ანა ფოტიგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ანა ფოტიგა
ანა ფოტიგა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 მაისი, 2006 – 15 ნოემბერი, 2007
წინამორბედისტეფან მელერი
მემკვიდრერადოსლავ სიკორსკი

დაბადებული12 იანვარი, 1957 (1957-01-12) (64 წლის)
ლენბორკი, პომერანია, პოლონეთი
მოქალაქეობაპოლონეთი
მეუღლერიშარდ ფოტიგა
შვილები2
განათლებაგდანსკის უნივერსიტეტი
საქმიანობაეკონომისტი, დიპლომატი

ანა ელიჟბიეტა ფოტიგა, ქალიშვილობისას - კავიცკა, პოლ.Anna Elżbieta Fotyga (დ.1957 წ.) - პოლონეთის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საგარეო საქმეთა მინისტრი 2006-07 წლებში, ევროპარლამენტის წევრი, "ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების პარტიის" გენერალური მდივანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა ფოტიგამ დაამთავრა გდანსკის უნივერსიტეტის სავაჭრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1981 წელს, რის შემდეგაც მუშაობდა პროფკავშირული ორგანიზაცია "სოლიდარობის" საერთაშორისო განყოფილებაში. ერთპარტიული პოლიტიკური სისტემის ლიკვიდაციის შემდეგ 1989-92 წწ. იგი ხელმძღვანელობდა "სოლიდარობის" საგარეო საქმეთა ბიუროს, ასევე ასწავლიდა ინგლისურ და რუსულ ენებს.[1] 1991 წელს ის სტაჟირებაზე იმყოფებოდა აშშ-ში შრომის დეპარტამენტში, ასევე გადიოდა კურსებს ნიუ-იორკის კორნელის უნივერსიტეტში. მოგვიანებით ფოტიგა მუშაობდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტად, აგრეთვე, მონაწილეობდა მსოფლიო ბანკის და ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკის პროექტებში პოლონეთში.[2]

პოლიტიკური საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს იეჟი ბუზეკის კოალიციურ მთავრობაში იგი გახდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, ხოლო მომდევნო ორი წლის განმავლობაში ეკავა პრემიერის ოფისის საგარეო ურთიერთობათა ბიუროს უფროსის თანამდებობა. ამ პერიოდში ფოტიგა გაწევრიანდა ძმები კაჩინსკების მიერ შექმნილ კონსერვატიულ "სამართალი და სამართლიანობის" პარტიაში. 2002-04 წლებში იგი მუშაობდა გდანსკის მერის მოადგილედ.

როგორც მმართველი პარტიის წევრმა, ანა ფოტიგამ გაიმარჯვა ევროპარლამენტის არჩევნებში 2004 წელს და გახდა საგარეო საქმეთა კომისიის წევრი. პოლონეთში დაბრუნების შემდეგ 2005 წელს ის დაინიშნა საგარეო უწყებაში თავდაპირველად სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე, მომდევნო წელს კი - მინისტრად. ამ პოსტს იგი იკავებდა როგორც კაზიმეჟ მარცინკევიჩის, ასევე იაროსლავ კაჩინსკის კაბინეტში. საგულისხმოა, რომ ანა ფოტიგა ამ პერიოდისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებში უფრო მეტად იყო ცნობილი, ვიდრე პოლონეთის საზოგადოებისთვის.

2007-08 წლებში მუშაობდა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ადმინისტრაციის უფროსად.

2010 წ. ანა ფოტიგა პარტიულ თანამდებობაზე საქმიანობდა თავმჯდომარის მრჩევლად საერთაშორისო საკითხებში. მომდევნო წელს მან განაახლა სადეპუტატო მოღვაწეობა ჯერ სეიმის წევრად, მოგვიანებით კი - ევროპარლამენტში, სადაც ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა კომიტეტში და თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტში. 2020 წლის სექტემბერში იგი არჩეული იქნა "ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმატორთა პარტიის" გენერალურ მდივნად.[3]

2020 წელს პოლონელი დიპლომატი შევიდა ნატოს გენერალური მდივნის მიერ ათი ექსპერტისგან შექმნილ ჯგუფში, რომელიც ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის რეფორმირებაზე მუშაობს.[4]

საქართველოსთან ურთიერთობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის თებერვლის ბოლოს მინისტრის რანგში ანა ფოტიგა თბილისში იმყოფებოდა. შეხვედრებზე განხილვის ძირითად თემებს წარმოადგენდა პოლონეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კონკრეტული საკითხები, კონფლიქტურ ზონებში ეუთოს ან ევროკავშირის სამშვიდობო ძალების განთავსების შემთხვევაში პოლონური კონტინგენტის გაგზავნის საკითხი, აგრეთვე, ლეხ კაჩინსკის ვიზიტის მომზადება, რომელიც აპრილში იყო დაგეგმილი. [5]

2009 წელს იგი თბილისში დაბრუნდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის მეთაურად. ვინაიდან მანამდე ეს ოფისი არ ფუნქციონირებდა, ანა ფოტიგას არაერთი საკადრო, ორგანიზაციული და ლოგისტიკური საკითხის გადაჭრა მოუხდა. 2010 წლის 25 აგვისტოს ის გადადგა პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკის განცხადების მიმართ პროტესტის ნიშნად მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა სმოლენსკის ტრაგედიისას დაღუპული ლეხ კაჩინსკი საქართველოს კონტექსტში არცთუ დელიკატურად მოიხსენია.[6]

ევროპარლამენტის წევრის რანგში 2021 წლის ნოემბერში ანა ფოტიგა საქართველოს ეწვია ორ ლიეტუველ დეპუტატთან ერთად, მაგრამ ამჯერად მისმა ვიზიტმა ნაკლებად კეთილგანწყობილ გარემოში ჩაიარა. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან მას არ მიეცა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება, რის გამოც დელეგაციისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთმანეთის მიმართ კრიტიკული აზრები საჯაროდ გაცვალეს.[7]

ანა ფოტიგა აქტიურად ახორციელებს საქართველოს მხარდაჭერას რუსეთთან მიმართებაში, მაგალითად, ხაზს უსვამს რუსეთის ხელისუფლებაზე ეფექტიანი ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობას, რათა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტით აღებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს.[8]

რეგულარულად იგი აკეთებს კომენტარებს, აგრეთვე, საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებზე, რომლის მთავარი არსი ევროპულ ფასეულობებთან თავსებადი სამართლებრივი სისტემის შექმნაში მდგომარეობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირადი ვებ-გვერდი

გვერდი ტვიტერში

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]