დურგლად და НКВД-ს საოლქო განყოფილებაში დაჩების კომენდანტად. დედა, მარია (დ. 1876), წარმოშობით კემეროვოს ოლქიდან იყო. ძმა, ვლადიმერ შჩეტინინი (დ. 1919), დაიბადა ვლადივოსტოკში და მუშაობდა საავიაციო ქარხნის საამქროს ოსტატად პრიმორიეს მხარის სადგურ ვარფოლომეევკაზე.[3]

1919 წელს ანა შჩეტინინამ სწავლა დაიწყო დაწყებით სკოლაში, სადგოროდში. ვლადივოსტოკში სახალხო-რევოლუციური არმიის შემოსვლის შემდეგ, სკოლების რეორგანიზაცია განხორციელდა და 1922 წლიდან ანა სწავლობდა ერთიან შრომით სკოლაში, სადგურ სედანკაზე, სადაც 1925 წელს 8 კლასი დაამთავრა. იმავე წელს იგი ჩაირიცხა ვლადივოსტოკის საზღვაო ტექნიკუმის ხომალდმართვის განყოფილებაზე.[4] სწავლის პერიოდში მან საზღვაო პრაქტიკა გაიარა გემებზე: „სიმფეროპოლი“, „ბრიუხანოვი“ და „პირველი კრაბმჭერი“.

1928 წელს ანა შჩეტინინა ცოლად გაჰყვა მეზღვაურ-რადისტს, ნიკოლაი კაჩიმოვს (1903-1950). 1937 წელს ის რეპრესირებული იქნა, ხოლო 1939 წელს გაათავისუფლეს და რეაბილიტაცია ჩაუტარდა მეუღლის აქტიური დახმარებით, რომელიც მომხდარში გარკვევის მოთხოვნით მაღალი რანგის ხელმძღვანელებს მიმართავდა. 1941 წელს ნებაყოფლობით წავიდა ფრონტზე, იბრძოდა ლადოგის სამხედრო ფლოტილიაში და მძიმედ დაიჭრა. მისი უდროო გარდაცვალების შემდეგ ანა აღარ გათხოვილა.[5]

ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, 1929 წლიდან, ანა შჩეტინინა მუშაობდა კამჩატკაზე: იყო 1-ლი კლასის მეზღვაური, შტურმანის შეგირდი, კაპიტნის მე-3, მე-2 და უფროსი თანაშემწე კამჩატკის სააქციო საზოგადოების გემებზე: „ტუნგუსი“, „ოხოცკი“, „ლამუთი“, „კორიაკი“, „ტოპოროკი“, „ესკიმოსი“ და „ოროჩენი“. 24 წლის ასაკში ანამ შტურმანის დიპლომი მიიღო, ხოლო 1934 წლის 25 იანვარს[4] — შორეული ნაოსნობის კაპიტნის დიპლომი.

მისი პირველი რეისით, რომელიც 1935 წლის ივნისიდან სექტემბრამდე გაგრძელდა, მან მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. მან საბჭოთა კავშირის მიერ ნაყიდი სატვირთო ორთქლმავალი „ჩავიჩა“ ჰამბურგიდან ოდესისა და სინგაპურის გავლით პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიში ჩაიყვანა. შემდეგ, ორი წელზე მეტი ხნის განმავლობაში, იგი ამ ორთქლმავალს წყნარ ოკეანესა და ოხოტის ზღვაში მართავდა.

1938 წლის 20 მარტს ანა შჩეტინინა დაინიშნა ვლადივოსტოკის თევზის პორტის პირველ უფროსად. მან უზარმაზარი სამუშაო შეასრულა ამ პორტის შექმნისა და ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე გადასვლის კუთხით. 1939 წლიდან დაუსწრებლად სწავლობდა ლენინგრადის წყლის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტის ხომალდმართვის ფაკულტეტზე.

ანა შჩეტინინას დიდი სამამულო ომი ბალტიის ზღვაზე დახვდა, სადაც ის გემი „ვირა“-ს შორეულ აღმოსავლეთში გადაყვანის ამოცანას ასრულებდა. ვინაიდან ომის დაწყებისთანავე ამ დავალებამ აქტუალურობა დაკარგა, შჩეტინინა დაინიშნა ტრანსპორტ „საულე“-ს კაპიტნად. ამ გემზე მან ბალტიის ზღვაზე გაატარა პირველი სამხედრო ზაფხული და შემოდგომა. დაბომბვის ქვეშ ახდენდა ტალინის მოსახლეობის ევაკუაციას და გადაჰქონდა სტრატეგიული ტვირთები. იგი მონაწილეობდა ტალინის გადასვლის დროს დაღუპული გემებისა და ხომალდების მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების გადარჩენასა და კრონშტადტში მათ ევაკუაციაში. ომის პირობებში მუშაობისთვის იგი წარდგენილი იყო ლენინის ორდენზე (დაჯილდოება მხოლოდ 1942 წლის ზაფხულში შედგა, თუმცა ჯილდო წითელი ვარსკვლავის ორდენამდე იქნა დაქვეითებული).[6]

1941 წლის დეკემბერში ის კვლავ შორეულ აღმოსავლეთში გაიგზავნა, სადაც მისი ამოცანა იყო აშშ-დან სსრკ-ში ლენდ-ლიზის ტვირთების მიწოდების უზრუნველყოფა წყნარი ოკეანის გავლით. 1941 წლის დეკემბრის ბოლოდან ის იყო ორთქლმავალი „კარლ ლიბკნეხტის“ კაპიტანი, ხოლო 1943 წლის თებერვლიდან – ორთქლმავალი „ჟან ჟორესი“-ს კაპიტანი.

1945 წლის ზაფხულში, იაპონიის წინააღმდეგ ომისთვის მზადების პერიოდში, ანა შჩეტინინა გემ „ჟან ჟორესით“ სახალინის კუნძულზე გადაიყვანა ორი სატანკო ბატალიონი მთელი მათი საშტატო ტექნიკით. უკვე საბრძოლო მოქმედებების პერიოდში, 1945 წლის აგვისტოში, მან მონაწილეობა მიიღო 264-ე მსროლელი დივიზიის სამხრეთ სახალინზე გადასროლაში.

ომის შემდეგ, ანა შჩეტინინა იყო გემების „ასკოლდი“, „ბასკუნჩაკი“ კაპიტანი; 1946 წლიდან კი, ბალტიის საორთქლმავლო კომპანიაში, მუშაობდა ორთქლმავალთა – „დნესტრი“, „ბელოოსტროვი“, „ფსკოვი“, „მენდელეევი“ – კაპიტნად ლენინგრადი–კოპენჰაგენის ხაზზე. პარალელურად, მან განაგრძო დაუსწრებელი განათლება და 1950 წელს ლენინგრადის უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის დიპლომი მიიღო.

1951 წლიდან ანა შჩეტინინა იყო უფროსი მასწავლებელი, ხოლო შემდეგ დეკანი ხომალდმართვის ფაკულტეტისა ლენინგრადის უმაღლეს საზღვაო სასწავლებელში (რომელიც 1954 წელს ადმირალ ს. მაკაროვის სახელობის ლენინგრადის უმაღლეს საინჟინრო-საზღვაო სასწავლებლად გარდაიქმნა). 1956 წელს ანა შჩეტინინას მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება. 1960 წელს ის გადაიყვანეს ვლადივოსტოკის უმაღლეს საინჟინრო-საზღვაო სასწავლებელში, კათედრა „საზღვაო საქმე“-ს დოცენტის თანამდებობაზე, ხოლო 1974 წლიდან იყო კათედრის „ხომალდის მართვა და მისი ტექნიკური ექსპლუატაცია“ გამგე. ამასთან, როგორც 1950-იან, ისე 1960-იან წლებში, მას ევალებოდა საბჭოთა გემების ყველაზე საპასუხისმგებლო რეისების განხორციელება (ხშირად საბჭოთა ნაოსნობის ისტორიაში პირველად) აზიისა და აფრიკის ახალ ქვეყნებში, ასევე მიჰყავდა ხომალდები ავსტრალიაში, კუბასა და ინდოეთში.

უკანასკნელი წლები და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1977 წლის თებერვლიდან ანა შჩეტინინა იყო შორეული აღმოსავლეთის საზღვაო საორთქლმავლო კომპანიის ნაოსნობის უსაფრთხოების სამსახურის კაპიტანი-დამრიგებელი.

1964-1970 წლებში ის იყო სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების პრიმორიეს ფილიალის თავმჯდომარე.</ref>[4] არის ავტორი წიგნისა „ზღვებზე და ზღვების მიღმა...“. პენსიაზე გავიდა 1983 წელს.

გარდაიცვალა 1999 წლის 25 სექტემბერს.

ჯილდოები და წოდებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა შჩეტნინას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და წოდება, მათ შორისაა:სოციალისტური შრომის გმირი (1978), ლენინის ორი ორდენი (1945, 1978), სამამულო ომის II ხარისხის ორი ორდენი (1945, 1985), წითელი ვარსკვლავის ორდენი (1942), შრომის წითელი დროშის ორდენი (1936), სსრკ-ის მთელი რიგი მედლები, ვლადივოსტოკის საპატიო მოქალაქის წოდება (1978),[7] საზღვაო ფლოტის საპატიო მუშაკი, სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი(1988), შორეული აღმოსავლეთის საზღვაო კაპიტნების ასოციაციისა (1998) და კაპიტანთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (1998) საპატიო წევრი და რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი (1994).

  • Доценко В. Д. Морской биографический словарь / Касатонов И. В.. — СПб.: LOGOS, 1995. — С. 456. — ISBN 5-87288-095-2.

Капитан Анна = Lady-captain Anna [фотоальбом]. — Владивосток: Светлана, 2005. — 167 с. — (Серия «Капитаны»).; ISBN 5-901403-17-7.

  • Зубова Е. Н. и др. Великие женщины России. — М.: Дом Славянской книги, 2006. — 478 с. — ISBN 5-903036-05-8.
  • Бельская Э. А. Жил на свете капитан. // Гангут. — 2008. — Вып. 48. — С. 139—141.
  • А. Щетинина. На море. // Работница. — 1938. — № 13. — С. 12-13.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]