შინაარსზე გადასვლა

ანა ელიზაბეტ კლუმპკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა ელიზაბეტ კლუმპკე
დაიბადა 28 ოქტომბერი, 1856(1856-10-28)[1] [2]
დაბადების ადგილი სან-ფრანცისკო[3] [2]
გარდაიცვალა 9 თებერვალი, 1942(1942-02-09)[1] [4] [2] (85 წლის)
გარდაცვალების ადგილი სან-ფრანცისკო[5] [2]
ჟანრი საჟანრო ფერწერა[6] , საპორტრეტო ფერწერა[6] და პორტრეტი[6]
ანა კლუმპკე თავის სტუდიაში. ფოტო გადაღებულია დაახლოებით 1885-1890 წწ

ანა ელიზაბეტ კლუმპკე (ინგლ. Anna Elizabeth Klumpke, დ. 28 ოქტომბერი, 1856, სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ — გ. 9 თებერვალი, 1942, სან-ფრანცისკო) — ამერიკელი მხატვარი, პორტრეტისტი და ყოფითი ჟანრის ოსტატი. ცნობილია ცნობილი ქალების პორტრეტებით, მათ შორის ელიზაბეტ სტენტონის[7] და როზა ბონერი[8] პორტრეტებით.

ანას მამა, ჯონ ჯერალდ კლუმპკე, დაიბადა ინგლისში,[9] სხვა წყაროებით — გერმანიაში,[10] და იყო წარმატებული და მდიდარი რელტორი სან-ფრანცისკოში. მისი დედა დოროთეა მატილდა ტოლე იყო. ანა რვა შვილიდან უფროსი იყო, რომელთაგან ხუთმა მიაღწია სრულწლოვანებას. მის ძმებსა და დებს შორის იყვნენ ასტრონომი დოროთეა კლუმპკე-რობერტსი, მევიოლინე იულია კლუმპკე და ნევროლოგი ავგუსტა დეჟერინ-კლუმპკე.

სამი წლის ასაკში ანა წაიქცა და ბარძაყის ძვალი მოიტეხა. ხუთი წლის ასაკში ისევ წაიქცა და გადაიტანა ოსტეომიელიტი ჩირქოვანი ართრიტით მუხლის სახსარში. დედამისი ანასთან და მის სამ დედმამიშვილთან ერთად ბერლინში გადავიდა, რათა ემკურნალათ ექიმ ბერნჰარდ ფონ ლანგენბეკთან. მკურნალობა 18 თვეს გაგრძელდა და მოიცავდა თერმულ აბაზანებს ბად-კროიცნახში. ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო, და ანა მთელი ცხოვრება კოჭლობდა. სანამ ისინი ევროპაში იმყოფებოდნენ, დედამ იზრუნა იმაზე, რომ ბავშვებს სწავლა გაეგრძელებინათ. ევროპაში გატარებულმა დრომ კლუმპკების ოჯახში ურთიერთობები გაამწვავა, და როდესაც ანა თხუთმეტი წლის იყო, მისი მშობლები განქორწინდნენ. ანა და მისი და-ძმები (იმ დროისთვის ისინი ხუთნი იყვნენ) დედასთან ერთად გეტინგენში გადავიდნენ, სადაც დროებით ცხოვრობდნენ მატილდას დასთან, რომელიც გერმანელ მოქალაქეზე იყო დაქორწინებული. ანა და მისი და ავგუსტა. შტუტგარტის მახლობლად, კანშტატის სკოლაში შეიყვანეს. ჩვიდმეტი წლის ასაკში ოჯახი შვეიცარიაში, კლარენსში, ჟენევის ტბის მახლობლად გადავიდა, სადაც ანამ ორი წელი გაატარა სკოლა-ინტერნატში.

ბავშვობაში ანას თოჯინა აჩუქეს სახელად „როზა“, რომელიც ცნობილი ფრანგი ანიმალისტი მხატვრის, როზა ბონერის, სახეს ჰგავდა. ანა ბავშვობიდანვე აღფრთოვანებული და შთაგონებული იყო ამ მხატვრით.[11]

1889 წლის 15 ოქტომბერს, როცა ბონერის პორტრეტის დახატვა განიზრახა, ანა შეხვდა მას, მოიმიზეზა რა, თითქოს ცხენებით მოვაჭრის თარჯიმანი იყო. მალე ისინი ერთად დასახლდნენ ბონერის მამულში, ტომარი, ფონტენბლოს მახლობლად. მათი ურთიერთობა გაგრძელდა ბონერის გარდაცვალებამდე (1899 წლამდე).[8]

კლუმპკე ბონერის მამულისა და ქონების ერთადერთ მემკვიდრედ დასახელდა და 1900 წელს მხატვრის ნამუშევრების გაყიდვის პროცესს კურატორობდა. მან დააარსა როზა ბონერის სახელობის პრემია „Société des Artistes Français“-ში და ფონტენბლოს სასახლეში როზა ბონერის მუზეუმი ჩამოაყალიბა.

კლუმპკე დეტალურ დღიურებს აწარმოებდა, რომელთა საფუძველზეც 1908 წელს ბონერის ბიოგრაფია – Sa Vie Son Oeuvre („მისი ცხოვრება, მისი შემოქმედება“) გამოაქვეყნა. ეს წიგნი ინგლისურ ენაზე მხოლოდ 1998 წელს გამოვიდა. მასში კლუმპკე აღწერს ბონერის ცხოვრებას, მათ ურთიერთობას, სიყვარულს და იმას, თუ როგორ გახდა მისი ოფიციალური პორტრეტისტი და კომპანიონი.

ელიზაბეტ კლუმპკე თავის ნამუშევრების გამოფენებს ხელოვნების სასახლეში და ქალთა პავილიონში 1893 წლის ჩიკაგოს მსოფლიო გამოფენაზე.[12]

ელიზაბეტ ბონერის გარდაცვალების შემდეგ კლუმპკე გარკვეული დროით ცხოვრობდა საფრანგეთში, ბოსტონში და სან-ფრანცისკოში, სანამ საბოლოოდ 1930-იან წლებში სან-ფრანცისკოში არ დასახლდა.[11][13] პირველი მსოფლიო ომის დროს მან დედასთან ერთად ტომერში, საკუთარ სახლში, სამხედრო ჰოსპიტალი დააარსა.

1940 წელს, 84 წლის ასაკში, კლუმპკემ გამოაქვეყნა საკუთარი ავტობიოგრაფია „მხატვრის მოგონებები“. ის გარდაიცვალა 1942 წლის 9 თებერვალს, 86 წლის ასაკში, თავის მშობლიურ სან-ფრანცისკოში. მისი მემორიალი სან-ფრანცისკოს კოლუმბარიუმში მდებარეობს, ხოლო დაკრძალულია როზა ბონერთან ერთად პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.[14]

ანა კლუმპკე ძირითადად ყოფითი ჟანრის ნამუშევრებს ქმნიდა, ის ხშირად ხატავდა პასტორალურ სცენებს სტატიკური ფიგურებით, ჩვეულებრივ ქალებს. ძირითადად ქალებთან ერთად. მისი ნამუშევარი „კატინუ ქსოვის დროს“ 1887 წელს პარიზის სალონში გამოიფინა. კლუმპკეს მიერ შექმნილი სენტიმენტალური ნახატები დიდი პოპულარობით სარგებლობდა. გარდა ამისა, ის პორტრეტების ხატვაშიც იყო დახელოვნებული.

ანა კლუმპეკს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. მათ შორისაა: 1885 წელს საპატიო სიგელი (პარიზის სალონი). 1888 წელს პირველი პრემია აიღო — „აკადემია ჟულიანის“ პრიზი, პარიზში. 1889 წელს ტემპლის ოქროს მედალი მიიღო აკადემია პენსილვანიის ხელოვნებათა სკოლაში, სურათისთვის „სამრეცხაოში“. ანა გახდა პირველი ქალი, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა. 1924 წელს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი გახდა საფრანგეთში და 1936-ში კი — საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი.

  1. 1 2 SNAC — 2010.
  2. 1 2 3 4 Grove Art Online / J. TurnerOxford, England, Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 1998.
  3. RKDartists
  4. Find a Grave — 1996.
  5. Find a Grave — 1996.
  6. 1 2 3 მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი — 1870.
  7. «American Art: Lesbian, Nineteenth Century» დაარქივებული 2005-11-23 საიტზე Wayback Machine. , glbtq, Inc.
  8. 1 2 „The Portrait That Forged a "Divine Marriage" Between Two 19th-Century Women Painters“. Hyperallergic (ინგლისური). 2018-04-16. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-19. ციტირების თარიღი: 2018-04-19.
  9. J; Bogousslavsky, The Klumpke family--memories by Doctor Déjerine, born Augusta Klumpke(ინგლისური), 2005, ტ. 53, № 3, გვ. 113—120, doi:10.1159/000085554, PMID 15860915.
  10. David Rogers, «John Klumpke’s „Homestead“ on Pine Ridge» დაარქივებული 2021-11-01 საიტზე Wayback Machine. , The Double Cone Quarterly, Spring Equinox 2000, Volume III, Number 1
  11. 1 2 Lawrence J. Cantor & Company, «Anna Elizabeth Klumpke, (1856—1942)» დაარქივებული 2006-01-03 საიტზე Wayback Machine.
  12. Nichols. Women's Art at the World's Columbian Fair & Exposition, Chicago 1893. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-13. ციტირების თარიღი: 2018-08-13.
  13. Hughes, Dean Milton, Artists in California, 1786-1940, 1st, 1986.  გვ. 258, ISBN 0961611200.
  14. Women artists in Paris, 1850-1900, Yale University Press, ISBN 978-0300223934.